ნათაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რევაზ ნათაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ნათაძე

ნათაძე რევაზ − Natadze Revaz, Натадзе Реваз 1903-1984

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1929), დოქტორი (1939), პროფესორი (1942). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), სსრკ-ს პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდნტი. დ. უზნაძის ხელმძღვანელობით სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე და ფსიქოლოგიის კათედრის ასპირანტურაში. 1926 წლიდან ამ კათედრის თანამშრომელი გახდა და პარალელურად სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში მუშაობდა. კერძოდ, ხელმძღვანელობდა შრომის ორგანიზაციის საკვლევი ინსტიტუტის ფსიქოტექნიკურ ლაბორატორიას {ფსიქოტექნიკა საქართველოში}. ამავე წლებში მუშაობდა პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტუტუტში, სადაც ფსიქოლოგიის სექტორს განაგებდა. 1941-1962 წლებში რ. ნათაძე ხელმძღვანელობდა განვითარების ფსიქოლოგიის („გენეტიკური ფსიქოლოგიის”) განყოფილებას დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1950 წლიდან, დ. უზნაძის გარდაცვალების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა თსუ-ს ფსიქოლოგიის კათედრას, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იყო დიმიტრი უზნაძის სახ. საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი (1964-1974), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.


რ. ნათაძის მეცნიერულ შემოქმედებაში რამდენიმე მიმართულება იკვეთება. მეტად მნიშვნელოვანია მისი კვლევები აზროვნების ფსიქოლოგიაში. ცნების ფსიქოლოგიური ბუნებისა და ცნების დაუფლების განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ კვლევებში მან ისეთი მეთოდების სერია შექმნა და გამოიყენა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა ახალი და ამავე დროს რეალური ცნებების შემუშავებას. ექსპერიმენტის პროცესში იქმნებოდა ახალი სისტემა, რომელიც ერთვებოდა ცდისპირებისთვის ნაცნობ, ყოველდღიურ სისტემაში, სადაც ცნებები ჩვეულებრივ შემეცნებით ფუნქციას ასრულებენ. რ. ნათაძის მეთოდების ამ თავისებურებებმა შესაძლებელი გახადა ექსპერიმენტულად გამოვლენილი და შესწავლილი ყოფილიყო ცნების ფსიქოლოგიის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ფსიქოლოგიისთვის მანამდე მიუწვდომელი იყო და შეუსწავლელი რჩებოდა (ცნებებისადმი ფორმალური ლოგიკის პოზიციიდან მიდგომის გამო).

რ. ნათაძის გამოკვლევები აზროვნების შესახებ ძირითადად გენეზისურ-ფსიქოლოგიურია. როგორც სადოქტორო დისერტაციაში, ისე შემდგომ ნაშრომებში გადმოცემულია ექსპერიმენტულად გამოვლენილი ცნებითი აზროვნების საფეხურები 7-დან 17 წლამდე. ამას, თეორიულის გარდა, დიდი პედაგოგიური ღირებულებაც აქვს. ამ გამოკვლევებში გამოვლენილია კლასიფიკაციის, ნიშანთვისებათა აბსტრაქციის, ცნების არსებით ნიშანთვისებათა დაუფლების, ცნებათა განზოგადების, ერთი სისტემის ცნებებს შორის ლოგიკურ მიმართებათა დაუფლების გენეზისის, ცნების დაუფლების უნარის განვითარების საფეხურები.

რ. ნათაძის მიერ განწყობის ფსიქოლოგიის პრობლემატიკისადმი მიძღვნილ გამოკვლევათა შორის მნიშვნელოვანია აღქმის კონსტანტობის და კატეგორიზაციის ექსპერიმენტული შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონზომიერება. სპეციალურად კონსტრუირებული აპარატით ჩატარებული ცდების საფუძველზე მან დაასაბუთა, რომ კონსტანტობის ყოველგვარ ფსიქოლოგიურ მექანიზმს აქტუალური განწყობა წარმართავს. როდესაც განწყობის ფიქსაცია ხდება დიფუზურ, ბრტყელ სიტუაციაში, ობიექტების სიდიდე დიფუზურად აღიქმება მანამ, სანამ არ მოხდება სიტუაციური ფიქსირებული განწყობის ჩაქრობა და ის არ დაუთმობს ადგილს დიფერენცირებული სიტუაციის შესატყვის ახალ განწყობას. ემპირიულად იქნა ნაჩვენები აღქმის კატეგორიზაციის განწყობისეული ბუნებაც {კატეგორიზაცია}.

რ. ნათაძის მეცნიერულ შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები წარმოსახვის საფუძველზე განწყობის აღმოცენების თავისებურებათა შესახებ, რომელმაც განწყობის აღმოცენების ახალი ასპექტები და კანონზომიერებანი გამოავლინა {განწყობის ფიქსაცია წარმოსახვით}. მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ფიქსირებული განწყობის შემუშავება წარმოსახვის საფუძველზე, რამაც შესაძლებელი გახადა სრულიად ახლებური გააზრება სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური მექანიზმისა. ეს მუდმივი დავის საგანი იყო როგორც ფსიქოლოგებს, ისე თეატრმცოდნეთა შორის და ხან ნამდვილ განცდას, ხანაც ინტელექტს მიეწერებოდა. რ. ნათაძემ თავისი ცდებით მიღებული მონაცემებისა და შესაბამისი ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ სასცენო გარდასახვა წარიმართება „არა რეალური, სცენური, არამედ პიესით ნაგულისხმევი სიტუაციის წარმოსახვის საფუძველზე აღმოცენებული და რეპეტიციების პროცესში ფიქსირებული განწყობით”. რ. ნათაძე იყო პირველი ფსიქოლოგი, რომელმაც მსახიობის შემოქმედების სპეციფიკის შესწავლა ექსპერიმენტებზე დააფუძნა.

საყურადღებოა აგრეთვე რ. ნათაძისეული გამოკვლევები რაოდენობრივი ასიმილაციური ილუზიისა, ინტერმოდალურობისა და სხვა.

რ. ნათაძის ნაშრომები გამოქვეყნებეულია აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, რუსეთში, უნგრეთში და მოხსენებულია მრავალ საერთაშორისო კონგრესსა და კონფერენციაზე.

სამეცნიერო მუშაობასთან ერთად აღსანიშნავია რ. ნათაძის პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი იყო გამორჩეული ლექტორი, რომლის ლექციები იზიდავდა მსმენელს, როგორც შინაარსითა და მწყობრი ლოგიკით, ისე მჭევრმეტყველების უზადო ხელოვნებით. რ. ნათაძემ ფსიქოლოგიის რამდენიმე სახელმძღვანელო დატოვა, რომლებიც პედაგოგიურ-მეთოდიკური თვალსაზრისით დღესაც სახელმძღვანელოს მისაბაძ ნიმუშადაა მიჩნეული. ფართო და ღრმა განათლების წყალობით რ. ნათაძემ აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული ბროშურა დაწერა, მაგ., მეხსიერების, სწავლების ფსიქოლოგიის შესახებ.

მთავარი ნაშრომები

  • ზოგადი ფსიქოლოგია (სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის). თბილისი:„გამომცემლობა თსუ”, 1956;
  • Das Erfassen Wesentlichen Merkmale des Begriffs im Schulalter // Zeitschrift fuer Psychologie, 1961, B.165; On the Psychology Nature of Stage Impresonation // British Journal of Psychology, 1962, 3,4;
  • Experimental Foundations of D. Uznaze’s Theory / Psychological sciences in the USSR, Washington, 1962, 2;
  • Some Manifestations of Categorisation Processes in Perception / Psychological sciences in the USSR, Washington, 1971,4;
  • Воображение как фактор поведения. Тбилиси: „Мецниереба”, 1972;
  • წარმოსახვის განმაწყობელი მოქმედება. თბილისი: „მეცნიერება”, 1972;
  • К онотогенезу формирования понятий. Тбилиси: „Мецниереба”, 1976.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

იხილე აგრეთვე

რევაზ ნათაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები