რელიგიის ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რელიგიის ფსიქოლოგია საქართველოში - Psychology of Religion in Georgia - Психология Религии в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში რელიგიის ფსიქოლოგია. ეს დარგი განვითარებული არ არის. დიმიტრი უზნაძე რელიგიის საკითხებს მხოლოდ ადრინდელ ფილოსოფიურ-პედაგოგიკურ და ისტორიულ ნაშრომებში შეეხო და ძირითადად ცხოვრების საზრისის პრობლემის კონტექსტში განიხილა. სიკვდილის შიში, მისი გარდუვალობა და უძლეველობა „მთელ ჩვენს ცხოვრებას თან სდევს“; „სიკვდილის ძლევა და მის ნანგრევებზე უკვდავი არსებობის კოშკის აღმართვა“ − ამას გულისხმობს მიზნად ყველა რელიგია, მათ შორის ქრისტიანობაც. მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრების საზრისი არსებობის საიქიო გაგრძელებაში არ არის. ადამიანის ცხოვრების დანიშნულება კულტურის ქმნადობაა, წინაპართა მიერ დანატოვარი კულტურის შენარჩუნება და განვითარება. კულტურის შექმნით ვასაზრისიანებთ ჩვენს ცხოვრებას. უკვდავებას აქ, ამ ცხოვრებაში უნდა მოპოვება, ხოლო მიღმურ სამყაროში სიცოცხლეზე ფიქრი და ოცნება ფუჭია, ილუზიაა. ჩვენი არსებობის „მიზანი და დანიშნულება <...> სააქაო ცხოვრებაა და არა საიქიო არსებობა. ამიტომ ცხოვრების აზრის ჩვენი გეგმა მიწიერი არსებობის განმტკიცებაა, მისი მნიშვნელობის გააბსოლუტურებაა. აქ თითქოს რელიგია მიწაზე ეშვება, საიქიო ცხოვრება ზედმეტი ჩნდება და სააქაო თვით იღებს რელიგიურ სანქციას“ − წერდა ახალგაზრდა უზნაძე.

XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოში რელიგიური ცნობიერების (რელიგიურობის) არნახული მოზღვავება შეიმჩნევა. ეს, შესაძლოა, ბუნებრივი უკუქმედება იყოს კომუნისტური ეპოქის მებრძოლ ათეიზმზე, რომელშიც რელიგია განიხილებოდა მხოლოდ როგორც „ოპიუმი ხალხისთვის“ (მარქსი, ლენინი). არანაკლები მნიშვნელობის ფაქტორია პოსტტოტალიტარული საზოგადოების მისწრაფება დანგრეული კომუნისტური კერპების ნაცვლად სხვა მსოფლმხედველობრივ-ფასეულობითი საყრდენისაკენ, პირადი პასუხისმგებლობის ტვირთის შემსუბუქებისკენ. საჭიროა ვიქონიოთ მეცნიერული სურათი იმის შესახებ, თუ რა სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს თანამედროვე საქართველოს პირობებში. ეს მოითხოვს კვლევებს რელიგიის ფსიქოლოგიის მიმართულებით. ამჟამად შესაძლებელია მივუთითოთ მხოლოდ ორ სერიოზულ სისტემატურ გამოკვლევაზე ამ დარგში:

I. მარინა ჩიტაშვილის მონოგრაფია „რელიგიურობის ფსიქოლოგია: ემპირიული კვლევები“ (1998). მასში 1990-იანი წლების დიდძალი ემპირიული მასალის საფუძველზე მოცემულია მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ორიგინალური ტიპოლოგია და მათი ღირებულებათა სისტემებისა და ქცევითი პატერნების საინტერესო დახასიათება;

II. ხატია წიკლაურის სადისერტაციო ნაშრომი „მორწმუნეებისა და ათეისტების ღირებულებათა კვლევა საქართველოში”. 2000-2015 წლებში შესწავლილია ხუთი სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა და რვა სხვადასხვა ეროვნების ასეულობით ადამიანის ღირებულებითი სისტემები მთელი საქართველოს ფარგლებში, რაც კვლევას განსაკუთრებით ღირებულად ხდის. ჩატარებულია დაწვრილებითი რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი; დაზუსტებულია კატეგორია „მორწმუნე” − ადამიანი, რომელიც სათანადო მრევლის წევრია და მეტ-ნაკლებად მაინც ასრულებს რელიგიურ რიტუალებს (და არამარტო ის, რომ ადამიანი თვითონ მიიჩნევს თავისთავს მორწმუნედ). გამოვლინდა: მნიშვნელოვანი და მკვეთრი განსხვავებანი მორწმუნეებისა და ათეისტების ღირებულებით სისტემებში; მცირე განსხვავებანი სხვადასხვა აღმსარებლობის მორწმუნეების ღირებულებით სისტემებს შორის და აგრეთვე ქალებისა და მამაკაცების ღირებულებით სისტემებს შორის; ხოლო სხვადასხვა ეროვნების მორწმუნეთა ღირებულებით სისტემებს შორის განსხვავება სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა.

ამის გარდა, ზურაბ ვახანიას ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელო „კულტურის ისტორია − რელიგიები” (2006). მის დანართში მოცემულია რელიგიურობის ფსიქოლოგიის ავტორისეული ანალიზი დ. უზნაძის, კ.გ. იუნგისა და ა. მასლოუს თეორიების გამოყენებით; ამ ჩაკვლევის მთავარი ცნებაა მიღმასწრაფება {ტრანსცენდენტაცია}.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები