დეკარტე რენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რენე დეკარტე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რენე დეკარტე

დეკარტე რენე - Descart Rene, Декарт Рене, 1594-1650 (ფრანგ. Descartes René → ლათ. Cartesius Renatus = კარტეზიუს, აქედანაა სახელწოდება — „კარტეზიანული ფილოსოფია”)

ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ბუნებისმეტყველი. შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ეტაპიდან ემპირიული ფსიქოლოგიის ეტაპზე გადასვლის საქმეში. საფუძველი დაუდო ცნობიერების ინტროსპექციულ კონცეფციას. ჩამოაყალიბა შეხედულება სხეულისა და სულის მიმართების (ფსიქოფიზიოლოგიური პრობლემის) შესახებ, რომელიც ურთიერთზემოქმედების თეორიის სახელითაა ცნობილი.

დეკარტეს თანახმად, სხეული ნივთიერია, მატერიალური სუბსტაციის გამოვლინებაა, რომლის ატრიბუტია სივრცეში განფენილობა ანუ ვრცეულობა და რომელსაც მექანიკის კანონები მიეყენება. ხოლო სული არამატერიალური სუბსტანციის გამოვლინებაა, რომლის ატრიბუტი აზროვნებაა. დეკარტე იმდენად აფართოებს აზროვნების ცნების შინარსს, რომ, არსებითად, ცნობიერებასთან აიგივებს მას. აზროვნება არ არის მხოლოდ ამოცანის გადაწყვეტის ინტელექტუალური პროცესი. ის მოიცავს ყველა ფსიქიკურ მოვლენას, რომელიც უშუალოდ განიცდება, ანუ ცნობიერდება. აზროვნება სულის უმთავრესი ნიშანია (თვისებაა) და, არსებითად, სულის მიერ თავისი არსებობის დადასტურების, ასახვის, თვითცნობიერების ტოლფასია. ეს იმას ნიშნავს, რომ სული ყოველთვის აზროვნებს, ანუ შიგნიდან განიცდის თავის ფსიქიკურ შინაარსს, ხედავს და აცნობიერებს მას {რეფლექსია}. დეკარტეს მიაჩნია, რომ არაცნობიერი სული, არაცნობიერი ფსიქიკური მოვლენა არ არსებობს. სული მხოლოდ ცნობიერი შეიძლება იყოს.

დეკარტე ცნობიერების შინაარსების ორ კლასს გამოყოფს: ერთი შემეცნებას ემსახურება და „იდეების” (ცნებების {ცნება}) სახით არსებობს, მეორე კი მოქმედებას უდევს საფუძვლად და ნებელობით აღინიშნება. თავის მხრივ, იდეების სამი სახეობა გამოიყოფა: გარედან, გამოცდილებით შეძენილი იდეები; შექმნილი იდეები, რომლებიც მოცემული ელემენტების თავისუფალი კომბინირების, ფანტაზიის გზით მიიღება (მაგ., კენტავრი, ქიმერა და სხვა {წარმოსახვა}); დაბოლოს, ე.წ. თანდაყოლილი იდეები/ცნებები. ასეთი იდეები იმთავითვე იმყოფება სულში და ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გვევლინება. თანდაყოლილ იდეებს მიეკუთვნება იდეა ღმერთის, „მე” -ს, რიცხვის, უსასრულობის, მიზეზობრიობის და სხვათა შესახებ. ასეთი ზოგადი ცნებები პირდაპირ ეძლევა გონებას (ი. კანტისეული „აპრიორული კატეგორიები”) და არ საჭიროებს შეგრძნების ორგანოებით მიღებულ დამატებით ცნობებს, ინდუქციას ან ლოგიკურ დედუქციურ დამტკიცებას. თანდაყოლილი, პირველადი იდეის უტყუარობაში „გონების სინათლე” , ე.წ. „რაციონალური ინტუიცია” გვარწმუნებს.

სხეული, ცხოველისა იქნება ის თუ ადამიანისა, ემორჩილება ფიზიკის, კერძოდ მექანიკის კანონებს, ის ავტომატია: „სხეული - მანქანა” . დეკარტემ პირველმა აღწერა რეფლექსური რგოლი და ცხადყო სხეულის მოქმედების რეფლექსული მექანიზმი. მას ეფუძნება ადამიანის უნებლიე, მექანიკური მოძრაობა და და ყველა ცხოველის ყოველგვარი ქცევა. ყველა ამ მოქმედებას დეკარტე მანქანის, ავტომატის მუშაობას უთანაბრებდა (ეს ბუნებრივიცაა, რადგან დეკარტე არაცნობიერი სულის არსებობას უარყოფდა, ამიტომ ცხოველს სული ვერ ექნება).

დეკარტეს ეკუთვნის ცნობილი მოძღვრება გრძნობების შესა¬ხებ. მისი აზრით, გრძნობას (ვნებას) ორმაგი ბუნება აქვს. ის შეიცავს როგორც სხეულებრივ კომპონენტებს, ისე აზრს საგნის შესახებ. სხეულებრივი საწყისი გრძნობას უმართავ, უნებლიე (დეკარტეს ლოგიკით - უსულო) ხასიათს ანიჭებს, ხოლო აზროვნებასთან კავშირი მას მართვად და აღზრდად მოვლენად აქცევს. გრძნობების მნიშვნელოვნება დიდია, „ისინი ასწავლიან სულს, ისურვოს ის, რაც ბუნების მიხედვით სასარგებლოა” (ეს აზრი არისტოტელესგან მომდინარეობს). მეორე მხრივ, გრძნობები ხშირად გვატყუებს და სიკეთე არ მოაქვს - მრავალი საზიანო რამ გვახარებს და მრავალი სასარგებლო კი უსიამოვნოდ განიცდება. მაშასადამე, გრძნობები უნდა აღიზარდოს. ამაში დიდია გონებისა და განსაკუთრებით ნებისყოფის როლი.

არსებითად, დეკარტემ პირველად გააცნობიერა თვითცნობიერების გადამწყვეტი მნიშვნელოვანება სუბიექტისთვის და ცნობიერებისთვის. ეს მართებული აზრი სამუდამოდ დარჩა ფსიქოლოგიაში. ხოლო თვით დეკარტე უპირველესად მისი აფორიზმითაა ცნობილი: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” (ლათინურად: Cogito, ergo sum). დეკარტე რაციონალიზმის ერთერთი მამამთავარია. ამის გამო ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ დეკარტედან იწყება დასავლური აზროვნებისა და საზოგადოდ კულტურის ახალი ხანა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები