რიბო თეოდიულ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიბო თეოდიულ

რიბო თეოდიულ - Ribot Théodule; Рибо Теодюль, 1839-1916

ფრანგი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. საფრანგეთში დააფუძნა ემპირიული ფსიქოლოგია, როგორც საგანმანათლებლო, ისე ორგანიზაციული კუთხით. საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი (1885). კოლეჟ დე ფრანსში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული და შედარებითი ფსიქოლოგიის კათედრას (1888-1902), აქვე გახსნა საფრანგეთში პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია (1889). დააარსა და რედაქტორობდა პირველ ფრანგულ ჟურნალს ფსიქოლოგიაში „Revue philosophique de la France et de l’étranger” (1876); დააფუძნა ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საზოგადოება (1885). იყო პირველი საერთაშორისო ფსიქოლოგიური კონგრესის პრეზიდენტი (პარიზი, 1889).

რიბო გადაჭრით უარყოფდა ყოველგვარ გონებაჭვრეტით და მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიას და ცდილობდა, ფსიქოლოგია დაეახლოვებინა საბუნებისმეტყველო, კერძოდ, ბიოლოგიურ მეცნიერებებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამედიცინო, უფრო ზუსტად, ფსიქონევროპათოლოგიურ მონაცემებს. რიბოს მიაჩნდა, რომ ნორმალური ფსიქიკის კანონზომიერებათა გასარკვევად საუკეთესო გზა ფსიქოპათოლოგიური მონაცემების შესწავლაა. ფსიქოპათოლოგიურ მეთოდში გაერთანებულია როგორც წმინდა დაკვირვება, ისე ექსპერიმენტი, ვინაიდან ავადმყოფობა არის ბუნების მიერ საუკეთესოდ განხორციელებული ცდა. ამგვარი მეთოდოლოგიის რეალიზაციად იქცა მისი ნაშრომები, რომლებიც ყურადღების, წარმოსახვის, მეხსიერების, გრძნობების, ნებისყოფის, პიროვნების ნორმა-პათოლოგიას ეხება. ნორმაში პათოლოგიის გზით შესვლისა და ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ცოდნის დაახლოების ტრადიცია ფრანგული ფსიქოლოგიის ერთერთ დამახასიათებელ ნიშნად იქცა. ფრანგული ფსიქოლოგიის კიდევ ერთი ძირითადი თავისებურება ფსიქიკური სინამდვილის გენეზისური განხილვის წესია, ანუ ფსიქიკური ფუნქციის შესწავლა მისი ონტოგენეზის გამოკვლევით. რიბოს გავლენამ ამაშიც იჩინა თავი. კვლევის ასეთი სტილი განაგრძეს პ. ჟანემ, ჟ. დიუმამ, შ. ბლონდელმა, ა. პიერონმა, ა. ვალონმა და სხვებმა. ხოლო ჟ. პიაჟემ უმაღლეს დონეზე აიყვანა.

რიბოს ერთერთი საინტერესო მიგნება ონტოგენეზისა და ფსიქოპათოლოგიის გადაკვეთაზე - ესაა რიბოს კანონი - მეხსიერების უკუგანვითარების კანონი, ან სხვაგვარად, მეხსიერების დაკარგვის, რეგრესის კანონი. მასში განსაზღვრულია როგორც მეხსიერების ასაკობრივი დასუსტების, დაკარგვის და დროებითი წართმევის, დემენციის მექანიზმი, ისე მისი აღდგენის კანონზომიერებანი. ბუნებრივია, რომ ამ ორ პროცესს ურთიერთსაპირისპირო კანონზომიერება ახასიათებს: პირველ რიგში აღდგება ის, რაც ბოლოს დაიკარგა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები