რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშები (2016)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„მარაკანას“ სტადიონზე ჩატარებულ გახსნის ცერემონიაზე ბრაზილიელებმა საკუთარი ისტორია და კულტურა წარმოაჩინეს, ყურადღება გაამახვილეს ბუნების დაცვაზე და გლობალური დათბობის პრობლემებზე

რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშები - ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 2016 წელს (5-21 აგვისტო), რიო დე ჟანეიროში.

  • მონაწილე ქვეყანა 207
  • სპორტსმენი 11,303 / 4,898 ქალი / 6,405 კაცი
  • სპორტის სახეობა 28
  • მედლების კომპლექტი 306

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: მაიკლ ფელპსი (ცურვა, აშშ) 5,1,0
ქალებში: კეტი ლედეკი (ცურვა, აშშ) 4,1,

31e tamashebis emblema.PNG

ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა სამხრეთ ამერიკაში. 2009 წელს, როდესაც კოპენჰაგენში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 121-ე სესიაზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მისცეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრაზილია ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდებოდა და XXXI ოლიმპიურ თამაშებს მოუმზადებული შეხვდებოდა. სხვა პრობლემებთან ერთად, თავი იჩინა ზიკას ვირუსმაც. მდგომარეობას ართულებდა ოლიმპიადის დედაქალაქში არსებული კრიმინოგენური ვითარება, ასევე, თამაშების პირველივე დღიდან შექმნილი საორგანიზაციო ქაოსი. რიოს თამაშები ისტორიაში დოპინგსკანდალებითაც შევიდა, რომელმაც რუსეთის დელეგაციის თითქმის ნახევარი ოლიმპიადის მიღმა დატოვა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდის სახელით პირველად წარდგა კოსოვოს გუნდი. რიოში დევნილ ოლიმპიელთა გუნდის სახელით ჩავიდნენ სამხრეთ სუდანელი, სირიელი, ეთიოპიელი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები. დამოუკიდებელ ათლეტთა გუნდის სახელით გამოვიდა კუვეიტი, ხოლო სტენდზე მსროლელი ფეჰაიდ ალ-დიჰანი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელ ათლეტთა გუნდში ჩემპიონობა მოიპოვა.

92-წლიანი პაუზის შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებს დაუბრუნდა რაგბი, ოღონდ - 7-კაცა და 7-ქალა რაგბი, რომელშიც, შესაბამისად, ფიჯელებმა და ავსტრალიელებმა გაიმარჯვეს. რაგბისგან განსხვავებით, ოლიმპიურ თამაშებთან უფრო ხანგრძლივი განშორება ჰქონდათ გოლფის ოსტატებს. ვაჟებისთვის 1904 წელს სენტ ლუისში, ქალებისთვის კი 1900 წელს პარიზში აღებული პაუზა რიოში დასრულდა. ვაჟებში ჩემპიონი გახდა ბრიტანელი ჯასტინ როუზი, ქალებში - კორეელი ინბი პარკი.

საქართველოს სპორტული დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ სოფელში

რიოს თამაშები მსოფლიოს რეკორდებითაც მრავალფეროვანი გამოდგა. სპორტის შვიდ სახეობაში - მშვილდოსნობაში, მძლეოსნობაში, თანამედროვე ხუთჭიდში, ველოსპორტში, ტყვიის სროლაში, ცურვაში და ძალოსნობაში მსოფლიოს 27 და სამჯერ მეტი ოლიმპიური რეკორდი დამყარდა. რეკორდსმენთა შორის იყო ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც მძიმეწონოსანთა შეჯიბრებაში ატაცისა და აკვრის ჯამში ჩემპიონობა მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდებით (473 კგ) დაიმსახურა.

შეუდარებელნი იყვნენ სამხრეთკორეელი მშვილდოსნები - სწორედ მათ მოიგეს რიოში გათამაშებული ოთხივე ოქროს მედალი ქალთა და ვაჟთა პირად და გუნდურ ტურნირში.

100 მეტრზე ქალთა თავისუფალი სტილით ცურვაში ერთბაშად 2 ჩემპიონი გამოვლინდა, ვაჟთა ამავე დისტანციაზე ბატერფლაით ვერცხლის მედალს 3 სპორტსმენი დაეუფლა. ასევე, თანაზიარი შედეგი აღმოაჩნდა 100 მეტრზე ქალთა გულაღმა ცურვაში და 200 მეტრზე კანოეში 2 მესამეადგილოსანს. აღსანიშნავია, 19 წლის ამერიკელი მოცურავის კეტი ლედეკის მიღწევაც. ლედეკი გახდა პირველი ქალი მოცურავე, რომელმაც 200, 400 და 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ჩემპიონობით თანამემამულე დები მეიერის მეხიკოს თამაშების (1968) შედეგი გაიმეორა, ხოლო ამერიკელმა ენტონი ერვინმა 16 წლის შემდეგ მეორედ იზეიმა ჩემპიონობა. ერვინმა პირველი ოლიმპიური ოქრო სიდნეიში 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მოიპოვა, მეორე - რიოში და გახდა ყველაზე ასაკოვანი (35) ინდივიდუალური ოქროს მედალოსანი ცურვაში.

მედლების რეკორდულ რაოდენობას მოუყარა თავი ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა, რომელმაც რიოში მოპოვებული 5 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით საკუთარი მონაგარი 28 ოლიმპიურ მედლამდე გაზარდა და 23-გზის ოლიმპიურ ჩემპიონად იწოდება. უნიკალური იყო იამაიკელი სპრინტერის უსეინ ბოლტის მიღწევაც, რომელმაც ზედიზედ მესამე თამაშებზე 100, 200 და 4X100 რბენაში ოქროები არავის დაუთმო და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თუმცა, მოგვიანებით თანაგუნდელის დოპინგზე ჩავარდნის გამო 4X100 მ მოპოვებული პეკინური ოქროს დათმობა მოუწია.

რიოს ვარსკვლავთა შორის არის ამერიკელი სიმონა ბაილსი, ვინც სპორტულ ტანვარჯიშში 6 შესაძლებლობიდან ხუთში მედალი დაისაკუთრა. მათ შორის, 4 უმაღლესი სინჯის და 1 ბრინჯაოს მედალი. ასევე, განსაკუთრებული შედეგია იაპონელი მოჭიდავე ქალის კაორი იჩოს მიღწევა, რომელმაც ისტორიაში პირველმა ზედიზედ მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე (2004, 2008, 2012 და 2016) შეძლო ჩემპიონობა. მსგავსი შედეგით ვერც ვაჟი ფალავნები დაიკვეხნიან.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები