რიტუალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რიტუალი – არაუტილიტარული ხასიათის პერიოდულად განმეორებადი სიმბოლური მოქმედება ან მოქმედებათა თანმიმდევრობაა, რომლის პროცესში ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი განსაკუთრებული ტიპის ობიექტთან, ეგზისტენციალთან, კომუნიკაციის არხს ქმნის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის იმ მდგომარეობის განცდა, რომელიც დაკავშირებულია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ და ეგზისტენციალურ გამოცდილებასთან.

რიტუალის გარეშე არც მაგიური მოქმედება სრულდება და არც – რელიგიური კულტი. მისი მიზანია აწმყოში დააფიქსიროს, თუ შეიძლება ითქვას, სულიერად აღადგინოს მითიური ვითარება, რომელიც ხალხისა თუ ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპთან არის დაკავშირებული, და ამით თვალნათელი გახადოს მათი ერთიანობა. მაგალითად, კავკასიის ხალხებში გავრცელებული პირველი ხნულის გავლების წეს-ჩვეულება, ანუ რიტუალური ხვნა, გარკვეულწილად მხოლოდ იმისთვის სრულდება, რომ მას სწორედ ასე აკეთებდნენ მათი მამა-პაპანი: ამით ხაზგასმულია როგორც წინაპართა და შთამომავალთა შორის კავშირი და მათ მიმართ ერთგულება, ისე რიტუალის მონაწილეთა ერთიანობა. ისინი ამ საგაზაფხულო სამუშაოს განხორციელებას რიტუალის გარეშეც მოახერხებდნენ, მაგრამ ეს იქნებოდა არა გლობალური სიმბოლიზმის დატვირთული აქტი, არამედ – უბრალო ხვნა.

თავისი სიმბოლური ხასიათის ძალით რიტუალი შიდაეთნიკური რეგულაციის მექანიზმის როლს თამაშობს: ინარჩუნებს ეთნიკური სტატუსების გარკვეულ იერარქიას; ეხმარება ეთნო სის წევრებს ნორმებისა და ფასეულობების ათვისებაში; ანიჭებს მათ საკრალურად განპირობებულ ერთობასა და სოლიდარობას; ეხმარება სტრესების მოხსნაში; აძლევს ღვთიური მხარდაჭერის განცდას კრიზისულ მომენტებში. გარდა აღნიშნულისა, რიტუალი ამკვიდრებს ზღვრული ნიშნით აღბეჭდილი გადასასვლელების (სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ასაკობრივ და სტატუსურ ჯგუფებს შორის) საკრალურ აზრს. გადასვლის რიტუალი (კულტურულ ანთროპოლოგიაში – rites de passage) ნებისმიერი რიტუალური აქტის უნივერსალურ შინაგან სტრუქტურას განსაზღვრავს, რამდენადაც იგი სხვადასხვა სფეროებს, პერიოდებსა და ყოფით მდგომარეობებს შორის საკრალური ბარიერის გადალახვის აღმნიშვნელია. რიტუალი ემსახურება ტრადიციის განმტკიცებას, რამდენადაც მისით აისახება, აღდგება ყველაზე არქაული (არქეტიპული) საკულტო სტრუქტურები (ანალოგიურ როლს თამაშობს წინაპართა კულტთან დაკავშირებული დაკრძალვის რიტუალიც).

ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ცოდნის შენახვისა და გადაცემის დაუწერელი, სახეობრივი, ემოციურად დატვირთული საშუალებები დომინირებს, რიტუალი ქმნის და განუწყვეტლივ აახლებს სიმბოლური უნივერსუმის მთლიანობას. ამ ტიპის კულტურების სიმბოლურ უნივერსუმებში ჩართულია არამარტო ინფორმაციის მატარებელი ჩვეულებრივი, ვერბალური საშუალებები (ენა, ხალხური ზეპირსიტყვიერება, ფოლკლორი), არამედ ფიზიკური სამყაროს მოვლენები – საცხოვრებელი და მისი შიდამოწყობილობა, საკვები და პირუტყვი, ბუნება და სტიქიები და სხვ. სიმბოლური უნივერსუმის ნაირი სფეროების გამსჭვალავი კავშირები ქმნის ქვეყნიერების შეცნობისა და აღწერის ტოტალური მეტაფორულობას.

განსხვავებული მასშტაბისა და ხანგრძლივობის რიტუალებისა და რიტუალური ქმედებების ანალიზი საშუალებას იძლევა, დავასკვნათ, რომ ხალხურ კულტურაში რიტუალის პრაგმატიკა მიემართება ერთდროულად ორ სამყაროს – იმქვეყნიურსა და სოციალურს, მიწიერს. რიტუალებში წარმოდგენილი სიუჟეტები ასახავენ შესაქმის, დაბადების აქტებს, მათი წინაღობების დაძლევას, აღორძინებასა და განახლებას. სოციალურ პლანში რიტუალები ადგენენ ადამიანური არსებობისათვის აუცილებელ სხვადასხვა წესებსა და ნორმებს, პირველ რიგში, ნათესაობისა და საქორწინო ურთიერთობების სისტემებს, მისაღები ქცევების სქესობრივ და ასაკობრივ საზღვრებს, ახდენენ შრომითი ცხოვრების რეგლამენტაციას.

სხვადასხვა კონფესიის საკულტო პრაქტიკებში რიტუალის კოლექტიური და ინდივიდუალიზებული, ექსტატიური და აუტისტური კომპონენტების თანაფარდობა არსობრივად განსხვავებულია: თანამედროვე პროტესტანტიზმის რიგ ქვაზინაციონალურ ფორმებში რიტუალი ფაქტიურად ჯგუფური და ინდივიდუალური ლოცვებით შემოიფარგლება, მაშინ, როდესაც კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობაში კოლექტიურ რიტუალთა განვითარებული სისტემა ეკლესიის, როგორც მორწმუნეთა ინსტიტუტისა და ერთობის, ძირითადი საქმიანობაა.

საჯარო და კერძო ცხოვრების სეკულარიზაციის პროცესში ჩამოყალიბებული საერო რიტუალები მნიშვნელოვანწილად ასახავენ შესაბამისი საკულტო აქტების გარეგნულ, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სტრუქტურას, რომელსაც საკრალური შინა-არსი გამოცლილი აქვს. როგორც ოფიციალურ სახელმწიფო ცერემონიებში (ინაუგურაცია, აღლუმები, შეხვედრები), ისე რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის (მაგ., სამოქალაქო მდგომარეობასთან, სტატუსთან დაკავშირებულ) სადღესასწაულო გაფორმებაში საერო რიტუალებით სოციალურ ერთობაში ინდივიდის გაწევრიანება და ინდივიდუალურიდან კოლექტიურ ფასეულობაში გადასვლის მნიშვნელობა აღინიშნება.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ ნაშრომში „რტუალი“ და „წეს-ჩვეულება“ სინონიმურ ტერმინებად არის გამოყენებული. ვფიქრობ, რიტუალი და წეს-ჩვეულება იდენტური ცნებები არაა, თუმცა ქართულ ენაში კონვენციონალურად გვევლინებიან, როგორც სინონიმები. (შდრ. რუსული обряд სიტყვის მიმართება ტერმინ რიტუალთან). ქართულ ტერმინში ორი სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვის („წესი“ და „ჩვეულება“) გაერთიანებით, თითქოს, „რიტუალი“-ს ტოლმნიშვნელოვანი ცნება მიიღება, მაგრამ არსობრივად საქმე ეხება სხვადასხვა ხარისხის ორ ფენომენს. წესი, თუ მას რუსული обряд სიტყვის შესატყვისად გავიგებთ, არის დესაკრალიზებული რიტუალი, რომელიც თან ახლავს ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს (დაკავშირებულს დაბადებასთან, ქორწინებასთან, სიკვდილთან, ინიციაციასთან, საოჯახო და კალენდარულ ღონისძიებებთან) და რომლის მეშვეობით ეთნიკური ჯგუფის წევრთა სასიცოცხლო მდგომარეობის სოციალური მნიშვნელობა მკვიდრდება. რიტუალის რელიგიური არსი, რომელიც წესს საფუძვლად უდევს, გამქრალია, იგი არსებობას განაგრძობს ტრადიციის ძალით და პრინციპით – „ასე იყო დასაბამიდან“. მაგალითად, ყველამ როდი იცის, რომ კავკასიელებში (ვაინახებში, ოსებში), მათ შორის ქართველებში (სვანებში, მეგრელებში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში), აგრეთვე ევროპის ხალხებში გავრცელებულ, საახალწლო მორთან, როგორც ძველი წლის სიმბოლოსთან, დაკავშირებულ წესებში რეკონსტრუირდება უძველესი მითოლოგემა – ჭექა-ქუხილის ღვთაების მიერ მსოფლიო ხის ქვეშ მობინადრე გველის მოკვლა. ეს აქტი, არქაული ადამიანის მსოფლმხედველობით, ქაოსის დაძლევასა და კოსმიური წესრიგის დამკვიდრების ტოლფასი იყო. საახალწლო მორთან დაკავშირებულმა წესმა, გადაინაცვლა რა კულტიდან ყოფაში, დაკარგა უწინდელი მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა, მაგრამ იგი, ზოგან, დღესაც აგრძელებს არსებობას.

წესისა და რიტუალისგან განსხვავებით, ჩვეულებას არამარტო მაგიურ-რელიგიური, არამედ პრაქტიკული ფესვები აქვს. ჩვეულება, რომელიც დესაკრალიზებული რიტუალის ანუ წესის მკრთალ ემანაციას, თუ შეიძლება ითქვას, მის ნამსხვრევს წარმოადგენს, გარკვეულ საზოგადოებასა თუ სოციალურ ჯგუფში გამომუშავებული ქცევისა და მოქმედების სტერეოტიპიზებული ნორმაა, რომლის დაცვა ამ საზოგადოების (სოციალური ჯგუფის) თითოეული წევრისთვის აუცილებელია (დამრღვევის მიმართ ხორციელდება არაფორმალური სანქციები – გაკიცხვა, შერცხვენა, დაწყევლა, იზოლაცია და სხვ.). ამდენად, ჩვეულება ქცევის რეგულატორია, ცნობიერებიდან ჩვევაში გადასული, ანუ ესაა რელიგიურ და მორალურ ნორმათა ერთობლიობა, რომლებმაც თავიანთი ცნობიერი ხასიათი დაკარგეს. ჩვეულების სტაბილურობა, ცვლილებებისადმი მისი წინააღმდეგობა იმითაა განპირობებული, რომ იგი მუდამ საზოგადოებაში ფორმირდება და, წარმოადგენს რა ამ საზოგადოების ფასეულობას, კოლექტიური მოთხოვნების ძალდატანებით განისაზღვრება.


ლიტერატურა

  • Автономова Н. С. Миф: хаос и логос // Заблуждающийся разум?: Многообразие вненаучного знания. М., 1990;
  • Байбурин А. К. Ритуал в традиционной культуре. Структурно-семантический анализ восточнославянских обрядов. СПб., 1993;
  • Бергер П.Социальное конструирование реальности / П. Бергер, Т. Лукман. М., 1995;
  • Бобрихин А. А. Социальная прагматика ритуала в народной культуре // Вестник Челябинского государственного университета. 2009. № 10 (148);
  • Ван Геннеп А. Обряды перехода. М., 1999;
  • Давидов И. П. Сравнительно-функциональный анализ мифа и ритуала как составляющих частей мифоритуального религиозного комплекса // Вестник Провославного Свято-Тихоновского гуманитарного университета. Серия 1. Вып. № 45 (1), 2013;
  • misive, Материалы Международной научно-практической конференции «Человек и религия» (Минск, 14-16 марта 2013 г.). Минск, 2013; misive, Эпистема мифоритуала. М., 2013;
  • ЕвзлинМ. Космогония и ритуал. М., 1993;
  • Жирар Р. Насилие и священное. М., 2000;
  • Иванов В. В.,Топоров В. Н. Исследования в области славянских древностей. М., 1974;
  • Ионин, Л. Г. Социология культуры. 4-е изд. М., 2004;
  • Леви-Брюль Л. Первобытное мышление. М., 1930;
  • misive, Сверхестветственное в первобытном мышлении. М., 1937;
  • Леви-Строс. Структурная антропология. М., 1985;
  • misive, Первобытное мышление. М., 1994;
  • Лосев А. Ф. Диалектика мифа. М., 1930;
  • Малиновский Бр. Магия, наука и религия. М., 1998;
  • Мелетинский Е. М. Происхождение героического эпоса. М., 1963;
  • misive, Поэтика мифа. М., 1976;
  • misive, Общее понятие мифа и мифологии // Мифологический словарь. Гл. Редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
  • Рэдклифф-Браун А. Р. Структура и функция в примитивном обществе. М., 2001;
  • Стеблин-Каменский М. И. Миф. Л., 1976;
  • Тернер В. Символ и ритуал. М., 1983;
  • Токарев С. А., Мелетинский Е. М. Мифология // Мифы народов мира.Т. I. М., 1980;
  • Топоров В. Н. О ритуале. Введение в проблематику // Архаический ритуал в фольклорных и раннелитературных памятниках. М., 1988; Уорнер У. Живые и мертвые. М.-СПб., 2000;
  • Фрейденберг О. М. Миф и литература древности. М., 1978;
  • Хендерсон Дж. Л. Древние мифы и современный человек // Человек и его символы. СПб., 1996;
  • Элиаде М. Космос и история. М., 1987;
  • misive, Аспекты мифа. М., 1995;
  • Durkheim E. Les forms elementaires de la vie religieuse. Paris, 1960.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები