როგავა ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ როგავა

როგავა ნოდარ − Rogava Nodar, Рогава Нодар 1928-2003

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), დოქტორი (1992). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა შ. ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით (1961). ამავე წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიკური ფსიქოლოგიის განყოფილებაში, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე.

ნ. როგავა სისტემატურად იკვლევდა ქცევისა და მოტივაციის ონტოგენეზის საკითხებს. მან დაახასიათა სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ნებისყოფის განვითარების თავისებურებანი და გაარკვია ასაკობრივ პერიოდებს შორის არსებული განსხვავებები. სახელდობრ, აჩვენა, რომ უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვი უფრო მეტად იმპულსურ ქცევას ავლენს და დაადასტურა მანამდე აღმოჩენილი ფაქტი დაწყებითი სკოლის ბავშვების ნებისყოფის დესელერაციისა {ნ. ბარამიძე}. ამ ასაკის ბავშვები, განსხვავებული მიმართულების ტენდენციათა დაპირისპირების ანუ ამბიდენტობის სიტუაციაში, ალტერნატივებიდან არჩევანს ახდენენ მათთვის უფრო ძლიერი მოტივის, უფრო დიდი სუბიექტური ღირებულების მქონე ალტერნატივის სასარგებლოდ და არ ითვალისწინებენ მისი დაუფლებისთვის საჭირო პირობებს (არსებითად, ძალიან სუსტად ხდება სუბიექტივაცია {ი. იმედაძე}). საგნის დაუფლების დიდი სურვილი ხელს უშლის შინაგანი გონებრივი გეგმის შემუშავებას; ბავშვის მიერ არჩევანი კეთდება საგანთა ღირებულების სიდიდის მიხდევით და არა თავისი საკუთარი ფსიქოფიზიკური შემძლებლობისა და სხვა საშუალებათა გათვალისწინებით. ეს ვითარება ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით უფრო წონასწორდება და უფრო ადეკვატური ხდება (თუმცა ძალიან ძლიერი მოთხოვნილება მრავალ ზრდასრულსაც „შეიპყრობს“ და „ააცუნდრუკებს“, ანუ წინდახედულობასა და საზოგადოდ გონებას უჩრდილავს {აფექტი}).

ნ. როგავას კვლევის ცალკე ხაზი იყო ზნეობრივ ღირებულებათა გაცნობიერების ექსპერიმენტული შესწავლა სკოლამდელ და სასკოლო ასაკში. ნ. როგავამ ბავშვის ზნეობრივ ღირებულებათა განვითარების კანონზომიერებები გამოკვეთა. ძირითადი ზოგადი კანონზომიერება ისაა, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტია განსვლა ზნეობრივ მსჯელობასა (ცნობიერებასა) და ქცევას შორის {შდრ.: ლაპიერის პარადოქსი; მიშელის ექსპერიმენტი; დედიკოს გახარების დავალება}. ეს ვითარება ვლინდება ყველა კერძო ზნეობრივი ღირებულების მიმართ, რომელთა განვითარების ასაკობრივი დინამიკაც საგანგებოდ და მრავალმხრივ იქნა შესწავლილი, მათ შორის პროქციული ტექნიკის გამოყენებით. ესენია პიროვნების ზნეობრიობის ისეთი მნიშვნელოვანი შემადგენლები, როგორიცაა სამართლიანობა, გულუხვობა, თანაგრძნობა და დახმარების გაწევის, აქტიური აფილიაციის მოთხოვნილება (ყოველი მათგანის საფუძველია დეცენტრაცია და სოციალიზაცია). მათ ონტოგენეზში სპეციფიკური კანონზომიერებანი გამოვლინდა, მაგ., რომ გულუხვობის თვისების განვითარება უფრო სწარფ ტემპში მიმდინარებს, ვიდრე სამართლიანობისა.

ნ. როგავა დიდ ყურადღებას უთმობდა არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი, დევიაციური ქცევის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლას. კვლევის საგანი გახდა რამდენიმე საკითხი, მათ შორის ძირითადი იყო ორი − კოლონიაში მყოფ არასრულწლოვან დამნაშავეებთან: 1. ავტორიტეტისა და ხელმძღვანელობის სტილის ეფექტიანობა; 2. დასჯისა და წახალისების ეფექტიანობა. აღსანიშნავია, რომ ავტორი შეეცადა კონკრეტული ემპირიული შედეგების (ფაქტების) ფსიქოლოგიური ბუნების გახსნას განწყობის თეორიის საფუძველზე. ამ კვლევა-ძიებას, რომელსაც ნ. როგავა და მისი ჯგუფი აწარმოებდა, აკადემიურთან ერთად, მკაფიო გამოყენებითი დანიშნულებაც ჰქონდა. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ფსიქოლოგიის შეტანისა.


მთავარი ნაშრომები:

  • სასჯელისა და წახალისების პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა // სკოლა და ცხოვრება, 1964, 6;
  • უმცროს სასკოლო ასაკის ბავშვის ნებისყოფის ძირითადი თავისებურებანი. თბილისი: „მეცნიერება”, 1968;
  • ზნეობრივი ქცევა და ფსიქოლოგიური კანონზომიერებები სასკოლო ასაკში (1-X კლ.). თბილისი: „მეცნიერება”, 1980;
  • არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკითხები (ფ. გობეჩიასთან ერთად). თბილისი: „მეცნიერება, 1983;
  • არასრულწლოვან დამნაშავეთა ნებისყოფა და მისი აღზრდის გზები და საშუალებები. თბილისი: „განათლება”, 1988;
  • თანაგრძნობისა და დახმარების მოთხოვნილებათა დინამიკა საშუალო სკოლის ასაკში / თანამედროვე ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემები. თბილისი, 2001.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები