როკოკოს ეკლესიის დეკორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვირცენჰაილიგენის ეკლესიის გეგმა. ქალაქ ბამბერგთან ახლოს, ბავარია, გერმანია, 1743-1772

როკოკოს ეკლესიის დეკორიროკოკოს დასაწყისი იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ეკლესია ჩრდილოეთ ევროპაში თანდათან კარგავს ხელოვნების მთავარი მფარველის როლს. ტაძრების მშენებლობა და გაფორმება, მართალია, ისევ გრძელდება, მაგრამ ეკლესიისა და საგვარეულო არისტოკრატიის პატრონაჟი ხელოვნებაზე უკვე მნიშვნელოვნადაა შესუსტებული. მიუხედავად ამისა, როკოკოს სტილს სულიერებისა და რელიგიური გამოცდილების გამოსავლენად საკმაოდ მძლავრი რესურსი აღმოაჩნდა. ამ სტილით აგებული რამდენიმე ეკლესია ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ფორმა - გარეგნული ნიშნები, სხვადასხვაგვარ საზოგადოებრივ აზრსა და მის მნიშვნელობებს მოერგოს. თოთხმეტი მეოხი წმინდანის სახელზე აგებული ე.წ. ვირცენჰაილიგენის ბაზილიკა როკოკოს არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ნაგებობაა. ეკლესიის დიზაინი იოჰან ბალთაზარ ნეიმანს (Johann Balthasar Neumann, 1687-1753) ეკუთვნის.

1743-1772 წლებში ბავარიაში აგებული ამ ტაძრის გეგმა, რომელიც კამარით გადახურული კვერცხისებური ფორმის მქონე ცენტრის ირგვლივ სხვადასხვა ზომის ურთიერთგამჭოლი ოვალური სივრცული მონაკვეთების წრიულად განლაგების საფუძველზე იგება, ფრანჩესკო ბორომინის მიერ რომში აგებული სან კარლო ალე კუატრო ფონტანეს (San Carlo alle Quattro Fontane - წმ. კარლოსის ტაძარი ოთხ შადრევანთან) ბაროკული ტაძრის გეგმარებას გვაგონებს, მაგრამ მხატვრულ ეფექტს აქ ჰაეროვნებისა და სიმსუბუქის შთაბეჭდილება განსაზღვრავს.

ვირცენჰაილიგენის ეკლესიის ინტერიერი. ქალაქ ბამბერგთან ახლოს, ბავარია, გერმანია, 1743-1772

როკოკოსთვის ჩვეული უხვად დეკორირებული ტალღოვანი არქიტექტურული ფორმები, რომლებშიც კედლის ბრტყელი ზედაპირი პრაქტიკულად გამქრალია, ერთგვარ ზღაპრულ-წარმოსახვით სამყაროს ქმნის. მნახველი გარშემორტყმულია პილასტრების კონებითა და სვეტებით, რომლებიც ნავების გამყოფ ორიარუსიან თაღებს აერთიანებს; ქოროების გაყოლებაზე გაჭრილი დიდი ფანჯრებიდან უხვად შემოსული შუქი კი თეთრსა და ოქროსფერ ინტერიერს ეფინება. უცნაური ფორმის კაპიტელების შემამკობელი ფოთლოვანი მოტივები გამუდმებით მეორდება არაბესკებში, გირლიანდებსა და წნულებში, კამარებზე აკრული ირეგულარული ფორმის პანელების ორნამენტულ მოჩარჩოებაში. სულიერი ამაღლებულობის ამაღელვებელი განცდა აქ არქიტექტურისა და დეკორის სრული ერთიანობით მიიღწევა.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები