რომენი ჟიულ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟიულ რომენი

რომენი ჟიულ - (ფრ. Jules Romains. 1885 - 1972). ფრანგი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი.

ჟიულ რომენი დაიბადა 1885 წელს. მან შესამჩნევი კვალი დატოვა 20-იანი წლების ფრანგულ თეატრში როგორც ცნობილმა პოეტმა, რომანისტმა და პუბლიცისტმა. განსაკუთრებული გავლენა იქონია მისმა ადრეულმა პოეტურმა კრებულმა „ერთსულოვანი ცხოვრება“ (1908), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უნანიმიზმს. დრამაში „არმია ქალაქში“ (1914) რომენი მილიტარიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს. ომის შემდგომ ძლიერდება მისი სოციალურ-კრიტიკული აზროვნება და ყალიბდება მისი რეალისტური ხელწერა.

1923 წელს იგი ქმნის სატირულ კომედიას „კნოკი, ანუ მედიცინის ზეიმი“, რომლის დადგმაც ლუი ჟუვემ განახორციელა. მას არნახული წარმატება მოჰყვა. კნოკის როლი ბოლომდე დარჩა ჟუვეს რეპერტუარში. პიესის იუმორისტულ სცენებში რომენი გვიხატავს ენერგიული საქმოსანი კნოკის აღზევების პროცესს, რომელიც თავს ექიმად ასაღებს და რომელმაც მედიცინა მხოლოდ თვითდამკვიდრებისა და გამდიდრების საშუალებად აირჩია. მალე კნოკი საზოგადო სახელად იქცევა. 1948 წელს ჟუვე დაწერს: „ამ პიესაში თავმოყრილი და გაშუქებულია ჩვენი საუკუნის პირველი ნახევრის ძალადობა, სიყალბე და ტყუილი“.

იმავე 1923 წელს რომენი ქმნის კომედიას „მუსიე ლე ტრუადეკი ერთობა“, ხოლო 1925 წელს „ტრუადეკის ქორწინებას“. ორივე კომედია დადგა ჟუვემ. თავდაპირველად სულელობამდე გულუბრყვილო, თაღლითი გეოგრაფიის პროფესორის ლე ტრუადეკის სახე ჩნდება რომენთან მის კინორომან „დონოგოში“ (1919). კომედიებში ივ ლე ტრუადეკი გარემოცულია სხვადასხვა სახის თაღლითებით და თავისი უსაფუძვლო დიდების ნაყოფს იმკის. რომენი თხზავს დახვეწილ ინტრიგას, გვიხატავს მწვავე კომიკურ სიტუაციებს და ნიღბების გარეშე ტოვებს „კეთილშობილ“ ბურჟუებს, აჩვენებს მათ მტაცებლურ არსს. რეალობისა და ფანტასტიურის გადახლართვით, გადატვირთული ტექსტუალური მინიშნებებით თანამედროვე პოლიტიკურ თემებზე, რომენი წარმოაჩენს გროტესკულ პერსონაჟთა გალერეას. ნაწარმოებში დრამატურგი აღწევს დიდ რეალისტურ გამომსახველობას.

როდესაც რომენი პრობლემებიდან გამოსავლის ძიებას იწყებს, ჩნდება მისი პოზიციის წინააღმდეგობრიობა, მაგალითად პიესებში: „დიქტატორი“ (1926), „მიუსი, ანუ ფარისევლობის სკოლა“ (1930). 30-იან წლებში გამწვავებული სოციალური კონფლიქტების პერიოდთან რეალურად შეხებისას უნანიმისტური იდეები კრახს განიცდიან. მწერლის ომამდელი და ომისდროინდელი რთული ძიებებისა და ნაფიქრის კვალს ატარებს მისი უმსხვილესი ლიტერატურული ქმნილება - ოცტომეული ეპოპეა - „კეთილი ნების ადამიანები“ (1932-1947), რომელშიც ასახულია 1908-1933 წლების ფრანგული საზოგადოების ყოფა.

ჟიულ რომენი გარდაიცვალა 1972 წელს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები