რომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლოსეუმი

რომი – Roma. რომის იმპერიის მთავარი ქალაქი. დღეს – იტალიის დედაქალაქი.

რომის ისტორიის დასაბამი ქალაქ რომის დაარსებას უკავშირდება. მის დამაარსებლად ლეგენდა რომულუსს ასახელებს. ისტორიოგრაფოსები თარიღსაც გვამცნობენ: ძვ.წ. 753 წ.

არქეოლოგიური მონაცემებით, უფრო ადრე იქ, სადაც რომულუსმა „მარადიულ ქალაქს“ ჩაუყარა საფუძველი, მდინარე ტიბერისის ქვემოწელთან, შესართავიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით, ინდოევროპული წარმომავლობის იტალიკები სახლობდნენ. თავად ადგილს კი ლატიუმი ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი გაფართოვდა და მან ლატინთა და საბინთა სოფლებით მოფენილი შვიდი ბორცვი დაიკავა (ავენტინუსი, პალატიუმი, კაპიტოლიუმი, კვირინალისი, ვიმინალისი, ესკვილიები, კელიუსი). ამ ბორცვთა გაერთიანების პროცესი ძვ.წ. VIII საუკუნიდან დასტურდება. ასე დაფუძნდა ქალაქი შვიდ ბორცვზე – septimontium, რომელმაც ჩინებულად გაითავისა ბერძენთა და ეტრუსკთა კულტურული მონაპოვარი.

ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებს მეფეთა ხანას უწოდებენ ისტორიოგრაფოსები. ასახელებენ შვიდ მეფეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რომის აღორძინებაში. ესენი არიან: რომულუსი, ნუმა პომპილიუსი, ტულუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარკიუსი, ტარკვინიუს პრისკუსი (ძველი), სერვიუს ტულიუსი და ტარკვინიუს სუპერბუსი (ამაყი). მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად რომი სახელმწიფოდ იქცა. უკანასკნელი მეფეები ტარკვინიუსთა ეტრუსკული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.

ძვ.წ. 510 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბოლო მეფე და რომაელებმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც მოიპოვეს. რომი არისტოკრატიული რესპუბლიკა გახდა. სახელმწიფოებრივი წყობის ამ ფორმით მან თითქმის ხუთი საუკუნე იარსება (ძვ.წ. 510 – ძვ.წ. 31 წ.წ.) და ამ პერიოდს რომის ისტორიაში რესპუბლიკის ხანა ეწოდა.

კოლოსეუმი. გლადიატორთა არენა

რომი ძვ. წ. VI საუკუნისათვის მნიშვნელოვან ქალაქად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იმყოფებოდა ეტრუსკთა გავლენის ქვეშ. მან თანდათან გაიფართოვა სახელმწიფოებრივი საზღვრები. ძვ. წ. III საუკუნისათვის რომის ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ იტალიასა და სიცილიაზე, ხოლო კართაგენზე გამარჯვების შემდეგ – დასავლეთ შუაზღვისპირეთშიც. მან შეიერთა შუაზღვისპირეთის ყველა ქვეყანა, ევროპა რეინსა და დუნაიმდე, აგრეთვე ბრიტანეთი, მცირე აზია, სირია და ჩრდილოეთ აფრიკის თითქმის მთელი სანაპირო. მათ რომაელები პროვინციებს უწოდებდნენ.

წარმატებული ბრძოლების გამო რომში თანდათან მრავლდებოდნენ მონები, რომელთაც ფლობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი მდიდრები. ამას მოჰყვა სოციალური უთანასწორობის გამძაფრება. ძვ.წ. I საუკუნეში იფეთქა უზარმაზარმა ამბოხებამ მონათმფლობელთა წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა სპარტაკი. სამოქალაქო ბრძოლებმა მოიცვეს მთელი სახელმწიფო. ეს არეულობანი დასრულდა ძვ.წ. 30 წელს ერთპიროვნული საიმპერატორო ძალაუფლების დამყარებით. ამ პერიოდს (ძვ. წ. 31 წ. – ახ. წ. 476 წ.) იმპერიის ხანა ეწოდა.

ბრძოლები არ წყდებოდა. რომის უზარმაზარი იმპერია ირყეოდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის იგი ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაიყო. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ბიზანტიის სახელწოდებით XV საუკუნემდე იარსება. დასავლეთ იმპერიას მრავალი მტერი გამოუჩნდა. 410 წელს ქალაქი რომი აიღეს ვესტგოთებმა, ხოლო 476 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს უკანასკნელი რომაელი იმპერატორი. ეს თარიღი მიჩნეულია დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად.

აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ოფიციალურ ენად ითვლებოდა ბერძნული, დასავლეთ რომის იმპერიაში კი – ლათინური, რომელზეც საუბრობდა შუა იტალიაში მდებარე ლატიუმის მოსახლეობა.

ანტიკური ხანის პოეტებმა რომს „მარადიული ქალაქი“ უწოდეს და მართლაც, მას არასოდეს დაუკარგავს თავისი სახე და მნიშვნელობა. შუასაუკუნეებში იგი პაპთა რეზიდენციად ითვლებოდა, მოგვიანებით კი – კათოლიკური სამყაროს მთავარ ქალაქად.

რომის ღირსშესანიშნაობანი მრავალგზის დანგრეულა და აღუდგენიათ. მეფეთა ხანიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. იგივე ითქმის რესპუბლიკის ხანის ნაგებობათა შესახებაც. იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული რომში დიდი აღმშენებლობითი პროცესები დაიწყო. შვიდ ბორცვთაგან კაპიტოლიუმს უპირატესი სახელმწიფოებრივი და საკულტო მნიშვნელობა მიენიჭა. გადმოცემათა თანახმად, იქ მდგარა რომულუსის სახლი. იქვე ყოფილა აღმართული იუპიტერისა (Juppiter Optimus Maximus) და იუნოს (Juno Moneta) ტაძრები. ქალაქის კრემლი (arx romana) ტაბულარიუმი (არქივი). ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე რომის ფორუმი (Forum Romanum) განლაგდა. ეს იყო ქალაქის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ფორუმზე აღმართულ ძეგლთაგან ყველაზე ადრეული ე.წ. შავი ლოდია (Lapis niger), რომელიც რომულუსის საფლავის ქვად არის მიჩნეული. მასზე ამოტვიფრულია უძველესი ლათინური წარწერა (დაახლ. ძვ. წ. VI ს-ის დასასრული). აღსანიშნავია აგრეთვე დიდი არხი (Cloaca maxima), რომელიც ტიბერისში ჩასადენი წყლებისთვის იყო განკუთვნილი. ფორუმზე აღმართულ მრავალრიცხოვან ტაძართაგან უმნიშვნელოვანესი იყო ვესტას, კასტორისა და სატურნუსის ტაძრები. ბაზილიკათაგან შედარებით დიდია იულიუსის ბაზილიკა, რომლის აგებაც დაიწყო კეისარმა და დაასრულა ავგუსტუსმა. თავისი ბრწყინვალებით გამოირჩევა მაქსენტიუსთა ბაზილიკა, რომლის მშენებლობაც ახ.წ. 307 წელს დაიწყო და რომელმაც დიდი გავლენა იქონია რენესანსის ეპოქის არქიტექტურაზე.

რომის ფორუმი დამშვენებული იყო მრავალრიცხოვანი ტრიუმფალური არკებით, ქანდაკებებითა და მემორიალური კოლონებით. რომის ფორუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით განფენილი იყო იმპერატორთა ფორუმების კომპლექსი: კეისრის ფორუმი ვენუსის ტაძრით (ძვ. წ. I ს.). ავგუსტუსის ფორუმი მარსის ტაძრით (ახ.წ. I ს.). ვესპასიანუსის ფორუმი (Forum Pacis) მშვიდობის ქალღმერთის (Pax) ტაძრით. ნერვას ფორუმი (Forum Transitorium, ახ. წ. I ს.) და ბოლოს, ტრაიანუსის დიდი ფორუმი დამშვენებული ბაზილიკით, ტაძრითა და კოლონით (ახ.წ. II ს.).

პალატიუმის ბორცვის სამხრეთით აღმართული იყო ბრწყინვალე სასახლეები. ნერონის უზარმაზარი სასახლიდან (Domus aurea) უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. შედარებით კარგად მოაღწია ჩვენამდე ფლავიუსთა ამფითეატრმა, რომელიც კოლოსეუმის სახელით არის ცნობილი. ასე ეწოდა ანტიკური სამყაროს ამ უდიდეს ამფითეატრს მის მახლობლად აღმართული ნერონის ოქროს კოლოსის გამო. 48,5 მეტრის სიმაღლის ამფითეატრი გათვლილი იყო 50 ათას მაყურებელზე. იგი ახ. წ. 80 წელს აკურთხა იმპერატორმა ტიტუსმა და ამ დღის აღსანიშნავად გამართა ასდღიანი ასპარეზობები. თანდათანობით ეს ამფითეატრი მხეცთა და გლადიატორთა სისხლიან არენად იქცა. დღეს იგი რომის გარდასული დიდების აღმატებულად შთამბეჭდავი ძეგლია. იქვე, მახლობლად მდებარეობს ჩვენამდე კარგად შემონახული ნაგებობები: კონსტანტინეს არკა (ახ.წ. 315 წ.). კარაკალასა (ახ.წ. 206–217 წ.წ.) და იოკლეტიანეს (ახ.წ. 298-307 წ.წ.) აბანოები. აგრეთვე პანთეონის დიდებული, გუმბათოვანი შენობა, რომლის აგებაც იმპერატორმა ჰადრიანემ დაასრულა (ახ.წ. II ს.). ძველი რომის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია აგრეთვე დიდებული კარიბჭეები, ხიდები თუ აკვედუკები (ბელღარები), რომელთა უმრავლესობა დღესაც თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება.

რომაელთა კულტურამ თავისი არსებობის თორმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საკმაოდ რთული გზა განვლო. მის ფორმირებაში მრავალი ხალხი მონაწილეობდა. რომის სახელმწიფოს ზრდასთან ერთად მრავალფეროვანი ხდებოდა მისი მოსახლეობაც. მართალია, რომაულ კულტურას საფუძველი ლატინთა ტომებმა დაუდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაამდიდრეს იმ დაპყრობილმა ხალხებმა, რომლებიც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ მოგვიანებით. უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ეტრუსკები, აგრეთვე ელინები ჯერ დიადი საბერძნეთიდან, ხოლო შემდეგ სიცილიიდან. მოყოლებული ძვ.წ. II საუკუნიდან რომაული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ უკვე ელინისტურ სახელმწიფოებს, ეგვიპტეს, ხოლო იმპერიის პერიოდიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებს.

მართალია, რომაული კულტურა მდიდრდებოდა სხვა ხალხთა მემკვიდრეობით, მაგრამ მას თავადაც შეჰქონდა წვლილი პროვინციათა ცხოვრებაში. ეს ძირითადად ეხებოდა ქალაქთ მშენებლობის, გზების გაყვანის, კეთილმოწყობის, ტექნიკისა და იურისპრუდენციის სფეროებს.

რომაული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაცულია ვატიკანის კონსერვატორთა სასახლეში, კაპიტოლიუმისა და სხვა ცნობილ მუზეუმებში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები