როტერი ჯულიან ბერნარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როტერი ჯულიან ბერნარდ

როტერი ჯულიან ბერნარდ - Rotter Julian Bernard, Ро́ттер Джу́лиан, 1916-2014

ამერიკელი ფსიქოლოგი მკველევარი და ფსიქოთერაპევტი. თავდაპირველად ქიმიას ეუფლებოდა, მაგრამ ადლერთან ნაცნობობამ იგი საბოლოოდ ფსიქოლოგიასთან მიიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ფსიქოლოგი იყო. შემდგომში მუშაობდა ოჰაიოსა და კონექტიკუტის უნივერსიტეტებში. როტერი იყო ექსპერიმენტატორიც და კლინიცისტიც, სოლიდური ფსიქოთერაპიული პრაქტიკით. მისი თეორიული სისტემა, რომელიც არსებითად ქცევით კოგნიტივიზმს მიეკუთვნება {კოგნიტივისტური ფსიქოლოგია}, ამ ორი მეთოდოლოგიის მონაცემების სინთეზს ეფუძნება, რაც იშვიათია ფსიქოლოგიაში.

როტერი ცდილობს ახსნას, რატომ და როგორ ხორციელდება ესა თუ ის ქცევა კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში. მოცემულ ვითარებაში ქცევის წინასწარმეტყველებისთვის მისი პოტენციალის დადგენაა საჭირო. როტერის თეორიული სისტემა, რომელსაც იგი „სოციალური დასწავლის თეორიას” უწოდებდა, ამაზეა მიმართული და საკმაოდ შორდება S-R (სტიმულ-რეაქცია) სქემით გამოხატულ მკაცრად ბიჰევიორისტულ პრინციპებს. როტერი ქცევის კატეგორიას მაქსიმალურად ფართო კონტექსტში განიხილავს და გულისხმობს როგორც სენსომოტორულ, ისე კოგნიციურ, ვერბალურ და ემოციურ აქტიურობას. გარდა ამისა, როტერი ლაპარაკობს არა რეაქციებთან დაკავშირებულ კონკრეტულ სტიმულებზე, არამედ ფართოდ გაგებულ და მრავალფეროვან სოციალურ სიტუაციებსა და კონტექსტებზე. ქცევა მხოლოდ სიტუაციით არ განისაზღვრება. როტერი, ისევე როგორც სოციალურ-კოგნიტივისტური თვალსაზრისის ბევრი მომხრე, ინტერაქციონისტულ პოზიციაზეა. ყოველგვარი ქცევა გარემოსეული და პიროვნებისეული ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგია. ამიტომ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული ქცევის პოტენციალის ფორმულა ორი შინაგანი ცვლადის ფუნქციაა, ესენია: სუბიექტური ალბათობა ან მოლოდინი, რომ კონკრეტულ ქცევას რაიმე სახის განმტკიცება მოჰყვება და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის ეს განმტკიცება. განმტკიცების ბიჰევიორისტულ ტერმინოლოგიას თუ არ ვიხმართ, ქცევის პროგნოზირება {პოტენციალი} დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია სუბიექტისთვის დასახული მიზნის მიღწევა მოცემულ სიტუაციაში ამ ქცევის გზით, და რა ღირებულება აქვს მისთვის ამ მიზანსა და შესაბამის მოთხოვნილებას. პირველი მომენტი ქცევისა და პიროვნების კოგნიციურ (შემეცნებით) მხარესთანაა დაკავშირებული, მეორე - მოტივაციურთან. პროგნოზირებისთვის მოლოდინის მაჩვენებლის ცოდნაც არის საჭირო და ღირებულებისაც. ადამიანი ირჩევს ისეთ მიზნებს, რომელთა მიღწევა განმტკიცდება რაც შეიძლება დიდი ალბათობით, ხოლო თვით განმტკიცებას მაქსიმალური სუბიექტური ღირებულება აქვს.

ქცევის შესაძლო წარმატებულობის შესახებ მოლოდინები ორ ჯგუფს ქმნიან: ესაა „სპეციფიკური მოლოდინები”, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციებს უკავშირდება და „გენერალიზებული მოლოდინები”, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებში მოქმედების შედეგიანობის განზოგადებაა. ამ უკანასკნელთა მიხედვით შესაძლებელია პიროვნებათაშორის განსხვავებულობაზე მსჯელობა. როტერმა სახელი გაითქვა კონტროლის ლოკუსის აღმოჩენითა და შესწავლით. ეს ცნება გამოხატავს სუბიექტის განზოგადებულ მოლოდინს იმის თაობაზე, თუ სადაა მოქმედების წარმატება-წარუმატებლობის მიზეზი - სუბიექტის გარეთ თუ შიგნით. ადამიანები „ექსტერნალური ლოკუსით” ქცევის შედეგებს მათგან დამოუკიდებელ ძალებსა თუ ვითარებებს მიაწერენ. ხოლო „ინტერნალური ლოკუსის” მქონე პირები მოქმედების გამსაზღვრელად თავის თავს მიიჩნევენ და შედეგებზე პასუხისმგებლობას თვითონ იღებენ. ლოკუსის კონტროლის ტიპის გამოსავლენად როტერმა სპეციალური დიაგნოსტიკური მეთოდიკა შექმნა. მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა იმის გარკვევას, თუ რა კავშირი არსებობს ლოკუსის კონტროლსა და ადამიანის აქტიურობის სხვადასხვა გამოვლინებას შორის. დასაბუთებულია, რომ თავის თავში დარწმუნებული ინტერნალები, საზოგადოდ, უფრო ადაპტირებულები, ნაყოფიერები, აქტიურები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე გარეშე ძალებსა თუ ბედს მინდობილი ექსტერნალები.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები