როშკის დევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როშკიონთა ძველი ნასოფლარი.
გაღმა როშკა

როშკის დევებიხევსურეთში როშკის გორაზე ცხოვრობდნენ დევები, რომლებიც აქ მჭედლობას მისდევდნენ. სამჭედლო ჰქონდათ გამართული და არსად სხვაგან, ხევსურეთში, მჭედლები მათ გარდა არავინ იყო, რომ ნამგალი, ცელი, ცული ან სხვა რამ იარაღი გამოეჭედა. ამიტომ ადამიანები იძულებულნი იყვნენ, დევების გამოჭედილი იარაღი გამოეყენებინათ, რისთვისაც დიდ დამცირებას იტანდნენ. იარაღის სანაცვლოდ დევები ლამაზ ქალს ითხოვდნენ, ვინც იქნებოდა – რძალე თუ ქალიშვილი. შეაფასებდნენ სამუშაოს და ეტყოდნენ, ამდენი და ამდენი ღამით გამოგვიგზავნე ქალი, თუ არა და, არ გამოგიჭედავთო. მეტი გზა არ ჰქონდათ ადამიანებს, უნდა დათანხმებულიყვნენ დევების პირობაზე. შიმშილით ხომ არ ამოწყდებოდნენ!

ერთ კაცს ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა და დევებმა გუთნის გამოჭედვაში სთხოვეს, გამოგვიგზავნე, მხოლოდ მაგას გავატანთო. გაუგზავნა კაცმა ცოლი გუთნის წამოსაღებად. ცოლი რომ დაბრუნდა, უთხრა ქმარს: სჯობდა, შიმშილით დავხოცილიყავით და იქ არ გაგეგზავნეო და დაიწყო ტირილი. შეწუხდა კაცი, არ იცოდა, რა ეღონა. ბოლოს, ერთი მარჩენალი ქორა (თეთრი) ხარი ჰყავდა, დაიჩოქა და შესთხოვა მორიგე ღმერთს, გვიხსენი დევებისგან და ამ მარჩენალ ხარს შემოგწირავო. შეისმინა ღმერთმა გაუბედურებული კაცის ვედრება და დევთა ამოსაწყვეტად კოპალა გამოგზავნა, ლახტი უბოძა და ძალი და შეძლება დაანათლა. მოვიდა კოპალა და დადგა ერთ მაღალ ადგილზე, ფშავში უძილაურთის თავს, ირემთკალოზე, და იქიდან დაიწყო დევებისთვის თვალყურის დევნება, როგორ შებმოდა მათ.

ამ დროსვე როშკის მეზობლად ერთი ხორნაულთელი კაცი სოფლის პირდაპირ ყანას ხნავდა. როშკის გორაზე გადმოდგა ერთი დევი, დაგუბებულ წყალს გზა მისცა, ყანაზე მიუშვა და ხარ-გუთანი და კაცი ღვარს წააღებინა. კაცს გაგონილი ჰქონდა კოპალას სახელი და შესძახა: გმირო კოპალავ, ლახტიანო, მიშველე, წყალს ნუ წამაღებინებ, და, რასაც ვხნავდი, მაგ მამულს შენ შემოგწირავო.

ისმინა კოპალამ კაცის ვედრება და იმწამსვე იქ გაჩნდა. ჯერ კაცი და ხარი გამოიყვანა წყლიდან, მერე ლახტი ესროლა დევების სამოსახლოს, ცეცხლი წაუკიდა და დედაბუდიანად ამოწყვიტა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები