რურუა რომან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომან რურუა

რომან რურუა – დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში. — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, სპორტსმენი, კლასიკური სტილის მოჭიდავე (63 კგ, 68 კგ). მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1966, 67, 69, 70), სსრკ-ის ხალხთა III, IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი (1963, 67, 71), სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 70). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-85), სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელი (1984-87), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი (1991-93), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, სოკ-ისა და ფილა-ს ორდენების კავალერი.

სარჩევი

განათლება

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი (1974).

სამუშაო გამოცდილება

  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
რომან რურუასა და იაპონელი ჰიდეო ფუძიმოტოს ფინალური ბრძოლა. მეხიკო, 1968 წელი

სპორტული კარიარა

სპორტული ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ და იღბალიც ხელს შეგიწყობს, შესაძლოა დროის ამ მცირე, თუმცა კი მნიშვნელოვან მონაკვეთში ცხოვრების მთავარი საქმეების გაკეთება მოასწრო. მაგალითად, რომან რურუამ მოასწრო და ამისთვის სულ ათი წელი დასჭირდა. გადაშალეთ ძველი პრესა და ნახავთ — რურუა, რურუა, რურუა... ძლიერი, ნიჭიერი, ჭკვიანი. მის ნიჭს ყველა პატივს სცემს და მის ავტორიტეტს ყველა აღიარებს.

რომან რურუას სპორტული კარიერის მწვერვალი გამოდგა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშები. პროგრამის ბოლო სახეობა კლასიკური ჭიდაობა იყო, ბოლო ოქროს მედალი რურუას ერგო. ოთხი წლის წინ ტოკიოში მსაჯებმა ყველაფერი იღონეს, რომ რურუას არ მოეგო ოლიმპიადა. მეხიკოში რურუამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ წაეგო ოლიმპიადა. ფინალამდე ექვს მეტოქეს ეჭიდავა, მათგან პირველი ოთხი წმინდად დაამარცხა, დანარჩენებს სოლიდური უპირატესობით აჯობა. ესენი იყვნენ ერაყელი ისმაილ ალ­კარაგული, ამერიკელი ჯეიმს ჰეიზივინკელი, იუგოსლავიელი სრეტენ დამიანოვიჩი, გერმანელი ლოთარ შნაიდერი, თურქი მეტინ ალაკოჩი და ბულგარელი დიმიტარ გალინჩევი. რურუას აგრესიულობამ, ეტყობა, მსაჯები ისე დააეჭვა, ფინალამდე სამჯერ გაიყვანეს დოპინგკონტროლზე. გადამწყვეტი ბრძოლა იაპონელ ჰიდეო ფუძიმოტოსთან ჰქონდა. იაპონელს ხელს აძლევდა მხოლოდ გამარჯვება, ჩვენს ფალავანს კი ფრეც ჰყოფნიდა იმისთვის, რომ ჩემპიონი გამხდარიყო.

რომან რურუა: „ფუძიმოტო საკმაოდ ძლიერი, რომ იტყვიან, შეკრული მოჭიდავე იყო, ერთ­ერთი საუკეთესო იმათ შორის, ვისაც ხალიჩაზე შევხვედრივარ. საღამოს თორმეტის ნახევარზე გაგვიყვანეს საჭიდაოდ. ჩემი თანაგუნდელებიდან ვერავინ ვერ აიღო ოქრო და ახლა ყველანი მე შემომყურებდნენ იმედის თვალით. იქით ვაწყნარებდი ყველას, ნუ ნერვიულობთ, ოქრო აუცილებლად იქნებამეთქი. წინა ოლიმპიადიდან მწარე გამოცდილება გამომყვა და ძალიან ვფრთხილობდი. ფუძიმოტოს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ვიცოდი, რომ გარისკავდა. რისკი ზოგჯერ ამართლებს. ფუძიმოტომ იმდენად აგრესიულად შემომიტია, რომ სულმა წამძლია და ღია ჭიდაობაში შევყევი. მეტოქემ ამით ისარგებლა და ქულა წამართვა, მაგრამ ყველაფერი წამებში აღვადგინე – მეც ქულა ავიღე. ამის მერე მოზომილად, ძალიან ყურადღებით ვიჭიდავე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შეხვედრა ფრედ შეგნებულად დავამთავრე. ოქროს ბედი წყდებოდა და სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი.”

1964 წლის ოლიმპიური თამაშები

63 კგ, 27 მონაწილე
1. იმრე პოიაკი (უნგრეთი)
2. რომან რურუა (სსრკ)
3. ბრანკო მარტინოვიჩი (იუგოსლავია)
I წრე ­ ქულებით მოუგო კაჟიმირჟ მაჩოჰს (პოლონეთი); II წრე ­ წმინდად (4,26) დაამარცხა მუზაჰირ სილე (თურქეთი); III წრე ­ ქულებით სძლია სვენ პეტერ სკრიდსტრუპს (დანია); IV წრე ­ ქულებით გაიმარჯვა იოზეფ მევისთან (ბელგია) შეხვედრაში; V წრე ­ ქულებით მოუგო კოძი საკურამას (იაპონია); ფინალი ფრედ (0:0) დასრულდა იმრე პოიაკთან (უნგრეთი).

1968 წლის ოლიმპიური თამაშები

63 კგ, 23 მონაწილე
1. რომან რურუა (სსრკ)
2. ჰიდეო ფუძიმოტო (იაპონია)
3. სიმიონ პოპესკუ (რუმინეთი)
I წრე ­ წმინდად (5,28) დაამარცხა ისმაილ ალ­კარაგული (ერაყი); II წრე ­ წმინდად (6,23) მოუგო ჯეიმს ჰეიზვინკელს (აშშ); III წრე ­ წმინდად (4,37) გაიმარჯვა სრეტენ დამიანოვიჩთან (იუგოსლავია); IV წრე ­ წმინდად (8,56) მოუგო ლოთარ შნაიდერს (გდრ); V წრე ­ ქულებით სძლია მეტინ ალაკოჩს (თურქეთი); VI წრე ­ ქულებით დაამარცხა დიმიტარ გალინჩევი (ბულგარეთი); ფინალი ფრედ (1:1) დასრულდა ჰიდეო ფუძიმოტოსთან (იაპონია).

იხილე აგრეთვე

რომან რურუა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები