რუხაძე ვარლამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარლამ რუხაძე

რუხაძე ვარლამ ალექსის ძე - (5.XI.1874, სოფ. ქუტირი - 23.X.1935) - ქართველი მწერალი და მთარგმნელი.

ლექსებს ბეჭდავდა „კვალში“, „მოამბეში“, „თანამედროვე აზრში“ და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. 1898-1899 წლებში გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი „ლექსები და მოთხრობები“, რომლებიც 1902 აკრძალა ცენზურამ. მისი კრებულებია:

  • „ცისკარი“ (1904),
  • „თაიგული“ (1910),
  • „ზღაპრები და არაკები“ (1916),
  • „ცხოვრების ყვავილები“ (1919),
  • „რჩეული ლექსები“ (1931).

წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს ა. პუშკინის პოემები.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1919 წლის 12 იანვარს გაზ. „ერთობამ“ გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას). მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე „საღამო სოსიას ღელე“ ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში. (გაგა ლომიძე)


ამონაკვნესი
ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნას
მეც ვყოფილვარ მთაწმინდაზე
საღამოს ჟამს, ბინდში,
და მინახავს შავი ლანდი
მარტოდ მოარული,
შენი ჩანგის მკვნესარ ხმაზე
მეც წავსულვარ ფიქრში
და ამშლია მძიმე დარდი,
დამღადრია გული.
მეც მინახავს, ვით აჩრდილი,
მოწყენილი არე,
თავს რომ ნისლი ეხვეოდა,
გლოვის ზეწრად შლილი,
ვერცხლის თმებად გადმოყრილი
დაჰყურებდა მთვარე,
ბუჩქიც კი არ ირხეოდა,
იდგა თავდახრილი.
და უგრძვნია ობოლ სულსა
მარტოობა მწარე,
ფრთამალ „მერნით“ გავფრენილვარ
საძიებლად „ბედის“,
მაგრამ სატრფოს შეჯაჭვულსა,
ცრემლი რომ სდის ცხარე,
ვერ ვწდომივარ და სიმღერა
მითქვამს დაჭრილ გედის!
1916 წელი


ლიტერატურა

  • მწერალთა ავტობიოგრაფიები (I), კრებული, გამომც. „ლიტერატურის მუზეუმი“, თბ., 2013;
  • გაზ. ”ერთობა”, 1919, №8;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920, №788.

წყარო

იხილე აგრეთვე

ვარლამ რუხაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები