საავიაციო ბომბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო ბომბი - საფრენი აპარატიდან ჩამოსაყრელი საავიაციო საბრძოლო მასალების სახეობა. ბომბდამშენი შეიარაღების ძირითადი სახეობა.

საავიაციო ბომბი იყოფა ძირითადი, სპეციალური და დამხმარე დანიშნულების ბომბებად.

პირველი მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი
მეორე მსიფლიო ომის დროინდელი გერმანული საავიაციო ბომბი

სარჩევი

ძირითადი დანიშნულების საავიაციო ბომბი

ძირითადი დანიშნულების საავიაციო ბომბი გამოიყენება მიზნის დასაზიანებლად ფუგასური, მსხვრევადი, დამრტყმელი, კუმულაციური, ცეცხლგამჩენი, ქიმიური და ბირთვული მოქმედებით; გასანათებლად, საკვამლე ფარდების აღსამართავად, ორიენტირებისა და სიგნალიზაციისთვის, სააგიტაციო ლიტერატურის ჩამოყრის მიზნით და სხვა;

დამხმარე დანიშნულების საავიაციო ბომბი

დამხმარე დანიშნულების საავიაციო ბომბი – წვრთნის დროს ბირთვული აფეთქების იმიტაციისთვის, ბომბტყორცნის სწავლებისათვის და სხვა.

პირველად საავიაციო ბომბები გამოიყენეს იტალიელებმა 1911–12 წლებში, იტალია-თურქეთის ომის დროს.

ბეტონგამტანი საავიაციო ბომბი

ბეტონგამტანი საავიაციო ბომბი, არის სქელკედლიანი ფუგასური ბეტონგამტანი საავიაციო ბომბი კალიბრი 250–500 კგ. ზოგიერთ ბომბს აქვს რეაქტიული ძრავა დაბრკოლებასთან შეხვედრის მომენტისათვის სიჩქარის გასაზრდელად.

ბურთულოვანი საავიაციო ბომბი

ბურთულოვანი საავიაციო ბომბი, მსხვრევადი საავიაციო ბომბის ნაირსახეობა, რომელსაც აქვს დამაზიანებელი ელემენტები ფოლადის ან პლასტმასის ბურთულების სახით.

მანათობელი საავიაციო ბომბი

მანათობელი საავიაციო ბომბი, აღჭურვილია ერთი ან რამდენიმე პარაშუტიანი პიროტექნიკური ჩირაღდნით. ანათებს ადგილმდებარეობას 5–7 წუთის განმავლობაში.

მართვადი (კორექტირებადი) საავიაციო ბომბი

მართვადი (კორექტირებადი) საავიაციო ბომბს, სტაბილიზატორის გარდა აქვს საჭეები, ზოგჯერ ფრთაც, აგრეთვე რადიო-ლაზერული სხივით, თვითდამიზნებით მართვის სისტემა და სხვა.

მსხვრევადი საავიაციო ბომბი

მსხვრევადი საავიაციო ბომბი, ნამსხვრევების რიცხვის ზრდისათვის ბომბის კორპუსს შეიძლება ჰქონდეს ნაჭდევები (ღარაკები) ან აღიჭურვოს ბურთულებით – კალიბრი 0,5–100 კგ.

მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი

მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბს, აქვს საკმაოდ ეფექტური მსხვრევადი და ფუგასური მოქმედება. კალიბრი 100–200 კგ.

ნავსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი

ნავსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია ამფეთქით, რომელიც მოქმედებს წყალქვეშა ნავში მოხვედრისას ან გათვალისწინებულ სიღრმეზე.

პრაქტიკული საავიაციო ბომბი

პრაქტიკული საავიაციო ბომბი, აღჭურვილია პიროტექნიკური შემადგენლობით, სასწავლო ბომბმტყორცნის დროს მისი დაცემის წერტილის მოსანიშნად სინათლის გაელვებით (ღამით) ან კვამლის ღრუბლით (დღისით).

სააგიტაციო საავიაციო ბომბი

სააგიტაციო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია დისტანციური მოქმედების ამფეთქით, რომლის ამოქმედების დროსაც გათვალისწინებულ სიმაღლეზე გამომგდები მუხტი უზრუნველყოფს სააგიტაციო ლიტერატურის გამოყრას და მიმოფანტვას.

საკვამლე საავიაციო ბომბი

საკვამლე საავიაციო ბომბი, აღჭურვილია თეთრი ფოსფორით, რომელიც მომოიფანტება 10–15 მ რადიუსით და იწვის. წვის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობის თეთრ კვამლს.

საიმიტაციო საავიაციო ბომბი

საიმიტაციო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია თხევადი საწვავით და თეთრი ფოსფორით. მსკდომი მუხტის ამოქმედებისას იმიტაციურად წარმოსახავს ბირთვული აფეთქების სოკოსებრ კვამლის ღრუბელს და მანათობელ არეს.

საორიენტაციო-სასიგნალო საავიაციო ბომბი

საორიენტაციო-სასიგნალო საავიაციო ბომბი, აღჭურვილია პიროტექნიკური შემადგენლობებით, რომლებიც წვის დროს წარმოშობენ კვამლის ღრუბელს (დღისით) ან სხვადასხვა ფერის ალს (ღამით). ზღვაზე მოქმედებისათვის აღჭურვილია მანათობელი სითხით, რომელიც ბომბის ამოქმედებისას წყლის ზედაპირს განეფინება აფსკის სახით.

ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი

ტანკსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბი, კუმულაციური მოქმედების ბომბი. კალიბრი 0,5–5 კგ.

ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი

ფოტოგრაფიული საავიაციო ბომბი, აღჭურვილია მანათობელი შემადგენლობით (მაგალითად, ჟანგეულებიანი ალუმინ-მაგნიუმის ფხვნილების ნაზავი). ხანმოკლე გაელვება (0,1–0,2 წმ) წარმოშობს რამდენიმე მილიარდი კდ ძალის შუქს.

ფუგასური საავიაციო ბომბი

ფუგასური საავიაციო ბომბი, აქვს შედარებით თხელკედლიანი კორპუსი, კალიბრი 50–2000 კგ (ზოგჯერ 20 ათასამდე კგ.).

ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი

ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი, აღჭურვილია ფეთქებადი ნივთიერების მუხტით, პიროტექნიკური ან სხვა ცეცხლგამჩენი შემადგენლობებით.

ქიმიური საავიაციო ბომბი

ქიმიური საავიაციო ბომბი, აღჭურვილია მომწამვლელი ნივთიერებით და დისტანციური (უკონტაქტო) მოქმედების ამფეთქებით.

ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი

ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბი, აქვს კალიბრი 0,5–500 კგ. მცირე კალიბრის ბომბები, ჩვეულებრივ, აღჭურვილია მყარი ნარევებით ლითონთა ჟანგეულების საფუძველზე (მაგალითად, თერმიტით), მსხვილი კალიბრისა – იოლადაალებადი შესქელებული ნივთიერებებით (მაგალითად, ნაპალმით).

ჯავშანგამტანი საავიაციო ბომბი

ჯავშანგამტანი საავიაციო ბომბი, აქვს სალი კორპუსი (ჩვეულებრივ, სპეციალური ლეგირებული ფოლადისა), კალიბრი 100–1000 კგ.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები