საბავშვო ბაღები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბავშვო ბაღები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - განათლების რეფორმა მოიცავდა ფართო სფეროს, სხვადასხვა საფეხურის სკოლებს, უმაღლესი და პროფესიული განათლების (სპეციალური სასწავლებლების) კერებს, კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებს და ასევე ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მოწყობა-მშენებლობას. ყველაზე დაბალი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი რგოლი მომავალი თაობის სულიერ და გონებრივ ფორმირებაში საბავშვო ბაღები იყო.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საქართველოში არცერთი სახელმწიფო საბავშვო ბაღი არ არსებობდა. განათლების მინისტრი გ. ლასხიშვილი 1918 წლის 26 სექტემბრით დათარიღებულ მოხსენებაში, რომელიც მან საქართველოს პარლამენტს და მთავრობას წარუდგინა, აღნიშნავდა: „უკვე ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ საბავშვო ბაღს და განსაკუთრებით ბავშვთა სახალხო ბაღს სწავლა-აღზრდის საქმეში. ამ უკანასკნელი ტიპის საბავშვო ბაღების დანიშნულება ის არის, რომ მან შესაძლო დახმარება აღმოუჩინოს მუშა-ხალხის ხელვიწრო ოჯახებს, სადაც ცხოვრების მძიმე და არანორმალურ პირობათა გამო არასასკოლო ასაკის ბავშვები რჩებიან სრულიად უყურადღებოდ, უზრუნველად, უპატრონოდ. საბავშვო ბაღების ძირითადი მიზნები შემდეგია: ბავშვთა ზნეობრივი და გონებრივი აღზრდა. ზნეობრივი აღზრდისათვის საჭიროა ბავშვის საზოგადოებრივი გრძნობების განვითარება, ნებისყოფის გაწვრთნა და განმტკიცება, თვითმოქმედების შეგნება და შრომისმოყვარეობის შეჩვევა. ჭკუა-გონების განვითარებისთვის კი აუცილებელია: საგნობრიობა (კონკრეტული, ნათელი წარმოდგენა საგნებისა) და ინდივიდუალური ნიჭის გაშლა. ამასთანავე, საბავშვო ბაღი ერთგვარი საფეხურია, საიდანაც ყმაწვილი შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ ადვილად გადადის სასწავლებელში, ეს კი აყვარებს ყმაწვილს სკოლას, აჩვევს საზოგადოებაში ტრიალს და უადვილებს საზოგადოებრივი ინტერესების შეგნებას. მიუხედავად საბავშვო ბაღის ასეთი დიდი მნიშვნელობისა, მთელ საქართველოში არც ერთი ასეთი დაწესებულება არ მოგვეპოვება. ეს ფრიად დიდ ნაკლად უნდა ჩაითვალოს ჩვენთვის საზოგადოდ და განსაკუთრებით ტფილისისათვის, რომ ამ დიდმა ქალაქმა დღემდისაც ვერ შექმნა სახალხო ბავშვთა ბაღი ისეთი რაიონებისათვის, როგორიცაა, მაგალითად ვერა და ნაძალადევი“. ეს ორი რაიონი იყო ქალაქის ეკონომიკური საყრდენი. აქ ბევრი მუშა ცხოვრობდა, რომელთა შვილების აღზრდა-განათლებაზეც უნდა ეზრუნა მთავრობას და თავისი ხარჯით გაეხსნა პირველი სახალხო (სახელმწიფო) ბაღი. მინისტრი მომავალი ბაღის წლიურ ხარჯთაღრიცხვასაც წარმოადგენდა:

  • 1. ბინის დაქირავება გათბობა-განათებით - 3,600 მან;
  • 2. სასწავლო მასალების შეძენა - 2,400 მან;
  • ორი მასწავლებლის ჯამაგირი - 9, 600 მან;
  • მოსამსახურის ჯამაგირი - 2,400;
  • მოულოდნელი ხარჯები - 1,200 მან.

ფინანსთა სამინისტრომ თანხმობა განაცხადა მის დაფინანსებაზე, კანონ-პროექტი პარლამენტის განათლების კომისიამ განიხილა და უარყო, რადგან მიიჩნია, რომ საქმე არა სამინისტროს, არამედ ქალაქის თვითმმართველობას უნდა განეხორციელებინა. განათლების სამინისტრო საკითხის ამგვარ გადაწყვეტას არ დაეთანხმა. მისი აზრით, საბავშვო ბაღები განათლების ერთ-ერთი საფეხური იყო და მისი საქმიანობა სამინისტროს უნდა დაეგეგმა და ეკონტროლებინა. მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) ალექსანდრე მდივანი განმარტავდა, რომ „საბავშვო ბაღების საქმე საერთო განათლების საკითხის ერთი ნაწილია და ამიტომ მასზე ზრუნვა, მისი გახსნა, მოვლა და შენახვა განათლების სამინისტროს პირდაპირ მოვალეობას უნდა შეადგენდეს. სამინისტრო ხსნის ასეთ საბავშვო ბაღებს და შეუძლიან გადასცეს ქალაქის თვითმმართველობას.

2. როცა სამინისტრომ შეიმუშავა ეს პროექტი, მას ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი და გათვალისწინებული ჰქონდა პრაქტიკული შესაძლებლობაც როგორც ბინით, ისე საპედაგოგიო პერსონალით უზრუნველყოფის მხრივ. სამინისტრო ვერ დაეთანხმება განათლების კომისიას, რომ საბავშვო ბაღის გახსნა იმ სახით, როგორც ამას კანონპროექტი და მასთან დართული განმარტება საზღვრავს, წარმოადგენდეს მუშაობის დაწვრილმანებას.

3. განზრახული საბავშვო ბაღი ერთგვარი სამაგალითო დაწესებულებაა, ერთგვარი პედაგოგიური ცდა იქნება და სრულიად ხელს არ შეუშლის საერთო გეგმის შემუშავებას. საერთო გეგმა იმ ბავშვთა სწავლა-აღზრდისა, რომელთაც სკოლის ასაკი არ დასდგომიათ, შესაძლებელია სულ მოკლე ხანში შემუშავდეს, მაგრამ მისი განხორციელება დღევანდელი პირობების მიხედვით პრაქტიკულად სავსებით მოუხერხებელი გახდეს“. კანონპროექტი პარლამენტმა 1918 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე დაამტკიცა.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 248, საქ. 262.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები