საბინ ქალთა მოტაცება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბინელ ქალთა გატაცება. (1637 წ.) ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის მუზეუმი.

საბინ ქალთა მოტაცება(რომ.) როდესაც რომულუსმა ქალაქი რომი გააშენა, ამ დიდებულ სახელმწიფოში არ იყვნენ ქალები. მათ გარეშე კი ქალაქი ქალაქს არა ჰგავდა, ოჯახი-ოჯახს. და აი, რომულუსმა შეარჩია ახოვანებით გამორჩეული ვაჟკაცები, მდიდრულად შემოსა და მეზობელ ქალაქებში გაგზავნა ქალთა ჩამოსაყვანად. მაგრამ სადაც კი გამოჩნდებოდნენ ეს მშვენიერი ჭაბუკები, კარს უკეტავდნენ და მტრულად განწყობილები ეუბნებოდნენ: „რომი ქურდთა და უპოვართა ქალაქია. თქვენს მეფეს ასე გადაეცით: ქალებისთვისაც მოაწყოს თავშესაფარი. აღმოჩნდებიან ისეთებიც, იქ რომ მოგივლენ – ღირსეული ქალები, ღირსეული კაცებისათვის!“ რომულუსმა მოთმინებით აიტანა ეს შეურაცხყოფა. თავის გარშემო შემოკრებილი ვაჟკაცები დაამშვიდა და უბრძანა, არ ექურდათ, არ ეჩხუბათ და საერთოდ, ღირსეულად ეცხოვრათ, რათა ირგვლივ მოსახლეთა პატივისცემა დაემსახურებინათ.

ასეც მოხდა. მაშინ რომულუსმა დიდი ზეიმის მოწყობა განიზრახა და ამ ზეიმზე მიიწვია ახლომდებარე ქალაქების ყოველი მკვიდრი. დედები, ცოლები და ქალიშვილები ემუდარებოდნენ თავიანთ ქმრებსა და მამებს, მიეღოთ მიწვევა. თავად კაცებს კი სულაც არ სჭირდებოდათ ეს მუდარა. მათ ისედაც სურდათ ენახათ ახალი ქალაქი, რომელზეც საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ. ისინი ქალაქს ეწვივნენ და დაიწყო მხიარული ზეიმი. გაშალეს სუფრები, გამოიტანეს ღვინო, კარგად მოილხინეს და ქალებიც გამოიწვიეს საცეკვაოდ. მოულოდნელად, რომულუსის ნიშანზე, ყოველმა რომაელმა მოიტაცა მის ახლოს მდგომი ქალი. ატყდა ერთი ალიაქოთი, დაიწყო ჩხუბი, მაგრამ ღამემაც მოაწია და თავის სახლებს დაუბრუნდნენ ქმრები უცოლებოდ, მამები – უქალიშვილებოდ. ირგვლივ მოსახლე განრისხებული მამაკაცები შეიკრიბნენ და რომისაკენ დაიძრნენ. მათ წინამძღვრობდნენ საბინები, რადგანაც ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ: საბინი ქალები ულამაზესნი იყვნენ და რომაელებმაც სწორედ ისინი მოიტაცეს უმეტესწილად. თავად რომულუსმაც საბინი ჰერსილია შეირთო ცოლად.

რომში შემოჭრილ ლაშქარს მთავარსარდლობდა საბინი ტიტუს ტატიუსი, რომელმაც ციხე-სიმაგრე იერიშით აიღო და ახლა ბრძოლა ქალაქის ქუჩებში გამართა.

საბინ ქალებს თავიანთი რომაელი მამაკაცები მეტისმეტად შეჰყვარებოდათ და ომი რომ არ გამწვავებულიყო, სახლებიდან გამოცვივდნენ მებრძოლთა დასამშვიდებლად. ქალები ტიროდნენ. მამებს, ძმებსა და ქმრებს ევედრებოდნენ, შეეწყვიტათ ბრძოლა. მეფეებმა ზეაღმართული მახვილები დაუშვეს და სათათბიროდ წარიმართნენ. მოილაპარაკეს და შერიგდნენ. საბინები და რომაელები ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ, ხოლო ამ დიდ ქვეყანას მეგობრულად განაგებდნენ რომულუსი და ტიტუს ტატიუსი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები