საბრძოლო წყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო წყობაბრძოლის წარმოებისათვის შენაერთების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების დაწყობა (განლაგება) მათი გაძლიერების საშუალებებით. საბრძოლო წყობა უნდა შეესაბამებოდეს მომავალი ბრძოლის ჩანაფიქრს, უზრუნველყოფდეს მის წარმატებულ განხორციელებას ყველა სახის იარაღის გამოყენებით, თავდაცვის სიმტკიცესა და აქტიურობას, ძალისხმევის მზარდ კონცენტრაციას ბრძოლის არჩეულ მიმართულებაზე (რაიონში) და მანევრის დროს; მოწინააღმდეგის გამანადგურებელ დამარცხებას საბრძოლო ამოცანის მთელ სიღრმეზე; ჰაერიდან მოწინააღმდეგის დარტყმების მოგერიებას, მისი აერომობილური და დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების განადგურებას; ჩვეულებრივი, მაღალი სიზუსტის და მასობრივი დაზიანების იარაღის ზემოქმედებისაგან ჯარების (ძალების) მინიმალურ მოწყვლადობას; უწყვეტი ურთიერთქმედების და სტაბილური მართვის ხელშეწყობას. ყველა გვარეობის ჯარში (ძალებში) ბრძოლის სხვადასხვა სახეობაში გამოიყენება სპეციფიკური

საბრძოლო წყობა ჯარების (ძალების) სხვადასხვა გვარეობის შენაერთები, ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ერთობლივად ასრულებენ საბრძოლო ამოცანას ერთ რაიონში (ზოლში), როგორც წესი, განლაგდებიან ერთიან საბრძოლო წყობად.

საბრძოლო წყობა გაჩნდა პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის პერიოდში. მისი თავდაპირველი ფორმა იყო მწკრივები და რიგები. ძველი მსოფლიოს მონათმფლობელურ სახელმწიფოებში ჯარები იბრძოდნენ ღრმა მიჯრილი წყობით, კოლონების სახით. ძველ საბერძნეთში (VI საუკუნე ჩვ.წ-მდე) საბრძოლო წყობის საფუძველი გახდა ფალანგა. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ძველ რომში (IV საუკუნე ჩვ.წ-მდე) ლეგიონის დანაწევრება მანიპულებად, რომლებიც შემდეგ კოჰორტებად გაერთიანდა. აღმოსავლეთ სლავები IX–XI საუკუნეებში იყენებდნენ საბრძოლო წყობის კედელს, ხოლო XI საუკუნიდან – საბრძოლო წყობას, რომელიც შედგებოდა პოლკებისაგან (საგუშაგო, მეწინავე, დიდი, მარჯვენა და მარცხენა ფლანგის პოლკები, რეზერვები და სხვა).

საბრძოლო წყობის შემდგომ განვითარებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ევროპის ქვეყნებში XIV საუკუნეში ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენამ. მის ეფექტიან გამოყენებას შედეგად მოჰყვა სახაზო საბრძოლო წყობის წარმოშობა. ცეცხლსასროლი იარაღის შემდგომმა განვითარებამ XVIII საუკუნეში განაპირობა კოლონების სახით საბრძოლო წყობის გაჩენა, გაფანტულ მწყობრთან შეხამებით.

XIX საუკუნის II ნახევარში არმიების აღჭურვამ კუთხვილი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც სროლის გაცილებით მეტი მანძილი და ცეცხლის სიზუსტე ახასიათებდა, გამოიწვია მსროლელთა ჯაჭვების ჯერ სტიქიური, შემდეგ კი მიზანმიმართული გამოყენება. I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მსოფლიოს ყველა არმიაში საბრძოლო წყობის ცვლა მიმდინარეობდა ჯარებში ტანკების, არტილერიის, ავტომატური სასროლი იარაღის, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და ავიაციის სწრაფი ზრდის ზემოქმედებით. II მსოფლიო ომის დროს გაიზარდა საბრძოლო წყობის სიღრმე, წარმოიშვა მისი ახალი ელემენტები. ტანკების მასშტაბურ გამოყენებას შედეგად მოჰყვა საბრძოლო წყობის ისეთი ელემენტების გაჩენა, როგორიც იყო საარტილერიო-ტანკსაწინაღო რეზერვი, მოძრავი გადამღობი რაზმი, ტანკსაწინააღმდეგო რაიონი და სხვა.

ქვეითი ჯარის, ტანკების და არტილერიის უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებისათვის, შორეული მოქმედების და ქვეითი ჯარის მხარდამჭერი საარტილერიოჯგუფების ნაცვლად იქმნებოდა პოლკის, დივიზიის და კორპუსის საარტილერიო ჯგუფები. შენაერთებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენებოდა მეწინავე რაზმები. II მსოფლიო ომის შემდეგ ბრძოლის ახალი საშუალებების – ბირთვული იარაღის სარაკეტო კომპლექსების, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების, საბრძოლო ვერტმფრენებისა და სხვა შეიარაღების შემოღებამ, ყველა სახეობის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საბრძოლო თვისებების გაუმჯობესებამ განაპირობეს საბრძოლო წყობის შემდგომი განვითარება, რომელშიც გაჩნდა თვისებრივად ახალი ელემენტები. ბევრი სახელმწიფოს საერთო-საჯარისო შენაერთების საბრძოლო წყობაში შეიყვანეს I და II ეშელონი ან საერთო-საჯარისო რეზერვი, სარაკეტო ნაწილი (ქვედანაყოფი), არტილერია, საზენიტო საშუალებები (საჰაერო თავდაცვის საშუალებები), სხვადასხვა დანიშნულების (ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო და სხვა) რეზერვები და მოძრავი გადამღობი რაზმი.

სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად საბრძოლო წყობაში შეიძლება შეიქმნას ავანგარდები, მეწინავე, სადაზვერვო, მოიერიშე, სარეიდო, შემომვლელი და სპეციალური რაზმები, ტაქტიკური საჰაერო დესანტები, აერომობილური ფორმირებებისა და ავიაციის ქვედანაყოფები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები