საგარეო საქმეთა სამინისტრო (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგარეო საქმეთა სამინისტრო - პირველი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკური უწყება. შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს. პირველ საგარეო საქმეთა მინისტრად იმ დროისათვის პოპულარული საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი, პროფესიით იურისტი აკაკი ჩხენკელი დაინიშნა. შეიქმნა აგრეთვე საგარეო საქმეთა კომისია, დიპლომატიური დაწესებულებები საზღვარგარეთ და ა. შ. 1918 წლის ივნისიდან-ოქტომბრამდე აკაკი ჩხენკელის ევროპაში ყოფნის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილის ითავსებდა. 1918 წლის ნოემბრიდან ამ თანამდებობაზე დაინიშნა ევგენი გეგეჭკორი. 1918-1921 წლების საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილის პოსტს იკავებდნენ - კონსტანტინე გვარჯალაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი და ნიკოლოზ ქარცივაძე.

დაარსებისთანავე სამინისტრო აქტიურად ჩაერთო დიპლომატიურ საქმიანობაში. სამინისტროს წარმომადგენლებმა არაერთ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი; აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გარე სამყაროსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში და, განსაკუთრებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის (სომხეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება; სოჭის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მცდელობა და ე. გეგეჭკორის მონაწილეობა ეკატერინოდარის მოლაპარაკებაში სამხრეთ რუსეთის მთავრობასთან; კავკასიის რეგიონის სახელმწიფოთა ურთიერთობის დარეგულირების საკითხი; ე. გეგეჭკორის ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე თბილისში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მთიელთა რესპუბლიკების სამი კონფერენციის ჩატარება; საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამინისტროსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების (საკონსულოების) სტრუქტურის შემუშავება, საკონსულო წესდება და სხვა მრავალი).

საგარეო საქმეთა უწყება ძირითადი შიგასახელმწიფოებრივი დაწესებულება იყო ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა დარგში. იგი მთავრობის სახელით აწარმოებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, დებდა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს უცხოეთის სახელმწიფოებთან სავაჭრო, სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა საკითხებზე. სამინისტროს პირადი შემადგენლობა 50 თანამშრომელს არ აღემატებოდა, ხოლო მისი სტრუქტურა და შტატები ასეთი იყო:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი - სამინისტროს დირექტორი, ვიცე-დირექტორი, იურისკონსული, მინისტრის მდივანი;
  • პირადი განყოფილება - მინისტრის პირადი განყოფილების გამგე, საქმის მწარმოებელი, მემანქანე;
  • პოლიტიკური განყოფილება - განყოფილების გამგე, ევროპული სექციის გამგე, აზიური სექციის გამგე, ამავე სექციების საქმის მწარმოებლები, კანცელარიები და თარჯიმნები;
  • საერთო განყოფილება - გამგე, საქმის მწარმოებელი და მისი თანაშემწე, კანცელარია;
  • საინფორმაციო ბიურო - გამგე, საქმის მწარმოებელი, კანცელარია და თარჯიმნები.

სამინისტროს სტრუქტურაში შედიოდა აგრეთვე დიპლომატიური და სამეურნეო განყოფილებები, ასევე ცალკეული თანამდებობები: ბუღალტერი, მისი თანაშენწე, რეგისტრატორი, ჟურნალისტი, დიპლომატიური კურიერები (შიკრიკები). სამინისტრო ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის (დამფუძნებელი კრების) წინაშე, რომელიც ისმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს, განაპირობებდა ძირითად მიმართულებებს საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ამტკიცებდა უკვე ხელმოწერილ საერთაშორისო შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს, იღებდა დეკრეტებს, კანონებსა და დადგენილებებს, რომლებიც საგარეო საქმეთა უწყებას შეეხებოდა, ისმენდა დიპლომატიური წარმომადგენლების ანგარიშებს.

პარლამენტში შექმნილი იყო საგარეო საქმეთა კომისია (თავმჯდომარე - კონსტანტინე საბახტარიშვილი, შემდგომში მინისტრის მოადგილე). კომისია იხილავდა და აანალიზებდა საგარეო ურთიერთობის საკითხებს, შესაბამისი კანონებისა და დეკრეტების, დადგენილებების პროექტებს, ხელშეკრულების ტექსტებს, ისმენდა დიპლომატიური შიკრიკების ინფორმაციებს, ზრუნავდა უცხოეთში მყოფ ქართველთა მდგომარეობაზე და მათ სამშობლოში დაბრუნებაზე, თავის აზრს გამოთქვამდა საელჩოებისა და საკონსულოების მუშაობაზე, მათი შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ და ყოველივე ამას პარლამენტის სხდომებზე წარადგენდა. დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ შეიქმნა საგარეო საქმეთა კომისია რომელსაც სიმონ მდივანი ხელმძღვანელობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარდა უცხოეთის ქვეყნებისა, კავშირები ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსების და ვაჭრობის სამინისტროს სავაჭრო-ეკონომიკური აგენტების მეშვეობით და საქართველოს რკინიგზების სამმართველოს სარკინიგზო წარმომადგენლებით, რომლებიც უშუალოდ საელჩოების სტრუქტურაში შედიოდნენ. ასეთი იყო ძირითადად საქართველოს საგარეო კავშირურთიერთობების შიგასახელმწიფოებრივი ორგანოები.

რაც შეეხება საზღვარგარეთულ ორგანოებს, მათ მიეკუთვნებოდა დიპლომატიური წარმომადგენლობები (მისიები, საელჩოები) და საკონსულოები. საარქივო დოკუმენტის მიხედვით: „...არც ერთ სამინისტროს არ უხდება იმდენი საგზაო ხარჯის გაწევა, რამდენიც უხდება გარეშე საქმეთა სამინისტროს. აქ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ სამინისტროს უხდება შორეულ სახელმწიფოებში თავისი აგენტების და დიპლომატიური კურიერების გაგზავნა. გარდა მანძილისა დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, იმ გარემოებასაც, რომ ყოვლად შეუძლებელია წინასწარ გათვალისწინებული იქნეს ყველა ის გარემოება, რომელიც მოელის სამინისტროს მიერ გაგზავნილ პიროვნებას სხვადასხვა სახელწიფოს ტერიტორიაზე გავლის დროს. თავზარდამცემი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ გამგზავრების წინ ჩვენი ბონები უნდა გადაახურდავო სხვა ქვეყნის ნიშნებზედ. ვინაიდან ფოსტა და ტელეგრაფი არ გვაწვდის საჭირო ცნობებს, სამინისტრო იძულებულია სისტემატიურად შიკრიკები აგზავნოს თავის წარმომადგენლებთან და ამ სახით იქონიოს მათთან კავშირი. ამნაირად, საგზაო ხარჯად სამინისტროს უნდა მიეცეს 1. 000.000 მან. (საუბარია 1919 წლის ბიუჯეტზე - ლ. ს.). მარტო გზის ხარჯი გემზე კონსტანტინოპოლამდე უდრის 15. 000 მანეთს, პარიზამდე კი გემითვე 30. 000 მან. არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ის გარემოებაც, რომ გაგზავნილი პირების დღიური ხარჯის საკითხიც დიდ როლს თამაშობს, ვინაიდან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალებით ყოველი კაცი არ გაიგზავნება და დღიურიც შესაფერი უნდა მიეცეს...“

ევროპის სახელმწიფოების დედაქალაქებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობების პირადი შემადგენლობა, ფინანსური სიძნელეების გამო, შეზღუდული იყო. მაგალითად, პარიზში არსებული საელჩოს შტატები ასეთი იყო: დიპლომატიური წარმომადგენელი, პირველი მდივანი, მეორე მდივანი, საინფორმაციო განყოფილების გამგე, მისი თანაშემწე, საქმეთა მმართველი, მანქანით გადამწერი, მსახური. ასეთივე შემადგენლობა ჰქონდათ საქართველოს საელჩოებს კონსტანტინოპოლში, ბერლინში და სხვ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოების სისტემაში კონსულების ოთხივე კლასი მოქმედებდა. გენერალური საკონსულოები მოქმედებდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში - ვლადიკავკაზსა და სტავროპოლში, ასევე ოდესასა და ბაქოში; საკონსულოები - ხარკოვში, ეკატერინოდარში (კრასნოდარში), ერევანში, პეტროგრადში, კონსტანტინოპოლსა და რომში; ვიცე-კონსულები - არმავირში, ნოვოროსიისკში; საკონსულო აგენტები კი აღსტაფასა (შემდგომ განჯაში) და ალექსანდროპოლში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსულების მოვალეობას ასრულებდნენ: ე. უშვერაძე - გენერალური კონსული ოდესაში; ლევან თუმანიშვილი - გენერალური კონსული ბაქოში; ალექსანდრე ჩერქეზიშვილი - კონსული პეტროგრადში; ირ. ფანჩულიძე - გენერალური კონსული ვლადიკავკაზში; ს. პაიჭაძე - გენერალური კონსული სტავროპოლში და სხვ.

ლელა სარალიძე

ლიტერატურა

სცსა. ფ. 1833. აღწ. 1, საქმ. 234.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები