სადღვებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადღვებელი - კარაქის დასამზადებელი ჭურჭელი. ამზადებდნენ სხვადასხვა მასალისაგან (ხე, თიხა, ტყავი, ლითონი).

თავდაპირველად ტყავისა უნდა ყოფილიყო და რძის ჭურჭლად უნდა ეხმარათ. შემდეგ, როცა ამ ჭურჭლით მომთაბარეობისას (საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას) რძე გადაჰქონდათ და იგი შემთხვევით კარაქად შეიდღვიბა, უკვე სადღვებელად გამოიყენეს. ტყავის ჭურჭელს - გუდას (ოთხში ამოღებული ცხვრის, თხის, ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი) რძის ნაწარმის დასამზადებლად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხმარობდნენ. თუშეთში გემრიელ და სახელგანთქმულ ყველს დღესაც გუდაში ამზადებენ და მას „გუდის ყველი“ ჰქვია. ტყავის სადღვებელი გვიანობამდე მხოლოდ მომთაბარე მესაქონლეებს შემორჩათ, მიწათმოქმედნი კი ძირითადად ხის, თიხის ან ლითონის სადღვებელს იყენებდნენ.

სადღვებელი

თიხის სადღვებლის რამდენიმე სახეობაა ცნობილი: ქართლური სადღვებელი ექვსყურიანია, ქიზიყური ორყურიანი, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ერთყურიანი სადღვებელი. დასტურდება სამ და ოთხყურიანი სადღვებლებიც. სადღვებლის გამოყენების ორი ვარიანტი არსებობდა - ჩამოსაკიდებელი და სადგარზე ან ბალიშზე დასადები.

თიხის სადღვებელი ხასიათდება გადაშლილი მრგვალი პირით, განიერი ყელით, დაქანებული მხრებით, ცილინდრული ფორმის მუცლით, სწორი ძირით. სადღვებელში ასხამდნენ მისი ტევადობის მიხედვით ნახევრად სავსე რძეს, რათა ამ უკანასკნელს მოძრაობის მეტი საშუალება ჰქონდეს. ჩამოსაკიდი თიხის სადღვებლები მაღალია, აქვს წვრილი ყელი, ძირი ვიწრო. ერთი ბოლო თავშეკრული ყელით მთავრდება. მეორე მხარეს დოს ჩამოსასხმელი ნაჩვრეტია დატანებული. ყურების ერთი ნახევარი ძირთან არის მირჩილული, მეორე ნახევარი ყელთან. ყურებში ჩამოსაკიდი თოკებია გაყრილი. ხელის დახმარებით, მოძრაობის გზით კარაქი იდღვიბება. რაც შეეხება სადგარზე დასადებ სადღვებელს, რძის ჩასხმის შემდგომ თავზე საქონლის ფაშვს გადააკრავენ, პატარა ბალიშზე დადებენ და ყურების მეშვეობით თანაბრად ამოძრავებენ. პირის დაბლა, ამოჭრილი ხვრელი ხის საცობით იხურება. დღვებისას დროდადრო შემოწმების მიზნით თითს ჩაყოფდნენ, თუ რძე „კუნძა-კუნძა მოხვდებოდა“ კარაქი მზადაა. ქართული თიხის სადღვებლებიდან რაჭული სადღვებელი უძველესი ფორმის უნიკალურ სახეობას წარმოადგენს.

კარაქის დამზადებაში ქართველები ძველთაგანვე იყვნენ დახელოვნებული. მცხეთის სამთავროს ბრინჯაოს სამარხებში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნეზე ადრინდელი თიხის სადღვებლები, რომელთა მსგავსსაც დღესაც იყენებენ მთიულეთში. კარაქს საქართველოს ყველა კუთხეში არ ამზადებდნენ. მისი დამზადების წესს მთიანი რაჭისა და აჭარის გარდა არც იცნობდნენ დასავლეთ საქართველოში. სამაგიეროდ აღმოსავლთ საქართველოში, განსაკუთრებით კი მთიანეთში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მთიულეთი) კარაქის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა. ხევსურული და ფშაური ერბო (გადამდნარი კარაქი) განთქმული იყო შესანიშნავი თვისებებით ისევე, როგორც თუშური ყველი და მეგრული სულგუნი.

საქართველოში ხე-ტყით მდიდარ ქვეყანაში, ფართოდ იყენებდნენ ხის სადღვებელს. ხე და თიხა უძველესი დროიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი მასალა იყო გლეხისათვის.

ხის სადღვებელი ორი სახისაა. ერთია ჰორიზონტალური, ცილინდრული, მთლიანი, გულამოღებული, ორივე მხარეს დახურული გათლილი ხის მორი ე.წ. „ვარია“. ვარიას რძის ჩასასხმელად და კარაქის ამოსაღებად შუა წელში ზემოთ ამოჭრილი აქვს ოთხკუთხა ან მრგვალი ნახვრეტი - „ვარიას პირნი“. ზედ ძროხის გამხმარი ფაშვის ნაჭერი აფარია. ქვემოთ ფსკერზე გაკეთებული ნახვრეტიდან, რომელსაც ჩხირი აქვს დაცობილი, გამოდის დო - კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი მომჟავო სითხე. ვარიას თოკით შენობის ჭერზე ჰკიდებდნენ და ხელით არწევდნენ რძის ასადღვებად.

ხის მეორე სადღვებელია „ჩხუტ-ბრუნელი“. ეს ვერტიკალური მთლიანი ხის ცილინდრული, გულამოღებული მორია, რომლის ცალი მხარე დახურულია (ფსკერი აქვს), მეორე მხარე - ღია. მასში უმი (მოუდუღარი) რძე ფირფიტებიანი ჯოხის - „ბრუნელის“ - ზემოდან ქვემოთ მოძრაობისას იდღვიბება. ჩხუტ-ბრუნელი ვარიასთან შედარებით მომცროა.

ვარიასა და ჩხუტ-ბრუნელის დასამზადებელი ხე უმეტესად შემოდგომაზე და ზამთარში იჭრება. ასეთი ხისაგან დამზადებული ჭურჭელი არ სკდება. ვარიას დასამზადებლად ცაცხვის ხეს არჩევენ, რადგან გასათლელად ადვილია (რბილია). სკდება. ვარიის დამზადებისას ყველაზე ძნელი იყო გვერდების ამოვსება. აქ ჩასასმელ ფიცრებს წინასწარ თლიდნენ და ახმობდნენ. მათ ვარიის ნედლ გვერდებში სვამდნენ. გაშრობისას სადღვებლის ნედლი გვერდები ხმელ ფიცრებს მჭიდროდ ეკვროდა და იქიდან სითხე ვეღარ ჟონავდა.

საერთოდ, კარაქს უმი რძისაგან ამზადებდნენ, მაგრამ ხევსურეთში, სადაც ძველად ბევრი საქონელი ჰყავდათ, რძეს დიდ ბაკნებზე - გობებზე ასხამდნენ: რძე აქ ნაღებს მოიდებდა, ხევსურები ნაღებს აგროვებდნენ, შემდეგ ასხამდნენ ვარიაში და მისგან ამზადებდნენ კარაქს.



ლიტერატურა

მ. ხაზარაძე, დასურათებული ლექსიკონი. 2008.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები