შვიდი საეკლესიო საიდუმლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საეკლესიო საიდუმლო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საეკლესიო საიდუმლო - მართლმადიდებელ ეკლესიაში, ჩვეულებრივ, ასახელებენ შვიდ საიდუმლოს: ნათლობას, მირონცხებას, ზიარებას, სინანულს, ქორწინებას, მღვდლობასა და ზეთისცხებას.

საიდუმლოებათა რიცხვის განსაზღვრა არ არის ძველი ტრადიცია, იგი კათოლიკური ეკლესიიდან იქნა გადმოღებული. ტრადიცია ამბობს, რომ ყველაფერი, რაც არსებობს ეკლესიაში და ეკუთვნის ეკლესიას, არის მადლმოსილი და საიდუმლო. ჩვენი ლოცვები, კურთხევანი, კეთილი საქმეები, აზრები, ქმედებები – ყველაფერი მონაწილეობს „მარადიულ ცხოვრებაში”. ყოველივე ცოდვილი და მკვდარი კი იკურთხება და ცოცხლდება მამა ღმერთის ძალით ქრისტეში და სულიწმინდით. ამგვარად, ღმერთის საშუალებით ყველაფერი ხდება საიდუმლო, ღვთის სასუფევლის – რომელიც უკვე ამ ქვეყნად განიცდება – საიდუმლოს ნაწილი.(პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო)

სარჩევი

ნათლისღება

ძირითადი აქტი, რომლის ძალითაც ადამიანი ქრისტიანად ანუ ქრისტეს ეკლესიის შვილად ითვლება, არის ნათლობა, მაგრამ ნათლობის რიტუალს უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახლადმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს (მოძღვრებას წმიდა სამებაზე, ეკლესიაზე და სხვ.), სწავლობს მრწამსს („მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა...“), ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება.

ნათლისღება ხდება წყალში სამგზის ჩაღრმავებით ან, თუ ამის საშუალება არ არის, წყლის სამგზის სხურებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წყალი არსად არის, ხოლო ნათლისცემა გადაუდებელია (სიკვდილის სარეცელზე), ქვიშის მეშვეობით. ნათლისცემის პრეროგატივა ეკუთვნის ხელდასხმულ მღვდელს, რომელსაც ეძლევა სამების სახელით ნათლისცემის უფლება. თუ მღვდელი არ არის, ხოლო ნათლისღება აუცილებელია (სიკვდილის სარეცელზე), ნათლობის ჩატარება შეუძლია საერო პირსაც, მაგრამ ამგვარად მონათლულის გადარჩენის შემთხვევაში მღვდელმა სრული წესით უნდა აღასრულოს ნათლისცემა. ნათლისღებისას ნათელღებული ღვთის წყალობით განიწმიდება ადრე ჩადენილი ცოდვებისგან და ამიერიდან იგი ქრისტეს ეკლესიის შვილად (წევრად) ითვლება, მაგრამ ნათელღებულმა ქრისტიანული წესით ცხოვრებით უნდა შეინარჩუნოს ეს სიწმიდე. ნათლისღება მეორედ დაბადებაა, სულიერი შობაა და იგი მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში (მრწამსში ნათქვამია: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა...“).

მირონცხება

წმ. მირონის ცხება ხდება ნათლობის შემდეგ, რაც ანიჭებს ნათელღებულს სულიწმიდის მეშვეობით სასიცოცხლო ძალას, სულიერ ზრდასა და განმტკიცებას ღვთის რწმენაში. მირონცხება უშუალოდ მოსდევს ნათლობას და აღიქმება ნათლობის შემადგენელ ნაწილად, თუმცა ის დამოუკიდებელი საიდუმლოა.

ზიარება ანუ ევქარისტია

ყოველი ქრისტიანი - სამღვდელო და ერისკაცი - ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს პურისა და ღვინის სახით, ამით იგი მისტიკურად მონაწილეობს საიდუმლო (უკანასკნელ) სერობაში, როცა ქრისტემ გაუნაწილა მოციქულებს თავისი უკვდავი სიცოცხლე. „ესე არ ხორცი ჩემი მრავალთათვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა; სვით, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა“. პურისა და ღვინის გარდაარსება ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება წმიდა სულის მოხმობით (ეპიკლესისი). რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებლი, არ არის განსაზღვრული.

აღსარება

ქრისტიანი პერიოდულად აღიარებს ცოდვებს მღვდლის წინაშე, რომელიც მას მიუტევებს იესო ქრისტესა და მისი ეკლესიის სახელით.

ქორწინება

წყვილის შეუღლება რომ სულიერად კანონიერი იყოს, იგი საჭიროებს კურთხევას, რომლის პრეროგატივა ეკლესიას ეკუთვნის: მღვდელი, ეკლესიის სახელით, აკურთხებს საქორწინო გვირგვინს. რასაც ის შეკრავს, ზეცაშიც შეკრული იქნება.

ზეთის კურთხევა

ეს საიდუმლო აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულისა და სხეულის საკურნებელად და იმ ცოდვების მისატევებლად, რომლებიც უღიარებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს.

მღვდლობა

საიდუმლო, რომელსაც ასრულებს მღვდელმთავარი რომელიმე პირის მიმართ, რომელიც განწესებულია საეკლესიო იერარქიის რომელიმე საფეხურისთვის (საეპისკოპოსოდ, სამღვდელოდ თუ სადიაკვნოდ). სულიწმიდის მადლით პირი სულიერად უფლებამოსილი ხდება ასწავლოს ქრისტიანული ჭეშმარიტებები, აღასრულოს საეკლესიო საიდუმლოებები და ზნეობრივად დამოძღვროს მრევლი, ქრისტეს სამწყსო.


ზურაბ კიკნაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები