სავანის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთო ხედი

სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, - სავანის ეკლესია (ინგლ. Savana Church) – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სავანის წმინდა გიორგის ეკლესია. მდებარეობს იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეში.

ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის შესასვლელების ტიმპანზე არსებული წარწერების თანახმად ეკლესია 1046 წელს აუგია ადგილობრივ ფეოდალს, ერისთავთერისთავ გიორგი გულზვიადის ძესა და ხუროთმოძღვარ ჰარაბას, ხოლო აღმოსავლეთი ფასადის წარწერაში ნათქვამია, რომ მშენებლობაში მთელი სოფელი იღებდა ნივთიერ მონაწილეობას. საინტერესო ცნობებს შეიცავს ტაძარზე არსებული სხვა წარწერებიც. უდავოდ, სავანის წმ. გიორგის ეკლესია XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებათაგანია. შენობის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. მოტივებით უხვი და მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული ნაგებობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.

დასავლეთი ფასადის ტიმპანიანი შესასვლელი

ეკლესია დარბაზული ტიპის ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს მოგვიანებით მიშენებული სტოა-კარიბჭე. კარიბჭე და „საქალებო“. ნაგებობა სიდიდით ბევრად სჭარბობს სხვა ერთნავიან ეკლესიებს, მაგრამ სადიაკვნე და სამკვეთლო მას არ აქვს. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს თითო ღრმა ნახევარწრიული მოხაზულობის თაღოვანი ნიშაა გაკეთებული. ეკლესიას ჩრდილოეთი კედელი ყრუ აქვს. საკურთხევლის გარდა შენობას სამხრეთით სამი, ხოლო დასავლეთით ერთი სარკმელი აქვს. სავანის ეკლესიის გარეგნობა სავსებით დასრულებულ, ჩამოყალიბებულ მხატვრულ სურათს წარმოგვიდგენს. უნდა აღინიშნოს, რომ შეკეთებულ და გადაკეთებულ „საქალებოს“ თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ნაგებობამ ხელუხლებლად მოაღწია ჩვენამდე. მთავარი, სავანის წმინდა გიორგის ეკლესიაში, მისი მხატვრული ღირსებაა.

აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის საპირე
სამხრეთი კარიბჭის მორთულობა

ტაძრის ფასადების პერანგისთვის თბილი, მსუბუქი „აქვარელური“ ფერის წმინდა მარცვლოვანი კრისტალური კირქვაა გამოყენებული. კედლის სიბრტყე აქ არსებით როლს ასრულებს. მიუსედავად თაღებისა და სარკმელებისა, კედლელბი არაა გადატვირთული. მორთულობის სისტემა არ ჩრდილავს მის მნიშვნელობას. სავანის ოსტატი სავსებით ჩამოყალიბებული პრინციპების, მკაცრი გემოვნების მქონე ხელოვანია. განსაკუთრებით ეს ჩანს აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, სადაც არ არის დარღვეული სამთაღიანი კლასიკური კომპოზიციის ფორმულა. ორივე ფასადი სრულიად სიმეტრიულია, განაპირა თაღების არეები სუფთაა, ინტენსიურია შუა ღერძების შემადგენლობა: აღმოსავლეთით კიდეებაკეცილი თაღოვანი სათაურით დაგვირგვინებული სარკმელია, რომლის საპირის ქვემო კუთხეებს ებმის ერთნაირი ზომის მცირე მოჩუქურთმებული დისკოები; სარკმლის ზემოთ საფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია. ფრონტონის კეხის ქვეშ დიდი დისკოა, რომელიც ერთიანადაა შევსებული ცენტრიდან გამომავალი სხივებით. მსგავსი სარკმელი აქვს დასავლეთ ფასადსაც, მხოლოდ მის მაღლა კეხის ქვეშ დისკოს ნაცვლად ხახადაღებული ლომის რელიეფური ფიგურაა ჩასმული. უხვად დაჩუქურთმებული ფართო საპირითაა მოჩარჩოებული ტიმპანიანი შესასვლელი, რომელიც სამხრეთი კარიბჭის ფარგლებშია მოქცეული. მორთულობის მხრივ ის ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში. მდიდარია კარიბჭის ორნამენტაციაც, რომლის პარალელები XI საუკუნის პირველ ნახევარში გვაქვს.

ინტერიერში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც XIX საუკუნეში რესტავრაციის დროს ძლიერ დაზიანებულა. ეკლესიის ჩუქურთმებით დამშვენებული კარნიზების, სარკმლებისა და ორი პორტალის საპირეების დეკორი ახლოსაა კაცხის ეკლესიის გარშემოსავლელთან და ნიკორწმინდის არქიტექტურასთან. ეკლესიის დასავლეთით აგებული სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. ეკლესიის ზომებია: სიგრძე 15,9 მ, სიგანე უკარიბჭეოდ – 8,35 მ, კარიბჭიანად – 14,5 მ, სიმაღლე შიგნით – 10,3 მ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები