სათითე მკელის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სათითე მკელის

სათითე მკელის - მკელის აღჭურვილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მზადდებოდა რქისაგან, ზოგჯერ ხისგანაც. იცოდნენ როგორც ერთი (კახეთი), ისე ორი ან სამი (ქართლი) სათითის ხმარება.

სათითეებს გამოიყენებდნენ ნამგლით მოცელვისას თითის დაცვის მიზნით. რქას მოხარშავდნენ და ნაცარში დაალბობდნენ. შემდეგ სასურველ ადგილას წააჭრიდნენ თავს და გათლიდნენ, გაასუფთავებდნენ. წვერში ოდნავ მოხრიდნენ, გაუკეთებდნენ საზურგულესა და საოფლე ნაჩვრეტებს. სათითეს მუცელზე ტარის გაგრძელება ჰქონდა, რომელსაც მცირე ნაჩვრეტი გააჩნდა. აღნიშნულ ნაჩვრეტში თასმა იყო გაყრილი მაჯაზე მისაბმელად.

მკაში სათითეების გამოყენების ისტორია საკმაოდ ძველია. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური განათხარი მასალაც. უძველესი მომკელის სათითეები აღმოჩენილია ურბნისში (I-II სს.), დმანისში (XII ს.). მკელის სათითე ასახულია ჯრუჭის ოთხთავის მინიატურაში. აღსანიშნავია, რომ მკის დროს სათითეების დაცვის მიზნით გამოყენება სხვა ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგ., თურქეთში, ირანში. ჩრდ. კავკასიაში, დადასტურებულია სათითე, რომელიც სამი თითისთვის ერთი ფიცრისაგანაა გამოთლილი, ამიტომ, მუშაობის დროს, სამივე თითს დამოუკიდებელი მოძრაობის შესრულება არ შეეძლო, რაც შესაბამისად შრომისნაყოფიერებაზეც აისახებოდა. საქართველოში კი სამკალი სათითეები ხელის თითოეულ თითზე ცალ-ცალკე იცმოდა.

ლიტერატურა

გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღის ისტორიიდან, 1960. ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის, 1964. მ.ხ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები