საიმონი ჰერბერტ ალექსანდერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საიმონი ჰერბერტ ალექსანდერ

საიმონი ჰერბერტ ალექსანდერ - Simon Herbert Alexander, Саймон Герберт, 1916-2001

ამერიკელი ეკონომისტი, სოციოლოგი, ინფორმატიკოსი, ფსიქოლოგი. კოგნიტივისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მრავალმხრივი განათლება მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტში. მუშაობდა ჩიკაგოს, კალიფორნიის და პიტსბურგის კარნეგის უნივერსიტეტში, ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. აშშ-ს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი, ამერიკისა და ევროპის მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მიღებული აქვს ნობელის პრემია ეკონომიკაში (1978) და APA-ს ჯილდო „მეცნიერებაში თვალსაჩინო მიღწევებისთვის” (1969), რომელიც ყველაზე პრესტიჟულია ფსიქოლოგთათვის.

სამეცნიერო კარიერა დაიწყო ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგებში. დაამუშავა ნოვატორული მიდგომები რაოდენობრივი მეთოდების გამოყენების მხრივ სოციოლოგიაში, ეკონომიკაში და მართვაში. წიგნში „ადმინისტრაციული ქცევა” ორგანიზაციის მუშაობის პრინციპების გარდა გადმოცემულია ე.წ. „შეზღუდული რაციონალობის” კონცეფცია, რომელმაც სამი ათეული წლის მერე ავტორს ნობელის პრემია მოუტანა. შეზღუდული რაციონალობის იდეა არაიმდენად ეკონომიკას, რამდენადაც ფსიქოლოგიას განეკუთვნება. ის იმაში მდგომარეობს, რომ მცდარია საზოგადოებრივ მეცნიერებებში გავრცელებული შეხედულება ადამიანზე, როგორც რაციონალურ ინდივიდზე, რომელიც არაფერს აკეთებს ისეთს, რაც მისი ინტერესების საზიანოა {რაციონალურობის პოსტულატი}. არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანების უმეტესობა მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური და უფრო ხშირად კი ემოციური და ირაციონალურია. მთლიანად რაციონალური გადაწყვეტილების მიღება ძნელად განსახორცილებელია პრაქტიკაში, ამისთვის საჭირო გამოთვლითი რესურსების შეზღუდულობის გამო (თუმცა სრული ინფორმირებულობისა და სრულიად ცხადი და მკაფიო წანამძღვრების პირობებშიც ადამიანები იშვიათად მსჯელობენ რაციონალურად ანუ ლოგიკურად {აზროვნების ტიპური შეცდომა}).

1950-იან წლებში ალან ტიურინგის, კლოდ შენონისა და ო. ზელცის იდეებზე დაყდნობით საიმონმა, ა. ნიუელთან და ჯ. შოუსთან ერთად ხელი მოჰკიდა აზროვნების კომპიუტერული მოდელების, ე.წ. ხელოვნური ინტელექტის შექმნას. სიმბოლური ლოგიკის ამოცანების ამოსახსნელად გათვალისწინებული ე.წ. „ევრისტიკული პროგრამები” მიმართავდნენ არა პირდაპირ გადათვლა-გადარჩევას, არამედ ევრისტიკებს. ავტორები ცდილობდნენ იმ გზებისა და მეთოდების მაქსიმალური სიზუსტით გამეორებას, რომლებსაც ადამიანები იყენებენ შემოქმედებითი, არასტანდარტული ამოცანის გადაწყვეტის დროს. ამისთვის ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვდნენ, სხვადასხვა ამოცანების ამოხსნისას ხმამაღლა ეაზროვნათ და ემსჯელათ. ამ მეთოდით გამოვლინდა ამოცანების გადაწყვეტის განსხვავებული სტრატეგიები, რომლებშიც ორი ჯგუფი გამოიყო - ალგორითმები და ევრისტიკები. ისინი კომპიუტერულ ენაზე გადაიტანეს. საიმონს და მის კოლეგებს მიაჩნდათ, რომ ამოცანის გადაწყვეტით დაკავებული ადამიანის ტვინსა და ამავე ამოცანის გადაწყვეტაზე დაპროგრამებულ კომპიუტერს შორის არსებული ძირეული მსგავსება ბევრად აღემატება იმ განსხვავებას, რომელიც მათ მოწყობილობაშია {რობოტომორფიზმი}. ერთიც და მეორეც უბრალოდ სისტემებია, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში გადაამუშავებენ ინფორმაციას და, ამასთან, მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მოქმედებენ. ამ კვლევებმა უდიდესი გავლენა იქონია ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაზე.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები