საინგილო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინგილო - კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე ახლა საინგილოს სახელს ატარებს. დღეს ის აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და მოიცავს ამ რესპუბლიკის სამ რაიონს: ზაქათალის, ბელაქნისა და კახის რაიონებს.

სარჩევი

სახელწოდება

ტერმინები „საინგილო” და „ინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა. მისი ქართული სახელწოდება გვიან შუა საუკუნეებში ელისენი იყო, ხოლო უფრო ადრე ეს ტერიტორია საკუთრივ „ჰერეთს“ მოიცავდა. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა და ნიშნავს ინგილოებით დასახლებულ ქვეყანას, ხოლო „ინგილო” ეწოდა ამ ქვეყნის მკვიდრ უძველეს ქართულ მოსახლეობას. საინგილოში ქართული მოსახლეობა ალაგ-ალაგ შემორჩა. ამ მხარის ადგილობრივ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს „ახლად მორჯულებულები” (ძველი თურქულით „იანგოლი”) უწოდეს, საიდანაც წარმოდგა „ინგილო” და ამ მხარის სახელწოდება „საინგილო”. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი (თ. პაპუაშვილი) ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მიიჩნევენ, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის სახელწოდება წარმოსდგება ერთ-ერთი ქართული სოფლის – „ჰენგიანის” სახელწოდებიდან.

ისტორია

საინგილოს ფართობი 3.985 კვ. კმ.-ს აჭარბებს. საინგილო ცარიზმის დროს ზაქათალის ოლქს მოიცავდა. აქ მცხოვრები 74.449 კაციდან ქართველი მხოლოდ 12.430 იყო. უმეტესობას ლეკები შეადგენდნენ. 1897 წლის აღწერით ზაქათალას მაზრაში ქართული ენა მშობლიურ ენად 12.394 ადამიანმა დააფიქსირებინა.

საინგილოში ძირითადად XVII საუკუნიდან მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლა მოხდა. შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად ეს მხარე მოსახლეობისაგან თითქმის სულ ამოვარდა/დაიცალა (მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვეტილ იქნა. გადარჩენილი ნაწილი ირანში გაიყვანეს ტყვედ). ქართული მოსახლეობა მინიმუმამდე შემცირდა. ქართველთა ნასოფლარებში დაღესტნელი ხუნძები და წახურები დასახლდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ყმებად გაიხადეს და გაამაჰმადიანეს. ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული დაღესტნელები თურქეთისა და ირანის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. „საინგილო შედგებოდა ორი პოლიტიკური ერთეულისაგან: ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ელისენი) და ელისუს სასულთნოსაგან. მისი საზღვრები, მას შემდეგ, როდესაც იგი XVII საუკუნის დასასრულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ ფეოდალურ საქართველოს პოლიტიკურ ფარგლებს გარეთ მოექცა, შემდეგი სახით წარმოგვიდგება: ჩრდილოეთი საზღვარი გასდევდა კავკასიონის მთავარ ქედს. ... დასავლეთით საინგილოს (ელისუს სასულთნო და ჭარ-ბელაქანის თემები) ესაზღვრებოდა კახეთის სამეფო, სამხრეთით შირაქის ველი, აღმოსავლეთით შექის (ნუხის) სახანო. ამ საზღვრებს შიგნით მოქცეული მთელი ეს ტერიტორია, ძველად, ადრინდელ საუკუნეებში, ძველი ქართული ისტორიული პროვინციის, ჰერეთის ფარგლებში შედიოდა. კერძოდ, ის შეადგენდა მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. უძველესი დროიდანვე ეს ქვეყანა დასახლებული იყო ქართველური მოდგმის ტომებით, რომელთა საერთო ქართული სახელი – ჰერები და ჰერეთი უკვე V საუკუნეში არის დადასტურებული”.

აღმოსავლეთ კახეთის დაკარგვას საფუძველი ფაქტობრივად ლევან კახთა მეფის მმართველობისას ჩაეყარა, როდესაც აქ ხუნძ და წახურელ ლეკთა პირველი ახალშენები გაჩნდა ფიფინეთსა და ჭარში. ისინი აქ 1549 წელს ლევანის ნებართვით დასახლდნენ და ყინულის ზიდვა დაეკისრათ კავკასიის მთებიდან. შემდეგ შაჰ-აბასმა ელისუს სასულთნო შექმნა და ლეკებს გზაც გაეხსნათ ჩამოსახლებისა. XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასის მიერ მხარე თითქმის მთლიანად გაპარტახდა – ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა მხოლოდ აქაიქღა შემორჩა და აღმოსავლეთ კახეთში ლეკებს თავისუფალი ჩამოსახლების საშუალებაც მიეცათ. XVII საუკუნის 70-იან წლებამდე კახეთის მეფეები კიდევ ახერხებდნენ ლეკების რამდენადმე ალაგმვას. 1677 წლიდან კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ კახეთში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ლეკთა „უბატონო თემები”. მხარე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეთნიკურადაც დაიკარგა. რეალური ისტორიის საპირისპიროდ ზოგიერთი დაღესტნელი მეცნიერი ფალსიფიცირებულ ისტორიას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ლეკები, მართალია, XVI საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოსახლდნენ, მაგრამ ისინი მოსული ხალხი არაა და რომ გვიან შუა საუკუნეებში მოსული ხუნძები და წახურები თურმე ალაზნის მარცხენა მხარეზე უფრო ადრე აქ მცხოვრები თანამემამულეების მეზობლობაში დასახლდნენ და ასკვნიან, რომ ისინი ძირძველი ადგილობრივი მკვიდრები არიან.

დროთა განმავლობაში კახელი გლეხები „უბატონო თემების” მხარეზე გადავიდნენ – ამ პროცესში ისინი გამუსლიმდნენ და გალეკდნენ. აღმოსავლეთ კახელთა გალეკებას ისიც უწყობდა ხელს, რომ ლეკებმა ქართველები ფაქტობრივად დაიყმევეს (განსაკუთრებით ბევრი ქართველი გალეკებულა ბელაქნის რაიონში). თავდაპირველად მეგობრობისა და ყმობის პირობით ჩამოსახლებულებმა ადგილობრივი ქართველები დაიმორჩილეს და დაიყმევეს. ინგილო (ასევე მუღალი) ლეკებს დიდ გადასახადს უხდიდა. „მობრძანდებოდა თუ არა მებატონე ლეკი... რაც მოეწონებოდა ლეკს სახლ-კარში, მაშინვე ხელს დაადებდა და თან წაიღებდა. ურჩ გადამხდელს კი აწიოკებდნენ, სცემდნენ და საკუთარი სახლის წინ ხეზე ფეხებით ჰკიდებდნენ”. გალეკებული ქართველები ცხოვრობენ საინგილოს შემდეგ სოფლებში: ბელაქანი (მოსახლეობის 30%. აქ მკვიდრობს 50-მდე კომლი ვაჩნაძე, რომლებიც ახლა გალაჯოვის გვარს ატარებენ), ყაბახჩოლო (40% ძირად ქართველი), კატეხი (50%), მაგამალარი (20%), მაწეხი (50%). დეეთნიზებულ ქართულ მხარეს მალე ახალი სახელწოდებაც – საინგილო – დაუმკვიდრდა და გადარჩენილ მის მკვიდრ ქართველებს – ინგილო. ლეკები ეთნიკურ უმრავლესობად იქცნენ. აქვე იმავე დროს მუღალებიც დასახლდნენ, რომლებიც ასევე ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ.

XIX საუკუნის დასაწყისში ქართველები (ინგილოები) ცხოვრობდნენ ჭარის თემის სოფლებში: ალიაბადი, ჰენგიანი, მოსული, ზაგამი, ყორაღანი, ვერხვიანი და შოთავარი. თალას თემის ინგილოური სოფლები იყო: ყადახი და ყაპანჩახი. ჯინიხის თემიდან კი შეიძლება მარსანი და ლალაფაშა დავასახელოთ. ქართველების იყო სოფელი ითი-თალაც. ელისუს სასულთნოში ინგილოების უმთავარესი ცენტრი იყო კახი/კაკი.

საინგილო/ჰერეთი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან აღმოჩნდა რა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ადგილობრივმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაიწყო ქართველთა ძალადობრივი ასიმილაცია.

დღეს საინგილოში მკვიდრობენ როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ქართველები. მაჰმადიანი ქართველების (ინგილოების) გარკვეულ ნაწილს შემორჩენილი აქვს დედაენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს ცნობს.

ქართული ეკლესია-მონასტრები

საინგილოს ანუ აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე ქართველთა ოდითგანვე მკვიდრობის დამადასტურებელია არაერთი ქრისტიანული კულტურის ძეგლი, განსაკუთრებით ამ ძეგლთა ნანგრევები. ფიფინეთში ასეთი სამი ეკლესია ყოფილა. ფიფინეთის ეკლესიები მოხსენიებულია 1310 წლის ქურმუხის მთავარეპისკოპოსის კირილე დონაურის ანდერძში. ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიის გარდა, საინგილოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან აღსანიშნავია ბახთალის ღვთისმშობლის ეკლესია და ლექეთის დედათა მონასტერი.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები