საკანდელიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ საკანდელიძე ამერიკელ კალათბურთელებთან
ფინალურ შეხვედრაში. მიუნხენი, 1972 წელი

ზურაბ საკანდელიძე — (დ. 1945 წლის 9 აგვისტოს, ქუთაისი - გ. 25 იანვარი, 2004, თბილისი) კალათბურთელი (186 სმ). თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1963-75) და სსრკ ნაკრებში (1965-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XIX ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 67, 69, 71) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფობელი (1969), ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967). სსრკის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

ზურაბ საკანდელიძე ყველაზე ტიტულიანი კალათბურთელია ქართველთა შორის. ფასდაუდებელია ზურაბ საკანდელიძის როლი მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალში, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა დაამარცხა აშშ­-ის უძლიერესი გუნდი და პირველად ისტორიაში მოიპოვა ოლიმპიური ოქროს მედლები. გარდა იმისა, რომ საკანდელიძემ მაღალ დონეზე ჩაატარა მთელი მატჩი, სწორედ მისი საზრიანი მოქმედების წყალობით შეჩერდა თამაში და, მაშასადამე, გაჩერდა წამმზომი, რაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ შეხვედრის ერთ­ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი გამოდგა.

საქმე ასე იყო: მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე საბჭოთა ნაკრები ერთი ქულით იგებდა და ბურთი საშა ბელოვს ჰქონდა. მას თავისუფლად შეეძლო იმ რამდენიმე წამს ბურთის შენარჩუნება და შეხვედრაც მოგებული იყო, მაგრამ რუსმა ცენტრფორვარდმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და უხეირო პასი გააკეთა უკან, საკანდელიძის მისამართით. ბურთს ამერიკელი კოლინზი დაეუფლა და ზურაბსაც სხვა არაფერი დარჩენოდა, კოსმოსური სიჩქარე არ ჩაერთო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა,არ დასტაკებოდა ამერიკელ კალათბურთელს, რათა გარდაუვალი ორი ქულისგან დაეცვა საკუთარი ფარი. ორ ქულასთან ერთად სათამაშო დროც იწურებოდა. ჯარიმის შემთხვევაში კი წამზომი გაჩერდებოდა და თუ ამერიკელები საჯარიმოებს გამოიყენებდნენ, ორიოდე წამი კიდევ რჩებოდა მატჩის გადასარჩენად. სწორედ ასე მოხდა. ამერიკელებმა ორივე ჯარიმა გამოიყენეს, ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე კიდევ რჩებოდა სამი წამი. სწორედ ამ სამ წამში, ივან ედეშკოს ფილიგრანული პასის შემდეგ, ალექსანდრე ბელოვმა ამჯერად ზუსტად იმოქმედა, ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა ორი მეურვე და უპრობლემოდ მოათავსა ბურთი მოწინააღმდეგის კალათში. აი, რა ფასი ჰქონდა ზურაბ საკანდელიძის წამიერ გადაწყვეტილებას, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შეეჩერებინა კოლინზი. ასე რომ, ამ კულმინაციური ეპიზოდის აღწერისას, ედეშკოს ოქროს პასსა და ბელოვის ოქროს ორ ქულასთან ერთად, სავსებით სამართლიანად, აუცილებლად აღნიშნავენ საკანდელიძის განსაკუთრებულ როლს.

ვლადიმირ კონდრაშინი: „მე, როგორც ნაკრების უფროს მწვრთნელს, ვფიქრობ, ბედმა გამიღიმა, რომ ფინალის უკანასკნელ წუთზე მოედანზე იყო ზურაბ საკანდელიძე. სწორედ მან, თავისი გამჭრიახობისა და სისწრაფის წყალობით შეძლო დასწეოდა კოლინზს და შეეჩერებინა მისი შეტევა. დარწმუნებული ვარ, ზურაბის გარდა ამას ვერავინ შეძლებდა“.




იხილე აგრეთვე

ზურაბ საკანდელიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები