სალტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალტა

სალტაკაბის ზემოდან სახმარი სათბილო სამოსი.

თარგით სიხმის და ჩათაკისაგან განსხვავდებოდა, სარჩულად სადა ჩითი გამოიყენებოდა. მისთვის შესაბნევის გარეშე გახსნილი გულისპირი და გამორჩეულად მრავალფეროვანი მოქარგულობა იყო დამახასიათებელი. ორნამენტის მასალად უპირატესობას მკერდის ვერცხლის გრეხილს ანიჭებდნენ. მოქარგული იყო მისი წინა და უკანა კალთები, სახელოები. საყელოს სპირალური ორნამენტი ჰქონდა შემოვლებული. ასეთივე სახის ორნამენტი მის სახელოებსაც გაყვებოდა. მკერდსა და კალთას შორის არსებულ სიცარიელეს ვერცხლისმკედით გამოყვანილი ერთმანეთში ჩასმული შვიდი წრეხაზი ავსებდა, რომელიც ვერცხლისმკედის ცალმაგი გრეხილით იყო გარშემოწერილი. საერთო კომპოზიციაში ეს გეომეტრიული წრეები ვარდების გამოსახულებას წარმოსახავდა. სალტას უკანა მხარეც კარგად იყო ორნამენტირებული.

ტანსაცმლის ამ ნიმუშს აჭარაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნდა. მას მაღალი წოდების – მაღალი სოციალური წრის ქალები ატარებდნენ, თუმცა ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ძველად იგი საყოველთაო ჩასაცმელს წარმოადგენდა.

საქართველოში ჩვენთვის ცნობილი ამ ტიპის სამოსიდან ერთ-ერთი შინდისფერი მაუდის სამი ნაჭრისაგანაა შეკერილი. სარჩულად სადა ჩითი აქვს დაგებული, მისთვის დამახასიათებელი გახსნილი გულისპირი შესაბნევების გარეშე აქვს. სალტა ქარგულობითაც გამორჩეული სამოსი იყო. მოქარგული იყო მისი წინა და უკანა კალთები. სალტას მსგავსი სამოსი, იგივე ტერმინით, ანატოლიაშიცაა ცნობილი, სადაც იგი სადღესასწაულო სამოსებში ერთიანდებოდა.

სალტის დანიშნულების მქონე მოკლე სამოსი X საუკუნის ფავნისის ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ საქართველოში აღნიშნული სამოსის მხოლოდ სახელწოდება იყოს შემოსული, თვით სამოსი კი – ადგილობრივი წარმოშობის უნდა ყოფილიყო. სიტყვა იტალიურია და ქურთუკს ნიშნავს.



ლიტერატურა

  • ჩოფიკაშვილი, 1964;
  • სამსონია, 2005:69;
  • ქართული მატერიალური კულტურის... 2011:346;
  • კვანტიძე, 2018.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები