სალუქვაძე ნინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რვაგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე ცეცხლის ხაზზე. სეული, 1988 წელი

სალუქვაძე ნინო – (დ. 1 თებერვალი, 1969, თბილისი), ტყვიის მსროლელი. 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სპორტული პისტოლეტით და მეორე პრიზიორი პნევმატური პისტოლეტით სროლაში. კიდევ 7 ოლიმპიადის მონაწილე: 1992, ბარსელონა – სპორტული პისტოლეტით სროლაში – V ადგილი, პნევმატურით – X; 1996, ატლანტა – სპორტულით VII, პნევმატურით – V; 2000, სიდნეი – ფინალში ვერ მოხვდა; 2004, ათენი – სპორტულით VIII, პნევმატურით – X ადგილი; 2008, პეკინი – სპორტულით III, პნევმატურით – XVI ადგილი. 2012, ლონდონი – სპორტულით XV, პნევმატურით – XXXIII ადგილი; 2016, რიო დე ჟანეირო – სპორტულით XXXIV, პნევმატურით – VI ადგილი. მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986, 87, 89, 90 – სპორტული + პნევმატური, 91), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში. მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989-2010). ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989, 90, 93), ორგზის მეორე (2005) და ორგზის მესამე (1999, 2003) პრიზიორი. მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2019) დამყარებული აქვს 11 მსოფლიო რეკორდი და 1 ოლიმპიური რეკორდი. საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1988, 99). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

ნინო სალუქვაძის მიერ სხვადასხვა შეჯიბრებებში მოპოვებული მედლებისა თუ პრიზების სრული ნუსხა რომ შეადგინო, სულაც არ არის ადვილი საქმე. თავად ნინოსაც დიდი ხანია სათვალავი აერია და ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს. შედარებით იოლია მთავარი ტიტულების ჩამოთვლა: სეულის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედალი, პეკინის ოლიმპიური ბრინჯაო, მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონობა პირად და გუნდურ პირველობაში, მსოფლიოს ცხრა სუპერთასი. ნინოს გამარჯვების ფორმულა ასეთია: ორბის თვალი და ფოლადის გამძლეობა, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში – რკინის გული. რკინა და ფოლადი, კარგია, მაგრამ გრძნობა და ემოცია – უფრო საჭირო. ჩვენ რომ ტყვიის სროლა „ცივგულიანთა“ სპორტი გვეგონა, საქმე, თურმე, სხვაგვარად ყოფილა. ნინო სალუქვაძე ამბობს: „იმ უკიდურესი დაძაბულობისა და პასუხისმგებლობის მომენტშიც კი, როცა გამარჯვების ბედი ერთადერთ ანუ ბოლო გასროლაზე ჰკიდია, როცა თვალი და გონება ერთ წერტილს მისჩერებია და იმ მომენტში იმ წერტილის გარდა ქვეყანაზე სხვა არაფერი არ არსებობს, გონება გულს ეთათბირება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ ღებულობს – „ისროლე!” მთავარია გულიდან წამოსული იმპულსი. ამაში ნინო ღრმად არის დარწმუნებული, რწმენა კი ძალიან საჭირო რამ გახლავთ, მათ შორის – სპორტში. ამ რწმენამ 1988 წელს სეულში ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ მწვერვალზე აიყვანა, 20 წლის შემდეგ კი, პეკინში ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოაგებინა. 20 წელი მთელი ეპოქაა სპორტში – ძველი თაობა ასპარეზიდან მიდის და მის ადგილს სხვა იკავებს, მაგრამ ეს წესი ნინოს ნაკლებად ეხება. ამიტომაც, მისი სპორტული გზის შესაფასებლად, სტანდარტი და შაბლონი არ გამოდგება. ნინო თავად ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს და ახალგაზრდებს სპორტული გმირობის მაგალითს აძლევს. ის, რაც პეკინში 2008 წლის 10 აგვისტოს მოხდა, ამგვარ მაგალითთა რიცხვში შედის. სიმბოლურია: სამაჩაბლოში სროლები რომ იყო, სწორედ იმ დღეს ნინო პეკინში ძირითადად ათიანში ისროდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩინელი ვენძინ გუო გავიდა, მეორეზე – რუსი ნატალია პადერინა.

2019 წელს ნინო მეცხრედ დაეუფლა ოლიმპიურ ლიცენზიას მოგვიანებით კი თავის ვაჟთან ­ ცოტნე მაჭავარიანთან ერთად ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინო სალუქვაძე ქართველთაგან პირველია, ვინც რვა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ქალია, ვინც სამი ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო. ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, ვისაც ოლიმპიადებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

იხილე აგრეთვე

ნინო სალუქვაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები