სამაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამაია

სამაია, სამანა — განაყოფიერების და შვილიერების სადიდებელი ძველქართული მისტერია. თანამედროვე საცეკვაო ანსამბლებში ცეკვა სამაიას მხოლოდ ქალები ასრულებენ, მაგრამ სხვადასხვა ლიტერატურული წყაროს მიხედვით ისტორიულად ასე არ ყოფილა.

ჟურნალ „ცისკარში“ ალექსანდრე ორბელიანმა გამოაქვეყნა ცეკვა „სამაიას“ აღწერა: მე-19 საუკუნის დასაწყისში სამაიას დიდგვაროვანთა სასახლეებში შემდეგნაირად ასრულებდნენ: „ქალნი და კაცნი ორ დასად დაყოფილნი ერთმანეთის პირდაპირ კარგა მოშორებით, ხელი-ხელს გაბმულები მწკრივად; ჯერ ერთი გაბმული დასი წარმოვიდოდა, თავის პირისპირ დასისა წყნარათ მომავალნი და თან ამას მოიმღეროდნენ: „სამაია სამთაგანა, რა ტურფა რამ ხარო და სხუანი… ასე უნდა მისულიყვნენ აგრეთვე მღერით. იქ მწკრივად დადგებოდნენ ხელებგაბმულები პირველისავე რიგით. ეს პირველი დასი თავის ადგილს რომ დადგებოდა მწკრივად, დგომასთან სიმღერა უნდა დაესრულებინათ მაშინვე. ამ დროს ის მეორე დასი ჩამოართმევდა სიმღერას პირველ დასსა. თან პირველი დასის რიგით შეასრულებდა იმ წესსა. ეს ორი გაყოფილი დასი ხან ერთი მივიდოდა მეორესთან, ხან მეორე — პირველთან, მაგრამ თანდათან კი აჩქარებდნენ სიმღერას თავის შეწყობილ ლექსებითა. ბოლო დროს ასე უნდა აეჩქარებინათ სიმღერა, რომ სალაღო გადაექციათ და ერთმანეთისათვის ბაღდადის ხელსახოცები ესროლათ, ანუ წყნარა დაეკრათ ეგრე მღერით. ჩემ სიყმაწვილეში ერთ გამოჩენილ ქორწილში დააბეს „სამაია“, ორმოცზე მეტმა მახლობლად ქალებმა დათხოვილებმა და გაუთხოვრებმა“.

თეიმურაზ მეორემ პოემაში „სარკე თქმულთა“ ასე აღწერა სამაია:

რა გაათაონ ფერხისა, გამართვენ ერთა ჭამასო,
დასხდენ ქალების პირდაპირ, არვინ დაიშლის ამასო,
შემოიყვანენ მესტვირეს, უკვრენ, Hააბმენ სამასო
და მისთანა ლხინი უხარის ყმაწვილის დედას, მამასო...
ცალგნით არის კაცის ხმანი, ცალგნით არის ქალებისა,
ძეობაში უკუყრა და ყოფა არის მენესტვისა,
სამაიაში ქალებსა იღლიაში უძვრებისა,
და შაირს ეტყვის, უკრავს, ახლოს უდგებისა“.

დიმიტრი ჯანელიძის განმარტებით, „თეიმურაზის მიერ აღწერილი სამაია რომ ნამდვილად საფერხულო წყობის სანახაობაა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მას „ჩააბმენ“ ე.ი. ხელმობმით თამაშობენ. მეფე-პოეტის მიერ აღწერილი ძეობის სამა ალბათ ორი ნახევარმწყობრისაგან შედგებოდა: „ცალგნით არის კაცის ხმანი, ცალგნით არის ქალებისა”

ნიკო მარის შავშეთსა და ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის დღიურში ვკითხულობთ: იმერხევში, როცა საცეკვაოდ ვინმეს იწვევენ, ამბობენ: „ისამე“ ან: „ადექ, ისამე, ადექ, ისამე”

სულხან-საბა ორბელიანს სამა ქართულ ცეკვათა ერთ-ერთ სახეობად მიაჩნია: „როკვა არს სამა, ცეკვა, ბუქნა, კოჭა, ფერხული, მრგუალთ წყობა და რაოდენც ებანთა და ფანდურთა მიერ იქნებიან”.

დავით ჩუბინიშვილი „სამაიას“ განმარტავს, როგორც „ქალთა ფერხულს“

აკაკი შანიძის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ: „ქალ-ვაჟნი (ფშავში) ან ორი ვაჟი (გუდამაყარში) დაუვლიან ცეკვით და ერთი მეორეს აშაირებენ. სამაია წარმოშობით არაბული სიტყვაა, მაგრამ არაბულად ნიშნავს სმენას, შემდეგ სიმღერას, კონცერტს. „სამადხანა“ (სამად) სახლი, სადაც დერვიშები ასრულებენ სარწმუნოებრივ ცეკვას“

ჯემალ ნოღაიდელის ცნობით, ხალხში ხშირად გაიგონებთ: „ხორონი ისამე“, „სამა არ ვიცი“, „ის ხორონის კარგი მოსამეა“. ამრიგად, ხალხში სამა ზოგადი მნიშვნელობის, საერთოდ, ცეკვის აღმნიშვნელი სიტყვა ჩანს. მაგრამ აჭარაში ეს სიტყვა სულ სხვა გაგებითაც იხმარება. სამა გარკვეული წყობისა და სიუჟეტის მქონე ფერხისას ნიშნავს.

საინტერესოა დიმიტრი ჯანელიძის აზრი სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკის შესახებ: „გაგარინის მიერ მცხეთის ფრესკიდან გადმოღებული ნახატი საერთო კომპოზიციიდან გაუმართლებლად ამოგლეჯილ სამ ფიგურას წარმოადგენს, რამაც მცდარი წარმოდგენა დაბადა ფრესკის შინაარსის შესახებ“

მცხეთის სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოხატულია არა მარტო სამი ქალი, არამედ თერთმეტი — მომღერალთა და მესაკრავეთა თანხლებით. მეცნიერის აზრით, ამ საფერხულო მწყობრში მოძრაობს 21 ქალი ე.ი. ორი საფერხულო. ამ ორ მწკრივს შორის კი ერთი სოლისტია.


წყარო

ქართული ხალხური ცეკვა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები