სამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამება. ანდრეი რუბლიოვი. ხატი

სამება - ერთარსება, განუყოფელი, სამპიროვანი ჭეშმარიტი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.

ღმერთი არის სული უსხეულო, მარადიული და უცვალებელი, ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი, სახიერი ანუ კეთილი და, რაც მთავარია, „ღმერთი არის სიყვარული“ (მათე 19:17; I იოანე 4:8). მრავალრიცხოვან ეპითეტთა შორის ღვთის არსს და ბუნებას ყველაზე მეტად სიყვარული აცნაურებს. სიყვარული არის იმის მიზეზი, რომ ღმერთი არის სამპიროვანი (სამსახოვანი, სამჰიპოსტასოვანი, სამგვამოვანი).

ღვთის სრულყოფილ გონებას განუზომელი სიყვარული ეთანასწორება. სიყვარული კი ითხოვს ობიექტს, - ტრფობის საგანს, რომ ჰპოვოს კმაყოფილება და ნეტარება. ადამიანი ვერ კმაყოფილდება გარემომცველი ბუნების: მცენარეთა თუ ცხოველთა, ვერც საკუთარი პროფესიის სიყვარულით და ეძებს თავის მსგავსს ალერსისათვის, - შვილს. უზენაესის ტოლსწორი, ცხადია, ქვეყნიერების ვერც ერთი ელემენტი ვერ იქნება. მისი სიყვარული, ერთი და ერთგვამოვანი რომ იყოს (ანუ მარტო), დაუოკებელი დარჩება. ქრისტიანული თეოლოგია ამ საკითხს სამპიროვნულობით წყვეტს: მარადმოყვარულ მამას ჰყავს მარადსაყვარელი არსება - მხოლოდშობილი ძე, ხოლო მამას და ძეს თავსევლება წმიდა სული, რომელიც არის მამის ნათელი და სიწმიდე, მისი ელვარება, მისი სინათლე. ამრიგად, არსებით მთლიანი და ერთიანი აბსოლუტი გასამგვამოვნებულია და ატრიბუტები, რაც ჩამოვთვალეთ, სამების თითოეულ წევრს მიეკუთვნება. ასე რომ, ერთარსება-სამების ფაქტი ანუ ღვთის სამობით არსებობა გაპირობებულია სიყვარულის დაუწერელი და გარდაუვალი კანონით. აქედან გასაგებია ნეტარი ავგუსტინეს სიტყვათა არსი - „ვჭვრეტ სამებას, თუ სიყვარულს ვხედავ“. სიყვარული გულისხმობს კავშირს და საღვთო წიაღში, უზენაეს ერთარსებაში, მარადიულ მთლიანობას მამისას, ძისას და სულიწმიდისას.

სამების წევრებს შორის ამგვარი ურთიერთმიმართებაა: მამა სიყვარულით შობს თავის ტოლსა და სწორს - ძეს. ესაა ბუნებით შობა, რაც არაა შემოსაზღვრული დროითა და სივრცით; იგი ყოველთვის აღესრულებოდა და აღესრულება. მამის წიაღიდან მიწყივ „სხივოსნდება“ ანუ იშობა ძე. „მრწამსი“ გვამცნობს, რომ იესო ქრისტე არის მამისაგან შობილი „უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“. სამივე ჰიპოსტასს - მამას, ძეს და სულს - აქვთ ერთი ღირსება, ერთი სისრულე. ამიტომ შეჰფერით ერთნაირი პატივი და თაყვანისცემა.

ამასთანავე: ერთარსება - სამება „განუყოფლად განყოფილია“. ეს ნიშნავს, რომ სამების პირები განირჩევიან პირისეული თვისებებით:

მამა ღმერთი არის უშობელი, - არც იშობა და არც გამომდინარეობს არავისგან. იგი თავადაა მშობელი და გამომავლინებელი;

ძე ღმერთი არის შობილი;

სულიწმიდა კი - გამომავალი.

ამ უკანასკნელი დოგმის შესახებ გვაუწყებს „მრწამსის“ მე-8 წევრი: „...რომელი მამისაგან გამოვალს“. დასავლეთის ეკლესიაში, რომის საპატრიარქოში, ეს აზრი თითქოს დააზუსტეს და გააფორმეს ასე: „... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს“, ე.ი. რომის კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, სულიწმიდა გამომდინარეობს როგორც მამისაგან, ისე ძისაგან, რაც არ შეიწყნარა აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

სამების არსებას ვიზუალურად მზის, სითბოსა და სინათლის ურთიერთმიმართება ასაჩინოებს. არ არსებობს მზე სითბოსა და სინათლის გარეშე, როგორც უკანასკნელნი - პირველწყაროს, მზის დისკოს გარეშე: სადაცაა მზე, არის სითბოც და სინათლეც. ასევე: სადაც მამაა, არის ძე, არის სულიწმიდა და - პირუკუ. ღმერთი ყველგანაა. მაშასადამე, წმიდა სამება მადლითა და დიდებით სუფევს ყველგან და ყოველთვის. თუ რით განირჩევა ძის შობა წმიდა სულის გამოსვლისაგან, გონებით ამას ვერ მივწვდებით.

სარჩევი

სამება ძველ და ახალ აღთქმაში

საღმრთო წერილში, ძველშიც და ახალ აღთქმაშიც, არაერთგზისაა მინიშნებული ღვთის სამობით არსებობა. ბიბლიის კომენტატორები თვლიან, რომ აბრაამის სამი სტუმარი (დაბ. 18) სამების ალეგორიული სახეა. დავით წინასწარმეტყველის სიტყვებში: „სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“ (ახ. თარგმ. „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო“) (ფს. 32:6) „სიტყვა“ ძე ღმერთს უდრის, „სული“ („ქარი“) - წმიდა სულს, „უფალი“ - მამაღმერთს. უფრო მკაფიოდ სამების საიდუმლო გამოთქმულია ახალ აღთქმაში (მათე 28:19; 2 კორ. 13:13), განსაკუთრებით - იოანე ღვთისმეტყველის მიერ: „სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (I იოანე 5:7).

ხილული და არახილული სამყარო ერთარსება-სამების შემოქმედებაა. მართალია, სამება ერთი ნებით, ერთი განზრახვით ქმნის სამყაროს, მაგრამ ცალკეულ პირთა როლი შესაქმის პროცესში სხვადასხვაგვარია. შესაქმის ინიციატორი არის მამა, რომელიც ძის მეშვეობით ქმნის სამყაროს სულიწმიდაში. ამის გამო ძე „ძალად“, ანდა „სიტყვად“ იხსენიება, რაც ჩანს იოანეს თავის პირველ მუხლში: „პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი“.

ასე რომ, ცისა და ქვეყნის შექმნის ინიციატორი არის მამაღმერთი, უშუალო აღმსრულებელი ანუ მისი ნების მოქმედი - ძე, ხოლო სრულმყოფელი და მადლით აღმავსებელი - წმიდა სული.

ბიბლიური კოსმოგონიის (სამყაროს შექმნის) თანახმად ქვეყანა სამების ერთიანი და თავისუფალი ნების შედეგად არარსობიდან შეიქმნა. თუ ძე მამისაგან იშვა ბუნებითად, უმიზეზოდ, სამყარო ღმერთმა განზრახვის, სურვილის შესაბამისად დაასაძირკვლა.

1. შესაქმე

„სიტყვითა უფლისაითა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაითა-ყოველი ძალი მათი“ (ფს. 32:6). მამა ღმერთი ქმნის თავისი „სიტყვის“ ანუ ლოგოსის (მეორე პირი) და თავისი „სუნთქვის“ ანუ სულიწმინდის (მესამე პირი) საშუალებით. მამის „ორი ხელი“ ერთად მოქმედებს სამყაროს ფორმირების დროს. ლოგოსის შესახებ ნათქვამია: „ყოველივე მის მიერ შეიქმნა“ (იოანე 1:3): (შეადარეთ „მრწამსს“… „რომლისაგან ყოველი შეიქმნა“); სულიწმინდის შესახებ კი ნათქვამია, რომ შესაქმის დროს ის „დასტრიალებდა“ ანუ „იქცეოდა ზედა წყალსა“ (შესაქ. 1:2). ყველა ქმნილება სამების ბეჭდითაა აღბეჭდილი.

2. განკაცება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დროს მამა ღმერთმა სულიწმინდა გარდამოუვლინა ქალწულ მარიამს და მან მუცლად იღო ღვთის მარადიული ძე (ლუკა 1:35). ასე რომ, ღვთის განკაცება სამების ნამოღვაწარია. მამა ღმერთმა გარდამოავლინა სულიწმინდა, რათა მას განეხორციელებინა ქალწულის მუცელში ძე ღვთისას ყოფნა. განკაცება არა მხოლოდ სამების მოღვაწეობის შედეგია, არამედ ქალწულ მარიამის თავისუფალი ნებისაც. ღმერთი ელოდებოდა მის ნებაყოფლობით თანხმობას, რაც ქალწულის სიტყვებში გამოიხატა: „აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე ნებისაებრ შენისა“ (ლუკა 1:38).

ქალწულ მარიამს რომ ამ თანხმობისაგან თავი შეეკავებინა, ღვთის დედა ვერ გახდებოდა. საღვთო მადლი ადამიანის ნების თავისუფლებას კი არ სპობს, არამედ ადასტურებს.

3. ქრისტეს ნათლისღება

მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს ნათლისღება განმარტებულია, როგორც სამების განცხადება. მამა ღმერთის ხმა ზეციდან ამოწმებს ძეს შემდეგი სიტყვებით: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი რომელი მე სათნო ვიყავ“ და იმავე წუთს სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა მამისაგან და დაადგრა ძეს (მათე 3: 16,17). მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებისას (19 იანვარი), ქრისტეს ნათლობის დღესასწაულზე გალობენ:

“რაჟამს იორდანეს ნათელ იღებდ შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა და საყუარელად ძედ სახელ გდვა შენ, და სულიწმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა“.

4. ქრისტეს ფერისცვალება

ესეც სამებასთან დაკავშირებული მოვლენაა. აქაც ისეთივე ურთიერთობაა სამების სამ პირს შორის, როგორიც ნათლისღების დროს. მამა ამოწმებს ზეციდან: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი რომელი მე სათნო ვიყავ, ამისი ისმინეთ“ (მათე 17:5) და როგორც ნათლისღებისას, სულიწმინდა გარდამოდის ძეზე, ამ შემთხვევაში ნათლის ღრუბლის ფორმით (ლუკა 9:34). როგორც ამ დღესასწაულის (19 აგვისტო) ერთ-ერთ საგალობელშია: „ნათელო უცვალებელო, სიტყვაო ნათლისა მის მამისა უშობელისაო, გამოჩინებულითა მით ნათლითა შენითა, დღეს თაბორს ზედა ნათელი ვიხილეთ მამა ნათელი, სული წმინდა, განმანათლებელად ყოველთა დაბადებულთათვის“.

5. ევქარისტიული კანონი (სულიწმინდის გარდამოსვლის ლოცვები)

ევქარისტიის კულმინაციურ მომენტში, ანუ სულიწმინდის მოხმობის ლოცვებში ნათლად ჩანს სამების იგივე ნიმუში, როგორიც ხარების, ნათლისღებისა და ფერისცვალების დროს. წმ იოანე ოქროპირის ლიტურგიაზე მღვდელი მიმართავს მამა ღმერთს შემდეგი სიტყვებით:

მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას, და უსისხლოსა მსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმინდა ჩუენ ზედა, და წინა მდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა. და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა.და ბარძიმსა ამას შინა, პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე სულითა შენითა წმინდითა.

როგორც ხარების დღესასწაულზე, ასევე ევქარისტიაზე ქრისტეს განკაცებისას, მამა გარდამოავლენს სულიწმინდას, რათა აღასრულოს ძის მყოფობა ნაკურთხ ძღვენზე. აქაც, ისევე როგორც ყველგან, სამების სამი პირი ერთად მოქმედებს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები