სამთავროს კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამთავროს კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ქალაქი მცხეთის ცენტრში, კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ. ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა.

დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდილო განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი.

სარჩევი

დიდი ტაძარი

დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27X23 მ) სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მინაშენებით. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით. 1283 წლის მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. მიუხედავად ამისა ხუროთმოძღვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად ჩანს. 1974 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ტაძარი შეაკეთა (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე): გაამაგრა გუმბათის ყელი და კედლები, განაახლა სახურავი.

ტაძარში შესვლა სამხრეთ კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რონლებიც ტაძრის მთავარ სივრცეს გასასვლელებით უკავშირდებიან (სამკვეთლო ბემასთანაცაა დაკავშირებული კარით). კანკელი XV საუკუნისაა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლები პროფილირებულია (გვიანდელი შეთეთრების შედეგად პროფილთა მონახაზი ბევრგან დეფორმირებულია). ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია. საფლავის ძეგლი განახლებულია XIX საუკუნეში. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის გუმბათქვეშა ბოძთან დგას მიტროპოლიტის კათედრა (აღდგენილია). ტაძრის ძირითადი მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით მაღალია. შიგა სივრცე მაღალი, შეკრული და ჰარმონიულია. ცამეტწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილი ცამეტი სარკმლიდან შემოსული შუქით განათებულია ტაძრის ცენტრალური სივრცე, გვერდის ნაწილები კი ჩაჩრდილულია.

მოხატულობა

დიდი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქის კომპოზიციის დიდი ნაწილი განადგურებულია. პირველ რეგისტრში ჩანს ტახტის ნაწილი, მაცხოვრის ტერფები და ფეხსადგამი. მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან მოციქულები, სარკმლის მარჯვნივ გამოსახული წმინდანი, ასომთავრული წარწერის მიხედვით, წმ. პავლეა. ამავე რეგისტრში, ბემას სამხრეთ კედელზე, გამოსახულია განრღვეულის განკურნება, უკანასკნელ რეგისტრში, სარკმლის სამხრეთით შემორჩენილია მღვდელმოძღვართა რიგის მცირე ფრაგმენტი. სარკმლის თაღში გამოსახულია ექვსფრთედი სამწერობლებით ხელში, ხოლო სარკმლის სამხრეთ წირთხლზე – ანგელოზი. სატრიუმფო თაღის პირზე ასომთავრული წაწერის ნაშთები შეიმჩნევა.

ტაძრის გუმბათის სფეროში, ოვალურ წრეში, ქრისტეს გამოსახულების ფრაგმენტებია შემორჩენილი. წრის გარშემო, მედალიონებში მოთავსებულია მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებები, რომელთა შორის ექვსფრთედებია. გუმბათის ყელის სარკმლებს ზემოთ გამოსახულია ანგელოზთა კრება, ქვემოთ, სარკმლებს შორის დატოვებული მონაკვეთები შევსებულია ორ რეგისტრად განლაგებული თორმეტი წინასწარმეტყველის ფიგურით და ცალკეული მცენარეული მოტივებით (ყვავილებიანი ლარნაკები, ჯუჯა ხეები და სხვ.). წმინდანებს წიგნები ან გრაგნილები უჭირავთ ხელში. გუმბათის ყელის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს გამოსახული წმინდანი, ასომთავრული წარწერის მიხედვით, წინასწარმეტყველი მოსეა. სარკმლების წირთხლები და თაღები შემკულია მცენარეული ორნამენტით. სარკმლებს ქვემოთ თორმეტი წინასწარმეტყველოს წელზედა ფიგურაა გაშლილი გრაგნილებით ხელში. აქვე გამოსახულია ღვთისმშობელი ორანტას პოზაში. ტაძრის გუმბათის აფრებში, მახარებლებია გამოსახული. ჩრდილო-დასავლეთიდან აფრაში ჩანს იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც მჯდომარე პროქორეს საღვთო წერილს კარნახობს. მოხატულობის კოლორიტი აგებულია ყვითელ, მოწითალო-ყავისფერ, მღვრიე ცისფერ, მონაცრისფრო-თეთრ, ყავისფერ და მწვანე ფერთა შეხამებაზე მხატვრობა XVII საუკუნეს მიეკუთვნება.

ფასადი

ტაძრის გარეგანი მასები მკაფიოდ ასახავს შიდა სივრცის სქემას, რაც ტიპურია შუა საუკუნეების ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობისათვის.

აღმოსავლეთის ფასადი ძალზე სადა და ლაკონიურია: აქ მოცემულია უწყვეტი ხუთი დეკორატიული თაღის ტრადიციული სქემა. შუა, ამაღლებულ თაღში მოთავსებულია ორნამენტიანი საპირით და ჰორიზონტალურმკლავებიანი სათაურით მორთული ცენტრალური სარკმელი, რომლის ორივე მხარეს აჟურული ფესტონებით შემკული თითო მაღალი და ღრმა ნიშია. ფასადის გვერდითი სარკმლების საპირეები და ფრონტონის წვერში ჩასმული ჯვრის გამოსახულება გვიანდელია.

დასავლეთის სადათაღებიანი ფასადი, რომელიც მთისკენაა მიმართული, თითქმის მოურთველით შეწყვილებული სარკმლის მორთულობა დაუმთავრებელია.

სამხრეთის ფასადი გამოირჩევა რბილი პროფილირებითა და დეტალურად დამუშავებული ორნამენტებით. ფასადის ცენტრში მოთავსებული შეწყვილებული სარკმელი მორთულია განიერი ორნამენტიანი საპირეებით და მოჩარჩოებულია დიდი გრეხილი დეკორატიული თაღით. სარკმლებსა და თაღის ლილვს შორის თავისუფალი არე შევსებულია ჩუქურთმიანი მედალიონით; გვერდებზეც სოლისებურად მოჩარჩოებული ორი პატარა მედალიონია. მთავარი დეკორატიული თაღის ორივე მხარეს უფრო დაბალი ვიწრო თაღების არეები ნიშებითაა დანაწევრებული. ჩრდილოეთის ფასადის შეწყვილებულ სარკმელს მდიდრულად მორთული საპირე აქვს. სარკმლის სათაური კეტავს და აერთიანებს დეკორის მთელ კომპოზიციას.

კარიბჭე

სამხრეთ კარიბჭე ტაძრის თანადროულია (მისი დასავლეთ ნაწილი აღდგენილია მოგვიანებით). კარიბჭის შუა ამაღლებული ნაწილი გადახურულია ვარსკვლავისებრი კამარით, რომელიც მორთულია მკაფიოდ ნაკვეთი ფაქიზი ორნამენტული მოტივებით (კამარა XIX ს. შეუღებიათ). კარიბჭის აღმოსავლეთ ნაწილი როგორც შიგნით, ისე გარეთ სადა და მარტივია: კედლებს შემოუყვება დეკორატიული თაღედი. ფასადზე, დეკორატიული თაღედის ცენტრალურ არეში ჩასმულია ჩუქურთმიანი მედალიონები.

დასავლეთ კარიბჭე გვიანდელია და ამჟამად გაუქმებულია.

ჩრდილოეთის ფასადზე მიდგმული ცალფერდასახურავიანი ნაგებობა XI სუკუნეზე ადრინდელია იგი ორგანულადაა ჩართული ტაძრის საერთო კომპოზიციაში, ამ ნაგებობის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული დაბალრელიეფიანი ფიგურა IX საუკუნისა უნდა იყოს.

წმინდა ნინოს ეკლესია

წმ. ნინოს ეკლესია დგას ეზოში, დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მცირე ზომის (6,2X3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში „ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა,... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან“. ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს „წმ ნინოს ცხოვრებაში“ მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: „აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაი ნინოსსა“. IV საუკუნის ზემოთ მოყვანილი ცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს.

ეკლესია არაერთხელ შეუკეთებიათ და გადაუკეთებიათ, ეკლესიის შესასვლელში მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ სამთავროს ქალთა მონასტრის წინამძღვარმა ნინო ამილახვარმა შენობა შეაკეთა 1879 წელს ბოლო სარესტავრაციო სამუშაოები ატარდა 1981 წელს.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს თლილი ქვა და აგურიც გამოუყენებიათ. აღმოსავლეთით, ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშია.

გუმბათქვეშა სწორკუთხეღიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება კუთხეებში დადებული ზღუდარით (ამჟამად კონსტრუქცია მთლიანად შელესილია) სატრიუმფო თაღი, კონსოლებზე დამყარებული დასავლეთის საბჯენი თაღი, შესასვლელის თაღი, დასავლეთის გარეთა ნიში, სარკმლები (საკურთხევლისა და გუმბათის ყელისა) ყველგან ნახევარწრიულია.

გარედან ეკლესია სწორკუთხა მოხაზულობისაა; გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. შიგნით კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა წვეროებში აგურით გამოყვანილია ტოლმკლავებიანი ჯვრები. გუმბათის ყელის ყრუ წახნაგებზე ნალესით სარკმლის საპირის იმიტაციაა გაკეთებული.

ინტერიერი მოხატულია წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა უხეშია, გვიანდელი.

სამრეკლო

სამრეკლო დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან ოციოდე მეტრის დაშორებით, ამაღლებულ ბორცვზე აგებულია XV-XVI საუკუნეებში. 1984 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო გაერთიანებამ გაწმინდა მიწისაგან, შეაკეთა დაზიანებული კედლები, კიბე, სახურავი (ხელმძღვ. ნ. ქვარიანი).

სამრეკლო (4,7X5,8მ) სამსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-მონაცრისფრო ქვიშაქვის კვადრებით. პირველი სართული სწორკუთხა სათავსია (შეიძლება აქ ეგვტერი იყო), რომლის ჩრდილოეთ ფასადი გალავნის კედელშია ჩართული. სათავსს სამხრეთით აქვს ცილინდრულკამარიანი ფართო თაღოვანი შესასვლელი, რომლის ორსაფეხურიანი თაღი მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა. დანარჩენი კედლები ყრუა. შიგნით, ყოველ კედელეზე კუთხის დაბალ ბოძებზე დაყრდნობილი თითო ღრმა და განიერი თაღია. კაპიტელები აქაც მარტივპროფილიანია.

მეორე სართული სამი მხრიდან ორმაგი თაღებითაა გახსნილი. შესასვლელი დასავლეთის ყრუ კედელშია გაჭრილი. მას მიშენებული აქვს მაღალი ქვის კიბე, რომლის საფეხურები კედლებს შორისაა მოქცეული: ჩრდილოეთით გალავნის კედელია, სამხრეთით კი სპეციალურად კიბისათვის ამოყვანილი კედელი. კიბის ქვეშ საკმაოდ ღრმა და განიერი შეისრულთაღიანი ნიშია. მეორე სართული გეგმით წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ; მისი ცილინდრული კამარის დასავლეთ მონაკვეთში მომრგვალებული ხვრელია გაჭრილი, საიდანაც მისადგმელი კიბით შეიძლება ფანჩატურში ასვლა. ამ სართულის გრძივი კედლების წყვილი თაღი მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო თაღებშორისი ოთხკუთხა ბოძები – დაბალ მოაჯირს. მოაჯირის ზედა კიდეს, ფასადის მხარეს, რელიეფური ფართო სარტყელი გასდევს, რ-იც გარედან პირველი სართულის ლავგარდნად აღიქმება. სათავსის აღმ. ნაწილში აგურის ამაღლებული ბაქანია მოწყობილი. სავარაუდოა, მეორე სართულს საცხოვრებლად და საყარაულოდ იყენებდნენ.

მესამე სართული გეგმით ოვალური ნახევარსფერულკამარიანი, აგურით ნაგები თორმეტმალიანი ფანჩატურია, რომელსაც მრავალწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს.

პირველ სართულს თაღოვანი შესასვლელი და თაროსებრი ლავგარდანი აქვს. მეორე სართულს თაღედი და პროფილირებული ლავგარდანი, მესამე სართულის თაღები მოჩარჩოებულია ორმაგი ლილვით, რომელიც მარტივ იმპოსტებსა და ბაზისებს ეყრდნობა. ყოველი ბოძის ზემოთ დაღარული, ფუძესთან გრეხილლილვშემოვლებული ბურთულებია ჩასმული. ფასადებს ზემოთ გრეხილი ლილვი აქვს შემოვლებული. სულ ზემოთ ორმაგი ლავგარდანია (ქვედა ქვაშია გამოყვანილი, ზედა ხერხულად დაწყობილი აგურისაა).

გალავანი

ძველი გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, შემაღლებაზე მდგარი დაზიანებული ცილინდრული კოშკი (ამჟამად დედათა მონასტრის საცხოვრებელი), აგებულია XVIII საუკუნეში. არსებული გალავანი XIX საუკუნისაა. 1974-75 წწ. გალავანი შეაკეთა სპეცილურმაა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ – ერთ დონეზე დაიყვანა და კრამიტით გადახურა. გალავნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სასაფლაოა.

ტაძრის დასავლეთით, შემაღლებაზე, დედათა მონასტრის ჩრდილოეთით შემორჩენილია თლილი კვადრებით ნაგები კედლის ნაშთი (სიმ.6მ-მდე, სიგრ. 7-8 მ, სისქე 1,8 მ-მდე), რომელშიც დიდი ბუხარია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები