სამირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამირ-ი (ბალყ.-ყარაჩ., ნოღ. Самыр) – ფრთოსანი ძაღლი ბალყარულ-ყარაჩულ და ნოღაურ მითოლოგიაში. მითების თანახმად, სამირები არწივის კვერცხიდან გამოიჩეკნენ. ან თევზისგან, ან კიდევ ძუ აფთრისგან გაჩნდნენ. გამოირჩევიან ისეთი სისწრაფითა და ძალ-ღონით, რომ მათგან ვერც ფრინველი და ვერც ნადირი თავს ვერ დააღწევს. გადმოცემათა თანახმად, ხუთი სამირი იცავს ციურ მნათობებს – მზესა და მთვარეს. როცა მნათობთა დაბნელება ხდება, სამირებს ძინავთ, და ამ დროს შეიძლება, ისინი ელმაუიზმა ჩაყლაპოს. ამიტომ ადამიანები ცდილობენ სამირები გამოაღვიძონ, რისთვისაც ისვრიან თოფებს, ხმაურობენ რკინის საგნების ერთმანეთზე დარტყმით.

ნოღაელი ბაქშები (შამანები, ნათელმხილველები) თავიანთ წარმოდგენაში ფრთოსან სამირებად „გარდაიქმნებოდნენ“ და მსოფლიო ხემდე („ბაჲთერექი“) მიფრინავდნენ, რათა ადამიანის წარსული და მომავალი გაეგოთ. ზრაპარში („ხუთი სამირი“) ხუთი მფრინავი ძაღლი შამანს ურჩხულ ელმაუზის განდევნაში ეხმარება. გარდა სამირებისა, ნოღაური მითოლოგია ზეციურ ძაღლებსაც იცნობს.

აღსანიშნავია, რომ ნოღაელები დიდი ძაღლის თანავარსკვლავედში შემავალ სირიუსს „სამირ-ვარსკვლავს“ (Самыр-юлдыз) უწოდებენ.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012;
  • Капаев И. Космологические представления ногайцев // Дон новый. № 1. 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები