სამოქალაქო ომი აშშ-ში 1861-65

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეტიზბერგის ბრძოლა

სამოქალაქო ომი აშშ-ში 1861-65 - ომი ბურჟუაზიულ ჩრდილოეთსა და მონათმფლობელურ სამხრეთს შორის.

სამხრეთ შტატებში მონობის არსებობა ამუხრუჭებდა ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარებას და დემოკრატიულ გარდაქმნებს. განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება 1860 წლისათვის, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა აბრაამ ლინკოლნმა, რომელიც ჩრდილოეთის პროგრესული ბურჟუაზიის ინტერესების გამომხატველი იყო და მონობის შეზღუდვას მოითხოვდა.

ლინკოლნის პრეზიდენტად არჩევა სამხრეთელებისათვის, რომელთა შორის გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ პლანტატორ-მონათმფლობელებს, აჯანყების საბაბი გახდა. მათ გამოაცხადეს სამხრეთის შტატების ჩრდილოეთისაგან გამოყოფა და მონათმფლობელური კონფედერაციის შექმნა, რომელშიც გაერთიანდა 11 შტატი აშშ-ის 34 შტატიდან (1861 წლის თებერვალში).

ვინაიდან ლინკოლნი ქვეყნის დაშლას ეწინააღმდეგებოდა, სამხრეთელებმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს (1861 წლის აპრილში). მათი რესურსები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ჩრდილოეთისას, მაგრამ მეამბოხეებმა პირველ ეტაპზე შეძლეს გარკვეული წარმატების მოპოვება. ლინკოლნის მთავრობამ ჩრდილოეთის ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობით შეძლო მდგომარეობის გარდატეხა (1863). ჩრდილოეთის ნავსაშენებში აგებულმა ფლოტმა კონფედერაცია საზღვაო ბლოკადაში მოაქცია. ამავე დროს სახმელეთო ჯარებმა ხელთ იგდეს მდინარე მისისიპის სანაპირო გახდა, რითიც ორად გაყვეს მეამბოხეთა ტერიტორია, ხოლო 1864 წელს მისისიპის აუზიდან დაწყებული შეტევით ატლანტის ოკეანემდე გავიდნენ. 1865 წლის 3 აპრილს ჩრდილოელებმა აიღეს კონფედერაციის დედაქალაქი რიჩმონდი. მალე მეამბოხეთა არმიამ იარაღი დაყარა.

ჩრდილოეთის გამარჯვებამ გაამყარა ბურჟუაზიის პოზიციები აშშ-ში, ხოლო პლანტატორთა ბატონობა და მონობა გაუქმდა (ოფიციალურად 1863 წლის 1 იანვარს).

სამოქალაქო ომი აშშ-ში ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მარტო მოკლულების, ჭრილობებისგან და ავადმყოფობით გარდაცვლილთა სახით ჩრდილოეთმა და სამხრეთმა 600 ათას ადამიანზე მეტი დაკარგეს, რაც მნიშვნად აღემატება ამერიკის დანაკარგს ორივე მსოფლიო ომში.

ომმა ბევრი სიახლე მოიტანა სამხედრო საქმეში, რაც განპირობებული იყო ამერიკის მრეწველობის განვითარების მაღალი დონით. კერძოდ, ჯარების შეიარაღებაში პირველად გამოიყენეს მრავალმუხტიანი შაშხანები ლითონის მასრიანი ვაზნებით. გაჩნდა ახალი ტიპის არტილერია, გამოიყენებოდა ტელეგრაფი.

სამხედრო-საზღვაო ძალების ისტორიისათვის მნიშვნელოვანია რკინით შეჯავშნული ხომალდების პირველი ორთაბრძოლა (1862) და წყალქვეშა ნავის პირველი, შედარებით წარმატებული, საბრძოლო გამოყენება (1864). დიდი განვითარება პოვა ბრძოლის პოზიციურმა ფორმებმა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები