სამოხელეო ეტიკეტი ფეოდალურ საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამოხელეო ეტიკეტი - შუა საუკუნეების ქართული სამართლებრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია სამეფო კარის ეტიკეტი, რომელშიც ზუსტად იყო გაწერილი სასახლეში მყოფი ყოველი პერსონის, მათ შორის სხვადასხვა რანგის მოხელეების შეკრების, ქცევის, ჩაცმულობის, მეტყველების, გამასპინძლების წესები. მასალა სამოხელეო ეტიკეტის შესახებ დაცულია „ქართლის ცხოვრებაში“, „მეფის კურთხევის წესში“, „ხელმწიფის კარის გარიგებაში“, „დასტურლამალში“, ფრესკულ და მინიატურულ მხატვრობაში, ლიტერატურულ წყაროებში.

საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტის გაცნობა ცხადყოფს, რომ ნებისმიერი რანგის მოხელის რიტუალური ქცევისა თუ სამეტყველო ნორმებს განსაზღვრავდა სასახლის იერარქიული წესრიგი, რომლის სათავეში იგულისხმებოდა სამეფო პერსონა, როგორც უზენაესი ხელისუფლების სიმბოლო. რიტუალური სიმბოლიკით იყო გაჯერებული მოხელეთა ოფიციალური საქმიანობა და, ასევე, არაფორმალური ურთიერთობებიც, რაც კარგად ჩანს სასახლეში დარბაზობებისას დადგენილ წესებში. დარბაზობები იმართებოდა როგორც საქმიანი შეკრებების დროს, ისე დღესასწაულების, საზეიმო მიღებების, მეფედ კურთხევის, ქორწინების, მემკვიდრის დაბადებისა და მაღალი პერსონების გარდაცვალების შემთხვევებში.

დიდ საერო მოხელეთაგან მეფედ კურთხევის რიტუალში მონაწილეობას იღებდნენ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. „არგნით“ აღჭურვილი მანდატურთუხუცესი ჯვარისმტვირთველთან ერთად წინ მიუძღოდა სასახლიდან ეკლესიისაკენ მიმავალ პროცესიას, ხოლო წელზე ხმალშემორტყმული ამირსპასალარი, რომელსაც ორთავე ხელზე მეფის ხმალი ესვენა, მეფეს მარჯვნივ მიუყვებოდა. ეკლესიაში შესვლისას ამირსპასალარი მეფის ხმალს მიაწვდიდა ჯვარისმტვირთველს, რომელიც მას საკურთხეველში დაასვენებდა (ძელიცხოვლის გვერდით). რიტუალის დასრულების შემდეგ ჯვარისმტვირთველი ხმალს ისევ ამირსპასალარს უბრუნებდა, ეს უკანასკნელი მას მეფეს, როგორც უზენაეს მთავარსარდალს, წელზე შემოარტყამდა (დოლიძე 1965: 50-51).

„ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად, მკაცრად იყო განსაზღვრული იმ მოხელეთა რაოდენობა, რომელთაც ჰქონდათ პატივი მეფესთან ახლოს მისულიყვნენ და „საურავი“ მოეხსენებინათ - იქნებოდა ეს სასწრაფოდ განსახილველი საკითხი, სასახლეში შემოსული თხოვნა-საჩივარი, თუ ვინმესთვის შუამდგომლობა. ასეთი უფლება ჰქონდა მხოლოდ სამი უწყების - მსახურთუხუცესის, მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის რამდენიმე მოხელეს. უპირველესად, ეს უფლება ეკუთვნოდა მსახურთუხუცესს ან მის ხელქვეით რომელიმე უფროს მოხელეს, რომელთაც საწოლში შესვლა სამსახურეობრივად ევალებოდათ. ამათ „საურავის” მოხსენება მეფისთვის შეეძლოთ მაშინაც, როცა იგი საწოლში „უკაზმავი” იმყოფებოდა. კიდევ უფრო მეტი უფლებით სარგებლობდა მანდატურთუხუცესის უწყების მოხელე ამირეჯიბი, რადგან ამ უკანასკნელს ყველგან შეეძლო მეფესთან შესვლა - „უკაზმავთანაც“ და „შეკაზმულთანაც“, მხოლოდ საღამოს წირვამდე („საღამოს რეკამდის“). ამირსპასალარის ხელქვეითთაგან მეფესთან საურავით მისვლის უფლება ეკუთვნოდა ამირახორს ან მეაბჯრეთუხუცესს (ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83, 84, 86-87).

„ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, სამოხელეო რიტუალები განსაკუთრებული სიზუსტით სრულდებოდა სამეფო კარზე გამართული დარბაზობების დროს. მკაცრად იყო განსაზღვრული დარბაზობაზე წვეულ მოხელეთა კატეგორიები, ყოველ მათგანს მათი თანამდებობის შესაფერი სამოსითა და სამოხელეო ინსიგნიებით გამოცხადება ევალებოდა. დარბაზობაზე წესრიგისა და ცერემონიალის დაცვას ზედამხედველობას უწევდა მანდატურთუხუცესი, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც ჰქონდა უფლება დარბაზობაზე ხმალშემორტყმული შესულიყო. იგი ადევნებდა თვალყურს, რამდენად იყო დაცული დარბაზობაზე წვეულ მოხელეთა შორის იერარქიული თანამიმდევრობა, მეფისა და მღვდელმთავრების წინაშე რიტუალური მისალმების წესები და სამეტყველო სტილი, სტუმრების ფეხზე დგომისა და დაჯდომის დრო და ადგილი, რამდენად შეესაბამებოდა მოხელის რანგს მომსახურეობა, მისართმევი ულუფის სახეობა და ოდენობა.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები