სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი - ბათუმის ოლქში ოსმალური და აზერბაიჯანული ძალების გააქტიურებამ მუსლიმანი ქართველების ინტერესების დამცველი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში. 1917 წლის თებერვალში მუსლიმან და ქრისტიან ქართველთა შეკრებაზე შეიქმნა „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტი“, რომელშიც შევიდნენ: მემედ აბაშიძე (თავმჯდომარე), ჰაიდარ აბაშიძე, ზია და ყაიდარ შერვაშიძეები, სულეიმან დიასამიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ჯემალ ქიქავა, ხასან ვარშანიძე. კომიტეტის მიზანი ბათუმის ოლქის ადგილობრივ მოსახლეობაში პროქართული ორიენტაციის პროპაგანდა იყო.

1917 წლის შემოდგომაზე, კომიტეტის თაოსნობით ”ბათუმის ოლქის მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოება” დაარსდა, 1919 წლის დასაწყისში კი - უფრო გაფართოებული „სამუსლიმანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება“, 1918 წლის აპრილში, ოსმალების მიერ ბათუმის ოლქის ოკუპაციის გამო, საზოგადოების ხელმძღვანელობის უმრავლესობა თბილისში გადავიდა და 1918 წლის 15 მაისს დააარსა „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“. მის შემადგენლობაში აირჩიეს: მ. აბაშიძე (თავმჯდომარე), ჰ. აბაშიძე, ზ. აბაშიძე, ხ. თხილაიშვილი, ს. დიასამიძე, ყ. შერვაშიძე, ს. ბეჟანიძე, ქ. ნოღაიდელი, ი. ქათამაძე, ი. წულუკიძე.

კომიტეტის ინიციატივით, გენერალმა ასლან აბაშიძემ „მუსლიმან ქართველთა ბატალიონი“ შექმნა, რომელიც ოზურგეთში იქნა დისლოცირებული. ოკუპირებული ქობულეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა ხ. თხილაიშვილის 75-კაციანი პარტიზანული „მფრინავი რაზმი“. აღნიშნული და სხვა რაზმები ოსმალ ოკუპანტთა წინააღმდეგ იბრძოდნენ. „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საპროგრამო დოკუმენტი 1919 დაიბეჭდა ბათუმში. იგი სამი თავისა და პარაგრაფებისაგან შედგებოდა. მასში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მთავარი მიზანი - ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში „სამუსლიმანო საქართველოს“ ფართო ავტონომიური უფლებებით არსებობა.

1919 წლის იანვრიდან განმათავისუფლებელი კომიტეტი თბილისიდან ბათუმში გადავიდა. 1919 წლის 11 იანვრიდან გამოსვლა დაიწყო განმათავისუფლებელი კომიტეტის ბეჭდვითმა ორგანომ, გაზეთმა „სამუსლიმანო საქართველომ“ (რედაქტორი მ. აბაშიძე, პასუხისმგებელი მდივანი დ. კასრაძე). გაზეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნული ცნობიერებისა და ერთიანი საქართველოს იდეის პროპაგანდის საქმეში. პროოსმალური ძალების მხრიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიების მიტაცების მცდელობის ჩაშლაში განსაკუთრებული როლი სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა შეასრულა. მისი ძალისხმევით, 1919 წლის 31 აგვისტოს მოწვეულ ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების (100 კაცი) ყრილობაზე მიღებულმა დადგენილებამ მუსლიმან ქართველთა პროქართული ორიენტაციის საბოლოო გამარჯვებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ყრილობის მონაწილეთა ხელმოწერით იქნა დადასტურებული ბათუმის ოლქის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის აუცილებლობა. ამ დოკუმენტის ფრანგული თარგმანი, დედანთან სისწორით, უცხო ქვეყნების საელჩოთა წარმომადგენლების დადასტურებით, პარიზის სამშვიდობო კონფერენციას გაეგზავნა და საერთაშორისო სამართლებრივი დატვირთვის სახე შეიძინა. იმავე ყრილობამ აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი. მის თავმჯდომარედ მ. აბაშიძე იქნა დამტკიცებული. მომხდარი ფაქტით, „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა“ თავისი უფლებამოსილება ყრილობის მიერ არჩეულ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისს გადასცა.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • ე. მესხია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან ბათ., 1997;
  • უ. ოქროპირიძე, აჭარის ავტონომიის შექმნის ისტორიიდან, ბათ., 2001;
  • სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. ბათ., 2008.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები