სამცხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამცხესაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ისტორიული მესხეთის ნაწილი. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.

სახელწოდება სამცხე წარმოსდგება მესხთა ტომის სახელისაგან (სამესხე სამცხე → ). სამცხე საქართველოს დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. აქ იყო აგებული ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები (საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე...), კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი (ვარძიის კომპლექსი). სამცხეშია შექმნილი ბუღა-აღბუღას ფეოდალური სამართლის წიგნი. სამცხე მთლიანად გაუპარტახებიათ არაბ დამპყრობლებს ისე, რომ „არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამანდი და პირუტყვი ყოვლადვე“ (ქც, 1955, გვ. 234). მაგრამ ეს მხარე მთელ სამხრეთ საქართველოსთან ერთად, კვლავ მოშენდა.

სარჩევი

ისტორია

XVI ს-ის ბოლოს სამცხე-საათაბაგო თურქებმა დაიპყრეს და 1625 წელს მან, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. მიწათმფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეიცვალა. მიწის დროებით მფლობელად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა. სამხედრო ვალდებული კი მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო. ამან დააჩქარა სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშოს) ისლამიზაცია. ნელ-ნელა ჯერ ფეოდალები გამაჰმადიანდნენ, შემდეგ - გლეხები. გლეხების გამაჰმადიანებამ ინტენსიური ხასიათი XVII ს-ის შუა ხანებიდან მიიღო. ბევრმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა ენაც დაივიწყა და მათ დედა-ენად თურქული იქცა. სამცხელების შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი (გვ. 660-661) წერდა: „“ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი, არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მდნენი, შემმართებელნი, შუენიერნი, ცოდვადელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა. სარწმუნოებით იყვნენ წლისამდე ქრისტეს ჩ”ქკვ, ქართულისა ტ”იდ-მდე სრულიად ქრისტინენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მოჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტიანენი... ენა საკუთრად აქუსთ იგივე ქართული. გარნა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა უბნობენ აწ თათრულსა დათგსთა სახლებთა ანუ ურთიერთის მეგობრობათა შინა იტყგან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მოჰმადიანნი ვითარცა ოსმალნი, და ქრისტიანენი ვითარცა ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე მესხნიცა, ვითარცა თრიალელნი. და გულისდმა ჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი, არამედ გლეხნი კუალადცა მაჰმადიანდებიან ჭირისათგს დიდისა” (გვ. 669).

მიუხედავად იმისა, რომ სამცხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთი საქართველო თურქეთის გამგებლობაში აღმოჩნდა, გვიანშუასაუკუნეებში აღნიშნული მხარის მოსახლეობას არ შეუწყვეტია სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობასთან.

მეურნეობა

სამცხე განვითარებული მიწათმოქმედების „ქვეყანა“ იყო. VI ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი წერდა: „მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არამედ სავსეა ყოველგვარი სიკეთით, რადგანაც მესხებიც მარჯვე მიწის მუშები არიან და აქ ვენახებიც არის“ (გეორგიკა, II, 1965, გვ. 127). სამცხეში სახვნელი იარაღის რამდენიმე სახეობა არსებობდა (კავი, არონა, ჯილღა, დიდი გუთანი). ყველა ისინი სათანადო რელიეფსა და ნიადაგს იყო მისადაგებული.

ძველთაგანვე სამცხის სოფლის მეურნეობაში გავრცელებული იყო ტერასების გამართვის ტრადიცია. როგორც სამართლიანად მიუთითებენ, სამცხის მიწაზე, მის განსაზღვრულ მიკრორეგიონებში, ადგილობრივი პირობების ზუსტი გათვალისწინებით, კერძოდ, მზის, წყლის და მიწის სიკეთის სწორი შეთანწყობით ისტორიულად არის ჩამოყალიბებული ტერასული მიწათმოქმედება (გეგეშიძე, 1978, გვ. 9). სწორედ ეს ფორმა იყო მეურნეობრივად ყველაზე ეფექტური ამ განსაზღვრულ გარემოში. ტერასებზე სამცხელ გლეხებს ძირითადად ვენახი და ხეხილის ბაღები ჰქონდათ გაშენებული. მევენახეობა სამცხის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რასაც მოწმობს ნავენახარი ადგილები, ქვის საწნახელები, საქაჯავები, ქვევრები. სამცხეში თურქთა ბატონობისა და ისლამის გავრცელების შედეგად მევენახეობა დაკნინდა. ვაზის არა ერთი უძველესი ჯიში მივიწყებული იქნა. 1672 წელს სამცხეზე გაიარა ფრანგმა ჟან შარდენმა (1975, გვ. 270-271), რომელიც ფრიად აქებდა აქაური (ჯერ კიდევ უმეტესად ქრისტიანი) მოსახლეობის სტუმართმოყვარეობას, პურის გემოს: „სოფლებში რთველი იყო, შესანიშნავი მეჩვენა ყურძენი, ახალი და ძველი ღვინო. ჩვენ უხვად გვაძლევდნენ ქათმებს, კვერცხებს, ბოსტნეულს. ღვინო, პური და ხილი ბლომად გვქონდა, რადგან თითოეულ მოსახლეს თავის წილად დიდი დოქით ღვინო, ერთი კალათა ხილი და ერთი კალათა პური მოჰქონდა. ჩემგან ფულს არ იღებდნენ" (შარდენი, 1975, გვ. 270-271).

საქართველოში ცნობილი იყო სამცხური ხილი; აქ ვაშლის ორმოცამდე ჯიში ყოფილა გავრცელებული. მდიდარი იყო სამცხე მსხლის, ქლიავის, თუთის ჯიშებით. განსაკუთრებით სასიამოვნო გემო ჰქონდა სამცხის თუთის არაყს.

სამცხეში კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა. დღესაც მოწონებით სარგებლობს მაღალკალორიული და ნოყიერი ე.წ. ახალციხური ყველი.

სამცხელები რუმბებისა და ტიკების ცნობილი ოსტატები იყვნენ, რომელთა ნახელავი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მეღვინეობის ცენტრებში იყიდებოდა.

საცხოვრისი

სამცხეში, ისევე როგორც ქართლსა და თრიალეთში გავრცელებული იყო ერთ-ერთი შესანიშნავი ხალხური საცხოვრებელი-დარბაზი გვირგვინისებური გადახურვით. ის დიდი ოჯახის ტიპიურ საცხოვრებელს წარმოადგენდა. სამცხე, რომელიც პირველად განიცდიდა სამხრეთიდან შემოჭრილი მტრის თავდასხმებს, დასახლების თავისებური ტიპითაც გამოირჩეოდა. სახლები ისე შენდებოდა, რომ მომხდურისათვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო (ჩიქოვანი, 1979, გვ. 121). ამგვარ სოფელში მოხვედრილი ადამიანი ძნელად ერკვეოდა სოფელში იყო თუ დაუსახლებელ პუნქტში, რადგან სახლები არ ჩანდა. აქა-იქ რაღაც მიწაყრილის მაგვარი პატარა ბორცვები და მათ შორის გამავალი ბილიკები თუ შეიმჩნეოდა. საგარეო ფაქტორმა აიძულა სამცხელი გლეხი მიწისქვეშა სამალავები, ე.წ. დარანებიც აეშენებინა. სოფლის ქვეშ ანდა მის სიახლოვეს აგებდნენ მიწისქვეშა ოთახისმაგვარ სამალავებს, რომლებიც ერთმანეთთან გვირაბებით იყო დაკავშირებული. დარანებს საიდუმლო სასულეები ჰქონდა დატანებული. დარანები სოფლის სიდიდის მიხედვით კეთდებოდა. მოზრდილი სოფლების დარანებში 150-200 კაცი ეტეოდა.


წყარო

საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები