სამძიმარი (მითოლოგიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამძიმარი − ხახმატის ჯვარმა, წმიდა გიორგიმ, ქაჯავეთი რომ დალაშქრა, იქიდან ქაჯავეთის განძთან ერთად სამძიმარიც წამოიყვანა. ეს ასე მოხდა: სამძიმარი ქაჯთა ხელმწიფის ქალი ყოფილა. როცა გიორგი ქაჯავეთში მისულა, უნახავს, რომ გველეშაპს წყარო უჭირავს და წყლის სანაცვლოდ ყოველწლიურად ერთ ქალწულს იწირავს მსხვერპლად. გიორგის მისვლისას სამძიმარის ჯერი ყოფილა: დაუსვამთ წყაროზე და ელოდებიან, როდის ჩაყლაპავს გველეშაპი. მაშინ გიორგიმ შემართა შუბი და განგმირა გველეშაპი.

გათავისუფლებული სამძიმარი ცხრა წყაროში განიბანა და ქრისტიანულად მოინათლა. გიორგიმ წილი მისცა მას ხახმატის ჯვარში და თავის მოდედ დაამკვიდრა. და როგორც ხახმატის ჯვარს ლოცულობენ ხევსურნი, ასევე სამძიმარსაც ლოცულობენ. თავად სამძიმარი ყვება ამ ამბავს ნაქადაგარში ხევსურულ კილოზე: „წამამიყვანა გიორგიმაო, მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო, მამანათვლინა ქრისტე ღმერთსაო, გავხე ხორციელთ სალოცავიო“. როცა ხახმატის ჯვარს ახსენებენ, მასში სამძიმარსაც გულისხმობენ. სამძიმარს საფარველი აქვს დადებული და მას ვერავინ ხედავს, თუ თავად არ გამოეცხადა როცა კი გამოეცხადება, ლამაზი, მოხდენილად ჩაცმულ-მოკაზმული დიაცის აღე აქვს. მისი მუდმივი ეპითეტია: „ყელმძივიანი“. ხშირად რომელიმე მოყმეს, რომელსაც იგი აირჩევს, ნაცნობ ქალად მოაჩვენებს თავს, ივლის მის ოჯახში, ტრიალებს იქ საცოლესავით. ვაჟი მის ცოლად მოყვანას მოინდომებს. მაგრამ, როცა ვაჟი მიხვდება, რომ იგი არ არის მისი მეზობელი ქალი, უფრო მეტიც, ქალიც კი არ არის, რადგან ვერ ახერხებს მასთან ურთიერთობას, როგორც ქალთან (არ ჰქონია ქალის ნიშნები), სამძიმარს კვლავ საფარველი დაედება და გაუჩინარდება, სახლში კი რაღაც ნიშანს მაინც ტოვებს სამახსოვროდ. სამძიმარი ნაქადაგარში ამგვარად გადმოსცემს ხევსურულად თავის მაქციობას:

„ა მაშინ მქონდა შაძლებაიო, ვიარებოდი ქალივითაო,
ყურზე საყურსა ვიდებდიდიო, აბულეთაურთ ციხეჩიაო
მედგა ლოგინი ჩარდახჩიაო, „აბულეთაურთ ხოლიგამაო
ქალი საცოლედ მამინდომაო, ჯუათ ელენე ვეგონიდიო,
ამ ჩემსა გამანაფრინდომსაო ისევ აჩნიან ნაკოჭარნიო“.

ერთხელ გუდანელმა დედაკაცმა თეთრი ძროხა დაკარგა, ბევრი ეძება ღამით, მაგრამ ვერ იპოვნა. ბოლოს ხახმატის ჯვარს შეევედრა, ცოცხალი მაპოვნინე და, ხბოს რომ მოიგებს, შემოგწირავო. მეორე დღეს წასულა ეს ქალი ძროხის საძებრად და უნახავს: წევს ძროხა და მის გვერდით თოვლივით თეთრი ხბოა. ახლოს რომ მივედიო, ყვება გუდანელი ქალი, დავინახე თეთრსამოსელიანი ქალი, რომელიც მზესავით ბრწყინავდა, თვალი ვერ გავუსწორეო. მივხვდი, სამძიმარი იყო, ჩემს ძროხას და ხბოს ყარაულობდაო, და დავიმალეო. ჩემი მოსვლა რომ გაიგო, იმწამსვე გაუჩინარდაო. წაიყვანა ქალმა ძროხა და ახალმოგებული ხბო შინ და, როცა ხბო წლისა შესრულდა, ხახმატის ჯვარს შესწირა აღთქმისამებრ.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები