სამხედრო ბეგარა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ბეგარა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - 1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული სამხედრო ბეგარის და მუდმივი ჯარის შევსების დებულების თანახმად, ჯარი უნდა შევსებულიყო საყოველთაო სამხედრო სამსახურის საფუძველზე, ჯარში არ იწვევდნენ მხოლოდ მუსლიმებს.

სამხედრო ვალდებულად ითვლებოდა პირი 20-დან - 45 წლის ჩათვლით. სამხედრო სამსახურში ყოველი წლის 15 ნოემბერს უნდა გაწვეულიყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც მომავალი წლის პირველ იანვრამდე უსრულდებოდათ 20 წელი. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25-წლიანი იყო, თუმცა ნამდვილ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა, შემდეგ გადაირიცხებოდა თადარიგში - 15 წლით და ბოლოს ლაშქარში 8 წლით. მოლაშქრე და სათადარიგო ჯარისკაცები ექვემდებარებოდნენ სამხედრო კონტროლს და პერიოდულად გადიოდნენ წვრთნებს. ვინც ჯარში სამსახურისათვის უვარგისი იქნებოდა, გაიწვევდნენ არმიაში ისეთი მოვალეობის შესასრულებლად, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჯარში გაწვევის გადადება შეიძლებოდა რამდენიმე შემთხვევაში: თუ კონტინგენტი შეივსებოდა, თუ გასაწვევი პირი იყო საშუალო სკოლის მოსწავლე და წარადგენდა შესაბამის მოწმობას. ასეთი პირებისათვის სამხედრო ბეგარის გადადება შეიძლებოდა 22 წლამდე, ასევე, თუ პირი მიცემული იყო სამართალში, ან მის შესახებ მიმდინარეობდა გამოძიება, საქმის დასრულებამდე ჯარში არ გაიწვევდნენ. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს სამუდამოდ ათავისუფლებდნენ ჯარიდან.

1919 წლის 29 ივლისს მიღებული სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების ახალი კანონის თანახმად, შემცირდა სამსახურის ვადა. ამიერიდან 2 წლის ნაცვლად, ქვეითთა ჯარში მსახურობდნენ 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა სახეობის ჯარებში 1 წელიწადსა და 8 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ჯარისკაცების სურვილი იქნებოდა და საამისოდაც ვარგისები იქნებოდნენ, შეეძლოთ ჯარში დარჩენა ზედმეტი სამსახურისათვის.

სკოლის მოსწავლეთათვის სამხედრო სამსახურის გადავადებამ 22-ის ნაცვლად 21 წლამდე გადმოიწია. ჯარში გაწვევისაგან მაჰმადიან მოქალაქეებთან ერთად განთავისუფლდნენ დუხაბორთა რელიგიური სექტის წარმომადგენელნი. მთავრობის 1919 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევისაგან დროებით გათავისუფლდნენ აფხაზები, მათ მიეცათ ნება, მოხალისედ, საკუთარი სურვილით ჩარიცხულიყვნენ არმიაში.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებლივი აქტების კრებული, 1918-1921, თბ.,
  • 1990; ბრძანება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო უწყების მიმართ, თბ., 1 აგვისტო, 1919, #162;
  • სსცსა. ფ. 1861, აღწ. 3. საქ. 13.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები