სამხედრო დაზვერვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო დაზვერვა - სარდლობათა ყველა დონის შტაბების ღონისძიებათა და ჯარების (ძალების) მოქმედების ერთობლიობა. ხორციელდება ცალკეულ ქვეყნებსა და სახელმწიფოთა კოალიციებში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, ჯარების (ძალების) დაჯგუფებების შემადგენლობის, მდებარეობის, მდგომარეობის, მოქმედების ხასიათისა და ზრახვების, აგრეთვე საომარი მოქმედების თეატრის შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით; ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა.

გადასაწყვეტი ამოცანების მასშტაბის მიხედვით სამხედრო დაზვერვა არის სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური.

სახეობების მიხედვით სამხედრო დაზვერვა არის:

  • მოქმედების სფეროების მიხედვით – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და კოსმოსური;
  • გადასაწყვეტი ამოცანების ხასიათის და დანიშნულების მიხედვით – აგენტურული, სპეციალური, რადიო და რადიოტექნიკური, საჯარისო, საარტილერიო-საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური (ბაქტეოროლოგიური), ტოპოგრაფიული, ჰიდროგრაფიული, ჰიდრომეტეოროლოგიური, ტექნიკური, ლოგისტიკური;
  • დაზვერვის ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე – რადიოელექტრონული, ოპტიკურ-ელექტრონული, ოპტიკური, ბგერით-ჰიდროაკუსტიკური, სეისმოაკუსტიკური, მაგნიტომეტრიული და სხვა.

სამხედრო დაზვერვა ხორციელდება დაზვერვის ძალებითა და საშუალებებით. მათ განეკუთვნება ჯარების (ძალების) საშტატო სადაზვერვო შენაერთები და ნაწილები (ქვედანაყოფები), აგრეთვე მათი შემადგენლობიდან გამოყოფილი სადაზვერვო ორგანოები. დაზვერვის წარმოებისათვის შეიძლება მოზიდულ იქნეს ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების სხვა ნაწილები (ხომალდები), ქვედანაყოფები.

დაზვერვა წარმოებს ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებების მთელ ზოლში (საოპერაცი ზონაში), ფლანგებზე და მათი საბრძოლო ამოცანების მთელ სიღრმეზე. დაზვერვის ინტერესის სფეროს განეკუთვნება მოწინააღმდეგის ყველა ობიექტი (შეიარაღებული ბრძოლის ძალები და საშუალებები, საინჟინრო ნაგებობები, ადგილობრივი საგნები), აგრეთვე საომარი მოქმედებების თეატრის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები.

მნიშვნელობის მიხედვით ისინი იყოფა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დაზვერვის ობიექტებად. ოპერაციის (ბრძოლის) მიმდინარეობასა და შედეგზე გავლენის ხარისხის მიხედვით დაზვერვის ობიექტები არის მნიშვნელოვანი და რიგითი. ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებენ დაზვერვის ძალები, ეწოდება სადაზვერვო ინფორმაცია.

სადაზვერვო მონაცემების მოპოვების ძირითად ხერხებს წარმოადგენს:

  • თვალთვალი;
  • მიყურადება;
  • ფოტოგრაფირება (სახმელეთო, საჰაერო, წყალზედა, წყალქვეშა, კოსმოსური);
  • ხელში ჩაგდება;
  • რადიოელექტრონული საშუალებების გამოსხივების ტექნიკური ანალიზი;
  • პელენგაცია;
  • ძებნა;
  • საჰაერო თავდასხმა;
  • ჩასაფრება;
  • ბრძოლით დაზვერვა;
  • ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვა;
  • ტყვეებისა და გადმოსულების დაკითხვა;
  • მოწინააღმდეგისათვის ჩამორთმეული დოკუმენტების შესწავლა.

სადაზვერვო ცნობებს მოიპოვებენ, ამუშავებენ და მოახსენებენ სარდლობას (მეთაურებს) დეტალიზაციის ისეთი ხარისხით, როგორიც მას სჭირდება ჯარების (ძალების) მოქმედებაზე გადაწყვეტილების მისაღებად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები