სამხედრო ეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ეკონომიკა – სამხედრო-სამეურნეო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოებას. განასხვავებენ სამხედრო ეკონომიკის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ მხარეებს. პირველს შეადგენენ მისი მატერიალურ-ნივთობრივი ელემენტები და მასში დასაქმებული პერსონალი, მეორეს – ურთიერთობები, რომლებიც ადამიანებს შორის ყალიბდება სამხედრო მოთხოვნილებების ეკონომიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სამხედრო ეკონომიკის რთულ სტრუქტურას განიხილავენ ფუნქციურ, ტერიტორიულ, ადმინისტრაციულ-საუწყებო და სხვა გეგმებში.

ფუნქციური ანალიზი საშუალებას იძლევა, გავლებულ იქნეს მკაფიო მიჯნა სამოქალაქო და სამხედრო წარმოებას (საწარმოს, ორგანიზაციას) შორის მათი პროდუქციის ფაქტობრივი გამოყენების მხრივ, განისაზღვროს სახელმწიფოს სამხედრო-ეკონომიკური დაძაბულობის დონე.

ადმინისტრაციულ-საუწყებო თვალსაზრისით, სამხედრო ეკონომიკა წარმოგვიდგება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და შეიარაღებული ძალების ერთიანი სამეურნეო სისტემის სახით.

სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო მიმართულებეზე ორიენტირებულ ნაწილს, უწინარეს ყოვლისა, მრეწველობის სამხედრო დარგებს. მრეწველობის საბაზისო დარგებს, აგრარულ სექტორს, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას სამხედრო ეკონომიკას განაკუთვნებენ, მათ მიერ სახელმწიფოს სამხედრო მოთხოვნილებების მომსახურების ნაწილში. შეიარაღებული ძალების ეკონომიკა უზრუნველყოფს სამხედრო პროდუქციის განაწილებას, გაცვლას (მიმოქცევას) და მოხმარებას. იგი მოიცავს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამეურნეო სამსახურის ორგანოებს.

XIX საუკუნის ომებში სამხედრო ეკონომიკის ფარგლებში იხარჯებოდა მეომარ სახელმწიფოთა ეროვნული შემოსავლის 8–14%, I მსოფლიო ომში – 33%-მდე, II მსოფლიო ომში – 50%. სამხედრო ეკონომიკის სიმძლავრეების ზრდას ხელი შეუწყო II მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულმა გამალებულმა შეიარაღებამ. სამხედრო ალიანსებში შემავალი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო საწარმოები ამუშავებდნენ და ახორციელებდნენ სამხედრო-სამეცნიერო კვლევის გრძელვადიან პროგრამებს, აღჭურვავდნენ შეიარაღებულ ძალებს სულ უფრო სრულყოფილი იარაღით.

XX საუკუნის ბოლო ათწლეულში, სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ, მთელ რიგ ქვეყნებში გაჩაღდა სამხედრო წარმოების კონვერსიის პროცესები. სამხედრო ეკონომიკის რეფორმირების პირობებში ქვეყნების წინაშე დგება ამოცანა, შეინარჩუნონ თავდაცვითი პოტენციალი არსებული და პოტენციური სამხედრო საშიშროებისადმი ადეკვატურ დონეზე. ამასთან, გაითვალისწინონ სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობა. სამხედრო ეკონომიკის, როგორც მეცნიერების, საგანია ეკონომიკური ურთიერთობები. მათი სირთულე და მრავალწახნაგა ხასიათი აისახება სამხედრო ეკონომიკის თეორიასა და ფუნქციური, დარგობრივი სფეროს კონკრეტულ სამხედრო-ეკონომიკურ დისციპლინებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები