სამხედრო მონოპოლიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო მონოპოლიები - საწარმოო ან სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებები (საწარმოები, ფირმები), რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ სამხედრო დანიშნულების პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) მნიშვნელოვანი ნაწილის დამზადება და რეალიზაცია. არსებობს ეროვნული (ცალკეული ქვეყნების) და საერთაშორისო სამხედრო მონოპოლიები ამ უკანასკნელთა რიცხვს განეკუთვნებიან ტრანსნაციონალური (ცალკეული ქვეყნების მონოპოლიები, რომელთა საქმიანობა ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით) და ეროვნებათშორისი (საქმიანობის ხასიათით და მონაწილეთა შემადგენლობით – საერთაშორისო) სამხედრო მონოპოლიები.

საკუთრების სახეობის მიხედვით შეიძლება იყოს: კერძო სამეურნეო, სახელმწიფო და შერეული. სამხედრო მონოპოლიების ძირითადი ფორმებია:

  • სამხედრო კარტელებიფირმათა (მესაკუთრეების) შეთანხმებები სამხედრო პროდუქციის წარმოებისა და გასაღების პირობების, ოდენობის შესახებ. კარტელების წევრები ინარჩუნებენ საწარმოო და კომერციულ დამოუკიდებლობას;
  • სამხედრო სინდიკატები – საწარმოები, რომლებიც ინარჩუნებენ საწარმოო და იურიდიულ დამოუკიდებლობას, მაგრამ არ გააჩნიათ კომერციული დამოუკიდებლობა;
  • სამხედრო ტრესტები – მათ მონაწილეებს არ აქვთ საწარმოო, კომერციული და იურიდიული დამოუკიდებლობა;
  • სამხედრო კონცერნი – ახასიათებს საკუთრების და კონტროლის ერთიანობა; ეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ავრცელებული სამხედრო მონოპოლიების ფორმაა თანამედროვე პირობებში.

სამხედრო მონოპოლიები შეიქმნა წარმოების და კაპიტალის მაღალი კონცენტრაციის საფუძველზე XIX საუკუნის დამლევს და XX საუკუნის დამდეგს. I და II მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ევროპის შეიარაღების ბაზრებზე გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, იაპონიის, ხოლო II მსოფლიო ომის შემდეგ – აშშ-ის სამხედრო მონოპოლიებს.

თანამედროვე სამხედრო მონოპოლიებს აქვთ ყველა ქვეყნისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

  1. ისინი წარმოადგენენ მრავალდარგოვან კონცენრებს, რომლებშიც შეხამებულია სამხედრო და სამოქალაქო წარმოება;
  2. მათი წარმოება ატარებს მრავალფუნქციურ ხასიათს (უშვებენ ტანკებს, ავიაგამანადგურებლებს, სარაკეტო კომპლექსებს და ა.შ.);
  3. სამხედრო მონოპოლიების ხელში თავმოყრილია უზარმაზარი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალი;
  4. ისინი სამოქალაქო წარმოებისაგან განსხვავდებიან მეტი მდგრადობით, უფრო მაღალი მოგებით;
  5. სამხედრო მონოპოლიებს შორის მატულობს ტრანსნაციონალური და ეროვნებათშორისი სამხედრო-სამრეწველო მონოპოლიების რიცხვი.

XXI საუკუნის დასაწყისში ყველაზე მეტად გავრცელებულია სამხედრო კორპორაციები (სამხედრო მონოპოლიები სააქციო კაპიტალით, რომელსაც მენეჯერები უძღვებიან).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები