სამხედრო სამღვდელოება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო სამღვდელოებაეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ფორმირებებში მსახურობენ. მათი მიზანია პირადი შემადგენლობის სულიერი და მორალური მხარდაჭერა და რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდა. რელიგიური კონფესიისა და ქვეყნის ეროვნული თავისებურებების მიხედვით სამხედრო სამღვდელოებაში შემავალ პირებს ეწოდებათ სამხედრო მღვდლები, სამხედრო კაპელანები, სამხედრო რაბინები, სამხედრო მოლები და ა.შ. ისინი შეიძლება იყვნენ შეიარაღებული ძალების კადრებში და ჰქონდეთ სამხედრო წოდება ან რჩებოდნენ სამოქალაქო პირებად. ყველა შემთხვევაში ისინი ფინანსდებიან სამხედრო უწყების მიერ და სარგებლობენ შესაბამისი უფლებებით, როგორც წესი, ოფიცერთა შემადგენლობის სტატუსის მიხედვით. სამხედრო სამღვდელოების წარმომადგენლებს ნიშნავენ სამხედრო მმართველობის უმაღლესი ორგანოები ან ხელმძღვანელი საეკლესიო ორგანოები, მაგრამ ყველა შემთხვევაში – ამ ინსტანციებს შორის შეთანხმების საფუძველზე. არმიებში კულტის მსახურები შუა საუკუნეებში გაჩნდნენ. სამხედრო-რელიგიურმა სამსახურმა და სამხედრო სამღვდელოების სტატუსმა ოფიციალური სახელმწიფო-იურდიული დამკვიდრება პოვა XVI–XVIII საუკუნეებიდან. მაგალითად, XVI საუკუნიდან მოქმედებს სამხედრო კაპელანების სამეფო სამსახური ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში. პოლონეთის სეიმმა 1690 წელს პირველად დააწესა სამხედრო სამღვდელოების 36 თანამდებობა ქვეითი ჯარის და კავალერიისათვის. რუსეთში სამხედრო სამღვდელოების ადგილის და როლის იურიდიული დამკვიდრება მოხდა 1716 წელს; 1775 წელს სამხედრო კაპელენების სამსახური საკანონმდებლო წესით გაფორმდა აშშ-ში.

XXI საუკუნის დამდეგს სამხედრო-რელიგიური სამსახურები არსებობს მეტწილ განვითარებულ და ბევრ განვითარებად ქვეყანაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები