სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა - სამხრეთ საქართველოს მუსლიმანებით დასახლებულ ტერიტორიაზე პროოსმალური ძალები ათეული წლების მანძილზე ეწეოდნენ ანტიქართულ აგიტაციას, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა 1910-იანი წლებიდან. პროოსმალური აგიტაციის დასაყრდენი იყო ექიმ სულთანოვის მიერ 1914 წლის ახალციხეში შექმნილი „საქველმოქმედო საზოგადოება“.

1917 წლის 17 ნოემბერს ახალციხეში ჩატარდა მუსლიმანთა ყრილობა, რომლის მიერ მიღებული დადგენილებით სამხრეთ- დასავლეთის ქართული ოლქები საქართველოსგან ჩამოცილებულად გამოცხადდა, ხოლო არდაგან-ბათუმის ოლქებისა და ახალციხე-ახალქალაქის მაზრების ბაზაზე უნდა შექმნილიყო ე. წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა“. 1917 წლის დეკემბერში მოხდა მუსლიმან ქართველთა აჯანყება, რომლებმაც ახალციხე ალყაში მოაქციეს. აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: ომარ ფაიკ ნამინ ზადე (ყიფიანი), ზია-ბეგ ავალიშვილი, ზორი ზორიანცი, ბაღჩი-ბეგ მაჩაბელი, გუდა გუდიევი, სერვერ-ბეგ ათაბაგი (ჯაყელი) და სხვ.

1918 წლის იანვარში, აწყურთან გზის ჩაკეტვით, აჯანყებულებმა სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ჩამოაცილეს, ხოლო მუსლიმან ქართველთა ჯარი ოსმალეთის არმიას შეუერთეს. ახალციხე-ახალქალაქის მაზრების გენერალ- გუბერნატორის მცდელობა, პროოსმალური ორიენტაციის მქონე აჯანყებულებს გამკლავებოდა, უშედეგო აღმოჩნდა. მუდროსის ზავის შემდეგ (1918 წლის 30 ოქტომბერი) ოსმალეთს უნდა დაეტოვებინა ამიერკავკასიის ტერიტორია, მაგრამ ის აჭიანურებდა ჯარის გაყვანას ყარსის ოლქიდან. ოსმალთა ხელშეწყობით 1919 წლის იანვარში სერვერ ბეგის ხელმძღვანელობით დაიწყო აჯანყება, შეიქმნა ე. წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის ნაციონალური მთავრობა, რომელსაც იბრაიმ-ბეი ჩაუდგა სათავეში (ყარსის მესამე კონგრესი. 1919 წლის 17- 18 იანვარი). მთავრობის რეზიდენციად ყარსი გამოცხადდა. აჯანყებული პროოსმალუ- რი ორიენტაციის ბეგები თავიანთი მიზნების განხორციელებას რეალობად მიიჩნევდნენ, რადგან მხარდაჭერას ოსმალეთიდან და ამიერკავკასიის რეგიონში მყოფი ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ელოდნენ. ინგლისის სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელთა ხელშეწყობით, ხალილ-ფაშამ ახალციხეში 200 შეიარაღებული ოსმალო ასკერი და რამდენიმე ოფიცერი დატოვა. იმავდროულად, პროოსმალური ორიენტაციის მუსლიმან ქართველებს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი გადაეცა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნ. ჟორდანიამ, გენ. უოკერი აჯანყებული სერვერ-ბეგის მხარდაჭერაში და ყარსის მუსლიმანური სახელმწიფოს მფარველობაში დაადანაშაულა. ვ. ნოზაძის მტკიცებით, ინგლისელთა ასეთი პოზიცია სომხურ ინტერესებთან იყო გადაჯაჭვული. ე.ი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, სომხურ-ინგლისური ანტიქართული კურსი მოქმედებდა. მათი ხელშეწყობით განხორციელდა პარიზის კონფერენციაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით „ყარსის მთავრობის“ წარმომადგენლის გაგზავნა. ინგლისელთა ფარული მხარდაჭერით, სერვერ-ბეგმა ახალციხეში შესვლისთანავე გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი მოაწყო. იმავდროულად, ადგილობრივი მთავრობის სახით შეიქმნა ახალციხის საგანგებო კომისარიატი. მის შემადგენლობაში შევიდნენ: სერვერ-ბეგი ათაბაგოვი (თავმჯდომარე), პრინცი ათა-ბაგი-ქობლინსკი (თანაშემწე), გომაშევიჩი (შინაგან საქმეთა კომისარი) და სხვ. ახალციხეში სამხედრო წესები შემოიღეს, ქალაქის კომენდანტად ახმედოვი დაინიშნა, ხოლო ახალციხის მაზრის უფროსად იასონ-ბეგ ფალავანდოვი. სერვერ-ბეგის მმართველობა 27 დღე გაგრძელდა.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების სალიკვიდაციოდ საქართველოს მთავრობამ ენერგიული ზომები მიიღო. 1919 წლის აპრილის დასაწყისში ქართულმა ჯარმა გენერალ გ. გ. კვინიტაძის სარდლობით წარმატებული კონტრშეტევა წამოიწყო. აპრილის მეორე ნახევარში კვინიტაძემ დაძლია სერვერბეგის წინააღმდეგობა და 20 აპრილს არტაანი აიღო. ქართველთა წინსვლამ ინგლისელები იძულებული გახადა, 1919 წლის აპრილიდან აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყვნენ და „ყარსის მთავრობა“ გასაწირად გაემეტებინათ. 13 აპრილს ინგლისელებმა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“ პარლამენტი დაითხოვეს, ხოლო „მთავრობის“ 12 წევრი დააპატიმრეს და კუნძულ მალტაზე გადაასახლეს. საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სერვერ-ბეგის აჯანყების ლიკვიდაცია და რეგიონში წესრიგის დამყარება.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

  • შ. ვადაჭკორია, საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ოსმალეთის ექსპანსიური პოლიტიკა (1919-1921 წლის მარტი), თბ., 2015;
  • ფ. ქაზემზადე, ბრძოლა ამიერკავკასიისათვის, 1917-1921, მთარგმნელი ქ. ქანთარია, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები