სანების ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სანების ჯვარი − იგივე სამების ჯვარი სხვანაირად: „წმიდა სანება მფრინავი ანგელოზი“ ან „სანება ცროლის წვერისა“, ხევსურული სოფლების უკანხადუს და კალოთანის (არხოტში) სალოცავი, რომელიც ვაკე ადგილებიდან (მინდვრიდან) აიყარა და სიწმიდის გულისთვის მაღალ მთაზე, ცროლზე ანუ, როგორც ამბობდნენ, „ხმელთ შუაში“ დაარსდა.

ამ დროს ხადუში ჩარგლიდან მოსულა კაცი, სახელად ქერა. ამ ქერას საცხოვრებლად მოსწონებია ეს ადგილები და აქ დამკვიდრებულა. ქერა ხედავდა, რომ ცროლის წვერი განათდებოდა ხოლმე ღამ-ღამობით და მთელ იმ არემარეში რაპრაპი იდგა. ჯერ ვერ ბედავდა, მაგრამ მერე იფიქრა, წავალ, გავიგებ, რა ანათებსო. წავიდა და, ხედავს, ცროლის წვერზე, ერთ მაღალ ქვაზე, ზის მტრედის აღით მფრინავი ანგელოზი და ისეთ შუქს უშვებს, რომ თვალის გასწორება არ შეიძლება. ამის მნახველ ქერას ცნობა დაუკარგავს. გონთ რომ მოსულა, იქ არაფერი არ იყო, არც მტრედი, არც შუქი. მუხლმოყრით ვიჯექი იმ ადგილზე, ყვებოდა ქერა, სადაც მფრინავი ანგელოზი ვნახეო. მეორე დილით, გათენდა თუ არა, ქერამ კოშკი აუგო სანების ჯვარს, ხალხი მოიყვანა ხადუს და ამის შემდეგ დაწესდა დღეობები, მათ შორის მთავარი – ათენგენობა ანუ ვარდის დღეობა, რადგან ამ დროს ველური ვარდი, ასკილი ყვავის. ამ დღეობას ცროლის მთაზე მართავენ, სადაც პირველად დაარსდა სანება, დანარჩენი დღეობები ყველა ბარში ჩამოიტანეს. რა მიზეზით? (იხ. ცროლის მთა).

სანების ჯვარი ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ მისი საყმო საიმედოდ იყო დაცული დევ-კერპებისგან. ვერც დევი, ვერც ეშმაკი და ქაჯი მის მიწა-წყალზე ვერ გაივლიდა. თუ რამ გასაჭირი დაადგებოდა ავი ძალისგან მის ყმას ან ქალს (დედროვანს), შემოსძახებდა თუ არა დასახმარებლად სანების ჯვარს, ის მყისვე ცეცხლის რკალის სახით იქ გაჩნდებოდა. ასეთი ლექსია გამოთქმული ცროლის სანებაზე:


„სანება ხკაზმებს ზერდაგსა, სამწყალსა, სამის წლისასა,
დაახვევს მასართავებსა, წითელის ატლასისასა,
აღვირ-ავშარას ამასდებს, წვრილ-წვრილის მასკვლავისასა,
ზედ თაოდ გადაბძანდების, კიდურს აჭეხებს ცისასა“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები