სანეევი ვიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ სანეევი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე, 1980 წელი

ვიქტორ სანეევი – (დ. 1945 წლის 3 ოქტომბერს, სოხუმში გ. 2021 წლის 2 იანვარს სიდნეი, ავსტრალია), მძლეოსანი, სამმხტომელი. XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო - 17,39 მ; 1972, მიუნხენი -17,35 მ; 1976, მონრეალი - 17,29 მ), XXII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი = 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 - 17,23 და 17,39 მ; 1972 - 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი - 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე.

სანეევი ვიქტორ

დიდ სარბიელზე მოპოვებული გამარჯვებების წყალობით, სპორტსმენი არღვევს დროისა და სივრცის ფარგლებს და ისტორიის კუთვნილება ხდება. სწორედ ასეთი სპორტსმენია ვიქტორ სანეევი. ღვთის წყალობით, საქართველოს დიდი სპორტსმენები, დიდი ჩემპიონები მუდამ ბევრი ჰყავდა, მაგრამ ვიქტორ სანეევი დიდ ჩემპიონთა ფონზეც კი გამოირჩევა. ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი ყველაზე მაღალი სპორტული ჯილდოა. სპორტსმენებიც განსაკუთრებული ჟინით და განსაკუთრებული შემართებით მიელტვიან ამ მწვერვალს. მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონიც ყველა თავის მედალს სიამოვნებით გაცვლიდა ერთ ოლიმპიურ ოქროში, რადგან ათგზის მსოფლიო ჩემპიონიც ადრე თუ გვიან ექს­ჩემპიონი გახდება, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული კი „ექს“ პრეფიქსს არასოდეს დაირთავს: ოლიმპიური ჩემპიონი უკვდავი ჩემპიონია, მარადიული ჩემპიონი. ვიქტორ სანეევი სამგზის უკვდავი ჩემპიონი გახლავთ. რაოდენ სასიხარულოა და საამაყო, რომ ეს დიდი ათლეტი შენი მიწის შვილია, შენს ქვეყანაში დაბადებული და აღზრდილი – კაცი, რომელმაც საქართველოს სახელი შორს გაიტანა და დიდებით შემოსა. ვიქტორ სანეევის პიროვნება, თავისი ღირსებით, კეთილშობილებით, კაცობითა და უბრალოებით ისევე გამორჩეულია, როგორც მისი სპორტული მიღწევები. ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა აღიზარდოს ახალი თაობა და ასეთი ადამიანების არსებობა, თავისთავად, ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის, მისი მომავლის საწინდარს წარმოადგენს.

ვიქტორ სანეევის ოლიმპიური დებიუტი მეხიკოში შედგა. მერე იყო, მიუნხენი, მონრელი და მოსკოვი. სამი ოლიმპიური ოქრო და ერთი ვერცხლი! ასეთი სპორტული ნადავლი სულ ცოტა ოთხ ადამიანს მოაწყობინებდა პირად ცხოვრებას. მაგრამ სანეევი სპორტში პირადი ცხოვრების მოსაწყობად არ მოსულა. იშვიათია მისებრ მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი. არავინ თავისი დიდი ჩემპიონობით არ შეუწუხებია და სწორედ ამიტომაც არის დიდი ჩემპიონი. ვიქტორ სანეევს ხშირად უთქვამს, რომ არავითარ საიდუმლო მეთოდს არ ფლობდა და არც განსაკუთრებული ტალანტით ბრწყინავდა.

გამარჯვებისკენ სწრაფვა, მუდმივი, მოუღლელი ვარჯიში, საკუთარი სისუსტეების დაძლევის უნარი და ცოტა იღბალიც _ თურმე, სულ ეს არის სანეევის „საიდუმლო“. ყოველი მორიგი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს თავიდან იწყებდა, თითქოს საყოველთაოდ აღიარებული სპორტსმენი და სპორტის დამსახურებული ოსტატი კი არა,დიდ გამარჯვებებზე მეოცნებე რიგითი პირველთანრიგოსანი ყოფილიყო. ოცნების ასასრულებლად კი ერთადერთი გზა არსებობდა - შრომა და შრომა.

იხილე აგრეთვე

ვიქტორ სანეევი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები