საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია

საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე თეძმის ხეობაში მდებარე სოფელ ფიცესის სამხრეთ გარეუბანში, მაღალ კლდოვან ბორცვზე.

საორბისის წმ. გიორგის ეკლესია ლიტერატურაში დათარიღებულია 1152 წლით. 1962 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და შეაკეთა ფასადები.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (17X12,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილ კვადრებით (შენობა დაზიანებულია). ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთის მინაშენიდან აქვს. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. თითო სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურდ ნაკეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს.

საორბისის ეკლესიის ფრონტონზე გამოსახული ბოლნური ჯვარი

შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემოჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციაა. ჩანს მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი. იქვე ჩრდილოეთის მხარეს ექვსფრთედის ფრაგმენტია. საკურთხევლის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურაა. გამოსახულებები ფრონტალურია. შედარებით უკეთაა შემონახული სარკმლის წირთხლების მოხატულობა. ასომთავრული წარწერის მოხედვით აქ ორი დიაკონია წარმოდგენილი: წმ. სტეფანე და წმ. გერმანოზი. წმინდანების შარავანდები სხვადასხვა ფერისაა: ეკლესიის მამებისა ყვითელია, დიაკვნებისა - მონაცრისფერო-იისფერი. ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია იერუსალიმს შესვლა (შემორჩენილია მხოლოდ ცხენისა და მაცხოვრისკენ მიმართული ბავშვის გამოსახულების ფრაგმენტი). ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში ორი მოწამის წელზედა გამოსახულება გაირჩევა (ერთი მათგანი მეომარია). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია წმ. გიორგის ბრძოლა გველეშაპთან (დაზიანებულია). ცხენი წითური ფერისაა. შემოსასვლელის ტიმპანში გამოსახულია მაცხოვრის თავი. შემოსასვლელის თავზე, მისგან მარჯვნივ და დასავლეთის კედელზეც ცალკეულ სცენათა ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა გარჩევა არ ხერხდება. სამხრეთის კედლის სარკმლის წირთხლები მოხატულია მცენარეული ორნამენტით - სამფურცლიანი ყვავილებით, ყვითელი ყლორტებითა და შავ ფონზე მტვრიანებით, რაც დამახასიათებელია XI-XII საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობისათვის. მხატვრობის კოლორიტი თავშეკავებულია. უმთავრესად გამოყენებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ნაცრისფერი. ფიგურები სტატიკურია, გამოირჩევა სიმკაცრით.

შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს ეკლესიის ამშენებლის ვინაობას (კახა ერისთავთ-ერისთავი) და აგების თარიღს. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე მიდგმულია გალავანი, რომელშიც სამხრეთ-დასავლეთით გაჭრილია კარი.

ბიბლიოგრაფია

1.ფიცესი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.110-111.
2.ფიცესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.X.-თბ.,1986.-გვ.338. მოკლე ცნობა 1152 წელს აგებული საორბისის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ
3.საორბისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.92. ერთნავიანი ეკლესიის მხატვრული ფორმების თავისებურებათა შესახებ. ტექსტს ახლავს ძეგლის აღმ. ფასადის სარკმლის ფოტო.
4.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა.-თბ.,1959. გვ.36-37.წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მხატვრობის ნაშთებისა და წმინდანთან დაკავშირებული ხატობის აღწერილობა.
5.საორბისის //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.151. მოკლე ცნობა საორბისის ერთნავიანი ეკლესიის მაღალი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმების შესახებ. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო (ტაბ.146).
6.გორდეევი დ. საორბისი //საბჭოთა ხელოვნება.-1939.-N11.-გვ.34-39. პატარა, ერთნავიანი, ერთაბსიდიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა; მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი; აგების თარიღის დადგენა დეკორატიული გაფორმებისა და ფერწერული ნიმუსების მიხედვით. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები (ავტორი მ. კალაშნიკოვი).
7.ვაჩეიშვილი ნ. დარბაზულ ეკლესიათა შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტის რამდენიმე თავისებურება //ძეგლის მეგობარი.-1997.-N1(96).-გვ.21. მონაცემები ეკლესიის ხუროთმოძღვრებასა და შიდა სივრცეზე.
8.საორბისი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. თბ.,2012.-გვ.62. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. მხატვრული გაფორმების მოკლე ანალიზი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები