საოსტატო სემინარიები საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საოსტატო სემინარიები - პედაგოგთა კადრების მომზადებას ქართული საზოგადოება ცარიზმის პერიოდიდანვე ესწრაფვოდა. ამ სფეროში დასაქმებულთა შორის საპატიო ადგილი ქალებს ეკავათ. ქალთა საოსტატო ინსტიტუტები და კურსები არსებობდა სახელმწიფო სტატუსითაც, მაგრამ უმეტესობა კერძო იყო. ამგვარი კადრების მომზადებაში გარკვეული წვლილი შეიტანა „განათლების“ საზოგადოებამ, რომელსაც სათავეში ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთელი ედგა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო 5 საოსტატო სემინარია.

1918 წლის 2 აგვისტოს განათლების მინისტრმა, გიორგი ლასხიშვილმა, პარლამენტს მოხსენება წარუდგინა სამასწავლებლო ინსტიტუტებისა და სემინარიების გაეროვნების შესახებ. საქართველოში ამ დროს 4 პედაგოგიური სასწავლებელი იყო: ტფილისის საოსტატო ინსტიტუტი, სემინარიები გორში, ხონსა და სოხუმში. მინისტრი თითოეულ მათგანს ახასიათებდა და იმ პერსპექტივას წარმოაჩენდა, რაც ამ სასწავლებლებს ელოდა დამოუკიდებლობის პირობებში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სასწავლებლებში იკლო როგორც ადგილობრივ არაქართველთა, ასევე ჩამოსულების რიცხვმა, რადგან პოლიტიკური ვითარება მძიმე იყო. მინისტრი ვარაუდობდა, რომ ინსტიტუტსა და სემინარიებში რუსული და სხვა არაქართული კლასები შეიძლებოდა დახურულიყო. აზერბაიჯანლებისთვის სემინარია განჯაში იყო გახსნილი, სომხებისთვის - ერევანში. ამიტომ მინისტრი გამოთქვამდა თვალსაზრისს, რომ სემინარიებსა და საოსტატო ინსტიტუტებში მხოლოდ ქართული განყოფილებები დარჩენილიყო, სოხუმში კი იქნებოდა ქართული და აფხაზური განყოფილებები. საამისოდ სოხუმის სემინარიის ახალი, აფხაზური განყოფილებისათვის მინისტრი ითხოვდა მთავრობისაგან კრედიტის გაცემას. მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საოსტატო სემინარიების ქართულ სასწავლებლებად გარდაქმნას. ვინაიდან მასწავლებელთა კადრების სიმცირე, თანაც დაბალი ხარისხი იყო, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ცდილობდა მდგომარეობის გამოსწორებას. განათლების რეფორმას სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები განახორციელებდნენ. ამ კადრების მომზადებას დრო სჭირდებოდა, დრო კი არ იცდიდა. ამისთვის, სამინისტრომ სცადა როგორც ძველი კადრების გამოყენება (მათი გადამზადება თუ გადასამზადებელი კადრებისათვის გამოყენება), ასევე ძველი სასწავლებლების პედაგოგიური პროფილით რეორგანიზაცია. ამ მხრივ საინტერესოა განათლების მინისტრის მიერ 1918 წლის 2 აგვისტოს პარლამენტში წარდგენილი მოსაზრება საზოგადოება „განათლების“ თამარ მეფის სახელობის საოსტატო სემინარიის შესახებ. მინისტრი წერდა:

”საქართველოს ტერიტორიაზე მთავრობას არა აქვს არც ერთი საპედაგოგიო სასწავლებელი, სადაც შეიძლებოდეს ქალთა მომზადება სახალხო სკოლების მასწავლებლებად. არსებული სკოლები ყველა სავაჟოა. საჭიროება ქალთა საოსტატო სემინარიისა დიდია და განათლების სამინისტროც პირველ რიგში აყენებს ამგვარი სკოლის შექმნას. მაგრამ ვინაიდან დღევანდელს პირობებში ახალი სკოლის შექმნა მეტად ძნელია და არც მოკლე ხანში მოხერხდება, სამინისტრო ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა გვესარგებლა უკვე არსებული ქალთა სემინარიით და იგი სახელმწიფო საჭიროებისათვის შეგვეფარდებინა და გამოგვეყენებინა. ამგვარია „განათლების საზოგადოების“ თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარია. სამინისტრომ მიიღო მხედველობაში, რომ „განათლების საზოგადოება“ იმთავითვე ქართულად აწარმოებდა სკოლაში სწავლა-აღზრდის საქმეს და ამ მხრივ თვალსაჩინო წარმატებაც გამოიჩინა, გაითვალისწინა, რომ სასწავლებელს უკვე 2 სემინარიული კლასი აქვს, მაშასადამე, ორი წლის შემდეგ სრული ქართული სემინარია გვექნებოდა. არ უგულვებელჰყო ის გარემოებაც, რომ სკოლა მასწავლებელთა მხრივ უზრუნველყოფილია (ყველა მასწავლებელი სათანადო უმაღლესი განათლების მქონე იყო), აქვს აგრეთვე ბინის ასაგებად შეგროვილი 22, 284 მან. და დაადგინა: აღიძრას, თანახმად „განათლების“ საზოგადოების თხოვნისა, შუამდგომლობა ეროვნული საბჭოს წინაშე, რომ:

ა) „განათლების“ საზოგადოების თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარია ცნობილი იქმნას სახელმწიფო სასწავლებლად და გადავიდეს მთელი სასკოლო მოწყობილობით, ბიბლიოთეკით, მუზეუმით მთავრობის გამგებლობაში;
ბ) მიეცეს სემინარიას სახელმწიფო ხაზინიდან ყოველწლიური დახმარება თანახმად არსებული სახელმწიფო საოსტატო სემინარიების ხარჯთ-აღრიცხვის ნორმებისა“.

ეროვნულმა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, როგორც კანონი 1918 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე, სადაც იგი წარადგინა სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა, რაჟდენ არსენიძემ. 1919 წლისათვის მრავალი ცვლილებები შევიდა თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის შტატებში. დიდი ყურადღება ეთმობოდა ე.წ. „სამაგალითო სკოლას“, რომელიც სემინარიასთან არსებობდა და სადაც მომავალი სახალხო სკოლის მასწავლებელი ისმენდა სამაგალითო გაკვეთილებს. მას გამოცდილი მასწავლებელი ავარჯიშებდა გაკვეთილის სრულყოფაში, მეთოდურ ჩვევებში. განათლების სამინისტრომ დააყენა საკითხი „სამაგალითო მასწავლებელთა“ ხელფასების გადიდების შესახებ. სამასწავლებლო სემინარიის (საოსტატოს ნაცვლად, პარლამენტმა სიტყვა სამასწავლებლო შემოიტანა) დამატებითი შტატების შესახებ 1919 წლის იანვარში მიღებული კანონი ასეთ ახალ შტატებს ითვალისწინებდა:

1. ნაცვლად ოთხისა, თამარ მეფის სახელობის სამასწავლებლო სემინარიაში 7 შტატი წესდებოდა;
2. აღდგა ხელგარჯილობისა და ხელსაქმის მასწავლებლის თანამდებობა;
3. სემინარიის მასწავლებელთათვის შემოღებული იქნა 5-წლეულები, თითო 500 მან.
4. კლასის დამრიგებელს წლიურად განესაზღვრა 1800 მან.
5. დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტი სამოქალაქო უწყების მუშაკთათვის ხელფასების მომატების შესახებ გავრცელდა საოსტატო სემინარიის მასწავლებლებზეც, მათ მოემატა ხელფასი.

(დოდო ჭუმბურიძე)



ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 264, საქ. 265, საქ. 247, საქ. 252;
  • სცსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 262.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები