სარასანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარასან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Сарасан)

  1. ზამთრის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ხალხის შეხედულებით, ამ სულის ცეკვით წარმოიქმნება ქარბუქი, ქარიშხალი, ყინვა, იწყება თოვა. მონადირეებს ეშინოდათ მრისხანე სარასანის. კარგი ამინდის დასადგომად ისინი მონადირე ძაღლის ბალანს ამაღლებულ ადგილზე მიწაში ფლავდნენ. გაზაფხულზე მზიან ამინდში იმართებოდა „სარასანის გაცილების“ (Сарасанны ашырыу) რიტუალი, თანხლებული ლოცვით, მსხვერპლშეწირვითა და საწესო ცეკვა-თამაშით. ამავე რიტუალის ფარგლებში ეწყობოდა საწესო თამაშობა „გოშანაჲ დღეობა“ (Гошанау той). სოფ. უჩყულანში, ე. წ. „ჩოფფას ქვასთან“ (Чоппаны ташы) მრავალი ახალგაზრდა იკრიბებოდა. მუხის წკნელებით წნავდნენ დიდ ჯვარს (къач), რომლის ბოლოებს ოთხ ჯოხს მიამაგრებდნენ და ასე მიღებულ ოთხკუთხედზე ცხენის ტყავს გადაჭიმავდნენ. ჩალისაგან – სარასანის თოჯინას (Сарасан гинджи)б კუნელის წკნელებისაგან კი გოშანაჲს დედოფალას (Гошанау гинджи) გააკეთებდნენ. პირველს ვაჟები იღებდნენ, მეორეს – გოგონები და „სარნაუს“ მოთქმა-სიმღერით, რომელსაც ქალიშვილები ასრულებდნენ, მდინარისკენ წავიდოდნენ. მსვლელობას განსაკუთრებული ნაბიჯებით – ჩაყინჯაყითა (чакъынджакъ) და ჯაფუნჯიქით (джапунджик) – აწყობდნენ. ვაჟების ჩაყინჯაყი მარცხენა ფეხის გვერდულად მოძრაობით სრულდებოდა, ქალიშვილების ჯაფუნჯიქი კი – მარჯვენა ფეხის გვერდულად მოძრაობით. მდინარესთან მოსულები რგოლში ჩადგმულ ჯვარს ხეზე მიამაგრებდნენ და მის გარშემო გამართავდნენ ფერხულს, რომელსაც „გოშანაჲ“ ერქვა. შემდეგ სარასანის თოჯინას დაწვავდნენ, ხოლო გოშანაჲს დედოფალას ტაშის კვრითა და შეზახილებით წყალში ჩაუშვებდნენ და საწესო სუფრას მიუსხდებოდნენ.
  2. ნართულ თქმულებათა პერსონაჟი, ყუბუს ცოლი, ჩჲურდის დედა, ყურშას დაჲ, რომელმაც ქმრის სიკვდილის შემდეგ თავისი ვაჟი აღსაზრდელად ძმას გადასცა.


ლიტერატურა

  • Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
  • Каракетов М. Д. Из истории традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003;
  • Кудаев М. Язык охотника // Приложение к журналу „Минги Тау“. Нальчик, 2010, № 7.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები