სარაჯიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით სარაჯიშვილი

დავით სარაჯიშვილი - (28 ოქტომბერი, 1848, - 20 ივნისი, 1911), ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა

სარჩევი

ბიოგრაფია

დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს (ძველი სტილით), ქ. თბილისში, შეძლებული სოვდაგრის ოჯახში. 1866 წელს თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, დავით სარაჯიშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც ირიცხება უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, მაგრამ მალე მიდის გერმანიაში, სადაც ერთი წელი სწავლობს მიუნჰენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სწავლას აგრძელებს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელსაც 1871 წელს ამთავრებს და ღებულობს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს.

დავით სარაჯიშვილი ამით არ კმაყოფილდება და 1872-78 წლებში ჰოჰენჯაიმისა და ჰალეს უნივერსიტეტებში სწავლობს სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებას.

1878 წელს დავით სარაჯიშვილი მიემგზავრება საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის პრაქტიკული და თეორიული საფუძვლების შესასწავლად. გერმანიასა და საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი სოფლის მეურნეობის საფუძვლების შესწავლასთან ერთად გატაცებით ეუფლებოდა ბუნებისმეტყველებასა და პოლიტიკურ ეკონომიას.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დავით სარაჯიშვილი 1880 წელს დაქორწინდა ეკატერინე ფორაქიშვილზე, რომელიც მისი ერთგული მეუღლე და მეგობარი იყო.

სამეწარმეო საქმიანობა

საფრანგეთში ყოფნისას იგი დიდად დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. კონიაკის ტექნოლოგიის თეორიული და პრაქტიკული საკითხების ღრმად ცოდნამ დავით სარაჯიშვილს საფუძველი მისცა გაბედულად გადაედგა ნაბიჯი საქართველოში კონიაკის წარმოების შექმნის გზაზე.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე ხელი მოჰკიდა სპირტისა და არაყის წარმოების ჩამოყალიბებას, რითაც მოამზადა პირობები კონიაკის წარმოების დაწყებისთვის. მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილი ცდა უშედეგოდ რჩებოდა პრიმიტიულობისა და ტექნიკური ჩამორჩენილობის გამო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამრეწველო ბაზარზე ბატონობდა უცხოური, ძირითადად ფრანგული კონიაკი, ამიტომ ადგილობრივი პროდუქცია ვერ უძლებდა საქვეყნოდ ცნობილი კონიაკების კონკურენციას და მათი წარმოება უქმდებოდა.

დავით სარაჯიშვილი მეუღლესთან - ეკატერინე ფორაქიშვილთან ერთად

1888 წლიდან დავით სარაჯიშვილის ქარხანაში მუშაობდა შვეიცარული სპირტსახდელი აპარატი. სარაჯიშვილის ხელმძღვანელობით 1889 წელს ყიზლარში ამუშავდა კონიაკის სპირტსახდელი ქარხანა, სადაც ყოველ-წლიურად 100-150 ათასი გრადუსი კონიაკის სპირტი იხდებოდა.

შემდეგ მწყობრში ჩადგა მოლდავეთისა და აზერბაიჯანის კონიაკის სპირტსახდელი ქარხნები. ჩამოთვლილი ადგილებიდან მიღებული სპირტები მოჰქონდათ თბილისის ცენტრალურ საწყობში, სადაც დამწიფება-დაძველების შემდეგ ამზადებდნენ კონიაკს.

სამარკო კონიაკის დასამზადებლად, სპირტი ძირითადად შემოჰქონდათ საფრანგეთიდან და პროდუქცია გამოდიოდა კავკასიის ნატურალური კონიაკების სახელწოდებით.

უკვე 1895 წლიდან დავით სარაჯიშვილის 1, 2, 3, 4 ვარსკვლავიანი კონიაკები რუსული კონიაკის” სახელწოდებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსკოვში, პეტერბურგში და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში. სარაჯიშვილის კონიაკი უცხოურზე უფრო იაფი ღირდა.

1898 წელს სარაჯიშვილი თხოვნით მიმართავს დეპარტამენტს - დართონ ნება, რათა რუსეთის იმპერიის ბაზარზე გაეტანა 50-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელი: კონიაკი, არაყი, რომი და სხვა. სარაჯიშვილს ნება დაერთო, ხოლო სოლომონოვსა და ხუბლაროვს აეკრძალათ თავიანთი პროდუქციის ბაზარზე გატანა დაბალი ხარისხის გამო.

სარაჯიშვილის ფირმისთვის ღვინომასალები შემოჰქონდათ სხვადასხვა რაიონიდან, თბილისში კი მას საკონიაკე სპირტიდან ხდიდნენ, მაგრამ შორი რაიონებიდან ღვინომასალების თბილისში ჩამოტანა არ იყო მომგებიანი, ამიტომ 1895 წელს კონიაკის ქარხანა გადაეცა კონიაკის ცენტრალურ საწყობს თბილისში, სხვადასხვა რაიონში კი მუშაობა დაიწყეს ახალმა ქარხნებმა: ერევანში (1894 წ.), ყარაღაჯში (ბესარაბია, 1895წ.), ბარგუშეთსა და გოქჩაში (ბაქოს გუბერნია, 1901 წ.), ტარუმო-ვკაში (თერგის ოლქი, 1908 წ.), ელიზავეტპოლში (1915 წ.), ფრანკეს ყოფილ ქარხანაში.

ზემოაღნიშნული ქარხნები, საკუთარი პროდუქციის გარდა, სპეციალური პირებისა და აგენტების საშუალებით იძენდნენ როგორც ღვინომასალებს, ისე ხარისხოვან საკონიაკე სპირტს კერძო მწარმოებლებისგან.

სარაჯიშვილის ქარხნები აღჭურვილი იყო იმ დროის საუკეთესო აპარატურით. ყოველწლიურად უმჯობესდებოდა წარმოების ტექნიკა. ზემოაღნიშნული ქარხნებიდან სპირტი კასრებით ჩამოჰქონდათ თბილისში და ინახებოდა ცენტრალურ საწყობში, სადაც მათი ტექნოლოგიური დამუშავება და დაძველება ხდებოდა.

დ.ზ. სარაჯიშვილის ნატურალური კონიაკი, კონიაკის ეტიკეტი

1891 წელს სარაჯიშვილის ფირმის მიერ გამოშვებული იყო 107 ათასი ბოთლი კონიაკი, 1900 წლისთვის პროდუქციამ 218 200 ბოთლს მიაღწია. ეს ციფრები მეტყველებენ სარაჯიშვილის კონიაკის წარმოების მზარდ ტემპებზე.

სარაჯიშვილის ფირმა უშვებდა არა მარტო კონიაკს, არამედ სხვა ტიპის სპირტიან სასმელებსაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონიაკის ქარხნის გარდა 1889 წელს დავით სარაჯიშვილის ინიციატივით თბილისში მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა.

სარაჯიშვილის ფირმის პროდუქცია იგზავნებოდა საზღვარგარეთაც: პარიზში, ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, თავრიზში. კონსტანტინეპოლსა და ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებში, სადაც მაღალ შეფასებას აძლევდნენ ამ ნაწარმს.

სარაჯიშვილის ფირმის პროდუქცია საზღვარგარეთ გაჰქონდათ რუსეთის ცნობილ მეწარმეებს _ დეპრეს, არაბაჯს, სმირნოვს, ვოლბრუკსა და სხვ.

დავით სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფიკაციო, ერთი არყის, ერთი ლიქიორის, 7 კონიაკის ქარხნებს, მრავალრიცხოვან საწყობებს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, პეტროვსკში, ჩარჯოუსა და რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში.

სარაჯიშვილის ალკოჰოლურმა სასმელებმა დაიმსახურეს 11 მედალი (6 ოქროს, 4 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოსი) და ერთი დიპლომი (ოქროს მედალზე). ეს ჯილდოები კონიაკებსა და ლიქიორებს მიღებული ჰქონდათ ამიერკავკასიის, სრულიად რუსეთისა და მსოფლიო გამოფენებზე თბილისში, ნიჟნი ნოვგოროდში, ოდესაში, კიევში, პარიზში, პეტერბურგსა და ჩიკაგოში.

1902 წელს სპირტიანი სასმელების წარმოების განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის დავით სარაჯიშვილს მიენიჭა “კომერციის მრჩევლის” წოდება. 1913 წელს სარაჯიშვილის ფირმას მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება: „ Поставщик двораего Императорского Величества“.

სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და სამოქალაქო ომის დაწყებასთან ერთად შეწყდა. სარაჯიშვილის ფირმა გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

დაახლოებით 1920 წელს ფირმა “დ. ზ. სარაჯევი” დროებით დაიხურა და მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განაახლა მუშაობა.

სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა, რომელიც დღემდე ითვლება საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო საწარმოდ.

დავით სარაჯიშვილის დიდი დამსახურება ის არის, რომ იგი კონიაკისა და სპირტიანი სასმელების წარმოების წამოწყებაში ხედავდა არა მარტო ეკონომიკურ მოგებასა და მატერიალური დოვლათის დაგროვების წყაროს, არამედ კონიაკის წარმოების დაწყება მას დიდ საშვილიშვილო და საქვეყნო საქმედ მიაჩნდა.

ცნობილი ჟურნალისტი და გამომცემელი, გაზეთ “თემის” რედაქტორი გრიგოლ დიასამიძე აღნიშნავდა: _ “„მან შეჰქმნა პირველად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რუსეთში სამი სამრეწველო დიდი საქმე. ეს იყო კონიაკის, ლიქიორის და არყის გამოხდის საქმეები. ეს ისე ადვილი არ იყო. არავითარი გზა არ იყო გაკვალული“.”

მეტად საყურადღებოა ნოე ჟორდანიას მოგონება დავით სარაჯიშვილის შესახებ: - „... ვეჭვობ ყველამ იცოდეს, რომ ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპიული ტიპისა. ერთხელ მან მითხრა: ძნელია ჩვენში ეკონომიურად წინ წაწევა; როგორც კი ერთი ცოტაოდენ ქონებას შეიძენს, ასი მშიერი უკან დასდევს და სანამ არ გახრავენ, თავს არ დაანებებენო .ასეთ პირობებში მართლაც დიდი პრაქტიკული ნიჭია საჭირო, რომ ამ შემოსეულ ხროვას გაუძლო და შეძლება გონიერად მოიხმარო. დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა _ მისი შეძლებისგან არაფერი დარჩებოდა. მხოლოდ ევროპიელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც შეძლება არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურ-მარილი ევროპიულ საქმიანობასთან და მიიღებთ დ. სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპიელობა. და მე მგონია ქართველის გაევროპიელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს. როცა თვითეული ჩვენგანი ისწავლის ევროპიულ მუშაობას, ევროპიულ საქმიანობას _ და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ _ ჩვენი გაევროპიელება ფაქტი იქნება. დ. სარაჯიშვილი ქართველი ევროპიელი იყო.”

დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხნის კოლექტივი

სარაჯიშვილი ერთ-ერთ უმდიდრეს პიროვნებად ითვლებოდა მთელს კავკასიაში, მაგრამ მას მხოლოდ სიმდიდრის შეძენა არ ხიბლავდა, სიმდიდრე მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის არ მოუხვეჭია. დავითის ცხოვრებას ამშვენებდა სამშობლოს დიდი სიყვარული. იგი უძეო იყო, ამ დიდბუნებოვან ადამიანს ამის გამო თურმე ხშირად უთქვამს: - “რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილდღეოდ განსაწვრთნელი ჩემი შვილები არ არიანო.

ქველმოქმედება

დავით სარაჯიშვილი დიდი გულისყურითა და მფარველობით ექცეოდა ყველა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის სიყვარული და მიდრეკილება ჰქონდა.

შეკრებილთა მთავარ საზრუნავ და საკამათო საკითხს წარმოადგენდა ქართველი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საკითხი. პირველად სარაჯიშვილის ბინაზე გადაწყვეტილა, რომ დაეარსებინათ სტიპენდიები საზღვარგარეთ მივლინებული ქართველი ახალგაზრდებისთვის.

მან დააარსა სპეციალური კომიტეტი, რომელიც ავლენდა ნიჭიერ ახალგაზრდობას და მათ ყოველმხრივ უმართავდა ხელს რუსეთსა თუ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. საკმარისია დავასახელოთ დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტები: კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, მხატვრები მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, გრიგოლ მესხი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, პროფესორები ფილიპე გოგიჩაიშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, საქართველოს კათოლიკოსი კალისტრატე ცინცაძე და სხვები.

დავით სარაჯიშვილმა მთელი თავისი ქონება საქართველოს საზოგადოებრივ და ეროვნულ დაწესებულებებს დაუტოვა. მცირეოდენი შემოკლებით ანდერძი ასე გამოიყურება:

დავით სარაჯიშვილის ძეგლის ესკიზი. სახალხო გაზეთი. სურათებიანი დამატება, 1911 N81
1. წერა-კითხვის საზოგადოებისთვის დაუტოვებია 300 000 მანეთი შემდეგი პირობით. ამ ფულის ნახევარი უნდა მოხმარდეს ქართული ეროვნული მუზეუმის აგებას. მეორე ნახევარი კი _ სტიპენდიებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რუსეთში და საზღვარგარეთ. თვით ეს თანხა უნდა იყოს ხელუხლებელი, სტიპენდიებისთვის კი უნდა იხარჯებოდეს მარტო სარგებელი.
2. გარდაცვალების შემდეგ სამი წლის განმავლობაში უნდა ეძლეოდეს ყოველწლიური შემწეობა ყველა იმ სკოლებს, რომლებსაც ეძლეოდათ აქამდინ.
3. თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიას, სადაც სწავლა დაამთავრა განსვენებულმა, უანდერძა ერთდროულად 10 000 მანეთი.
4. აგრეთვე დაუტოვა 5000 მანეთი ერთდროულად თბილისის მართლმადიდებელთა სემინარიას.
5. განსვენებულს გამოუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე (ამჟამად ივ. მაჩაბელის ქუჩა), სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეია ანდა შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა ნახევარ მილიონამდეა. ადგილი და სახლი შეფასებულია 300 000 მანეთად; მოწყობილობა კი 100 000 მანეთზე მეტად.
6. არ დაივიწყა განსვენებულმა თავის ქარხნის მუშები და მოსამსახურეები. ყველა იმ მუშასა და ოსტატს, რომლებსაც უმსახურნიათ არანაკლებ ორი წლისა და რომლებიც პატრონის გარდაცვალების დროს სამსახურში იქნებიან, მან უანდერძა 25 000 მანეთი, ხოლო დანარჩენ მოსამსახურეებს - 100 000 მანეთი.

ეს უკანასკნელი სურვილი განსვენებულისა უტყუარად ამტკიცებს, თუ რაოდენ სიყვარულით და ყურადღებით იყო განმსჭვალული იგი მუშებისა და მოსამსახურეებისადმი. მართლაც, ვის არ სმენია ათასჯერ, თუ რა გულწრფელი თანაგრძნობით ბაასობდა ხოლმე იგი მუშების ინტერესების შესახებ. ყველამ უწყოდა, რომ მისი სიტყვა ცარიელი ლიტონი სიტყვა კი არ იყო, არამედ ნამდვილი ხორცშესხმული, რაიც დაამტკიცა კიდეც ახლა.”

დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1911 წელს 63 წლის ასაკში. მის სიკვდილს გლოვობდა მთელი ქართველი საზოგადოება. დავითის ცხედართან გამოსათხოვებლი სიტყვა თქვა დიდმა აკაკიმ: _ “ „მთელ საქართველოში კიდით-კიდემდე ზარის ხმად გაისმის დათიკოს სიკვდილი....საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, ძმაო დათიკო, ჩვენ რომ ვერ დაგივიწყებთ, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობაც და ყოველ ეროვნულ საქმის დროს, შენც, როგორც თანამოაზრე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი...““.

დავით სარაჯიშვილი დიდუბის პანთეონში განისვენებს.

წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

იხილე აგრეთვე

დავით სარაჯიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები