სარდლობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარდლობები - ჯარების (ძალების) ორგანიზაციის ფორმა სტრატეგიული და ოპერატიული მასშტაბით. სამხედრო მართვის ორგანოები, რომლებიც აერთიანებენ ჯარების (ძალების) დაჯგუფებებს საომარი მოქმედებების თეატრზე, ზონაში (რეგიონში), სტრატეგიულ (უფრო იშვიათად - საოპერაციო) მიმართულებებზე. იქმნება მუდმივ ან დროებით საფუძველზე.

სარდლობებში, რომლებიც სტრატეგიულ ამოცანებს ასრულებენ, შედის რეგიონული სარდლობები ისინი მოიცავენ შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობების გაერთიანებებს და შენაერთებს. ოპერატიული სარდლობები შედგება შეიარაღებული ძალების ერთი ან რამდენიმე სახეობის შენაერთების და ნაწილებისაგან, ასევე ჯარების (ძალების) გვარეობების და სპეციალური ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფებისაგან.

არსებობს აგრეთვე შეიარაღებული ძალების სახეობების (სახმელეთო ჯარების, ავიაციის, ფლოტის) სარდლობები, რომლებიც შექმნილია ტერიტორიული და ფუნქციური პრინციპის მიხედვით, მაგრამ არ წარმოადგენენ გაერთიანებებს.

პირველად სარდლობები გაჩნდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში 1936 წელს; II მსოფლიო ომის დროს შეიქმნა დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. ომის შემდეგ სარდლობები ჩამოყალიბდა სხვა, უწინარეს ყოვლისა, ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში. თვით ნატოს ფარგლებში შეიქმნა ორი სტრატეგიული (უმაღლესი) სარდლობა ევროპასა და ატლანტიკაში, მათ დაექვემდებარა მთავარი სარდლობა საომარი მოქმედების თეატრში.

ნატოს სახელმწიფოებს შორის სარდლობებმა ყველაზე მეტი გავრცელება პოვა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, სადაც ოპერატიული ორგანიზაციის ხაზით შექმნილია 7 გაერთიანებული და 2 სპეციალური სარდლობა, რომლებიც წყვეტენ სტრატეგიულ (ოპერატიულ) ამოცანებს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ინტერესებისათვის. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სახეობებში შექმნილია ძირითადი (საბრძოლო), დამხმარე (უზრუნველყოფის) და სარეზერვო სარდლობები. დიდ ბრიტანეთში სარდლობები არის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობაში, გერმანიაში - სამხედროსაჰაერო ძალებსა და ტერიტორიულ ჯარებში, საფრანგეთში - სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სამხედრო-საზღვაო ძალებში.

სარჩევი

ავიაციის სარდლობები

სტრატეგიული ან ოპერატიული გაერთიანება ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო და ნატოს ძალებში; სამხედრო-საჰაერო ძალების ამა თუ იმ სახეობის უზრუნველყოფის ნაწილების, დაწესებულებების და სამსახურების ერთობლიობა. მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ავიაციის სარდლობები იყოფა საბრძოლოდ (ბირთვულ-სარაკეტო დარტყმების მისაყენებლად, საჰაერო ოპერაციების, ჯარებთან და ფლოტის ძალებთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედების მოსაწყობად) და დამხმარედ (მფრინავების და ტექნიკოსების კადრების მომზადების, ლოგისტიკის უზრუნველყოფის, სარაკეტო და საავიაციო ტექნიკის შემუშავების ხელმძღვანელობისათვის).

ნორადი

აშშ-კანადის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული (კოალიციური) სარდლობები (ნორადი), განკუთვნილია სტრატეგიული თავდაცვითი ძალების (რაკეტსაწინააღმდეგო, კოსმოსსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები სახმელეთო ჯარების და სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობიდან) საბრძოლო მოქმედების ხელმძღვანელობისათვის. შედგება აშშ-ის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის, კანადის ძალების და საშუალებების ნაწილის სარდლობებისაგან. ნორადის სარდლობა წარმოადგენს აშშ-ისა და კანადის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობას.

გაერთიანებული კოსმოსური სარდლობები

აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსური ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის ორგანო. შეიქმნა 1985 წელს სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების კოსმოსური სარდლობების ბაზაზე. გაერთიანებულ კოსმოსურ სარდლობებს ეკისრება კოსმოსური დოქტრინისა და კოსმოსში საბრძოლო მოქმედების წარმოების ხერხების შემუშავება, ორბიტაზე სამხედრო კოსმოსური სისტემების მართვის ამოცანები. ასევე კოსმოსური სისტემების კვლევის, შემუშავების და წარმოების ხელმძღვანელობა, კოსმოსური სივრცის სამხედრო მიზნით გამოყენების სხვა ამოცანები.

გაერთიანებულ კოსმოსურ სარდლობებს ოპერატიულად ექვემდებარება შეიარაღებული ძალების სახეობების კოსმოსური სარდლობები, რომლებიც უშუალოდ წყვეტენ ამ ამოცანებს თავიანთი სახეობის ფარგლებში.

გაერთიანებული სარდლობები

სახეობათაშორისი უმაღლესი გაერთიანებები (მართვის ორგანოები) აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. გაერთიანებული სარდლობები მოიცავს შეიარაღებული ძალების ორი და მეტი სახეობის გაერთიანებას და შენაერთებს. მისი მთავარსარდლები შტაბების უფროსთა კომიტეტის მეშვეობით ექვემდებარებიან აშშ-ის თავდაცვის მინისტრს. გაერთიანებული სარდლობების შემადგენლობაში შემავალი გაერთიანებები (შენაერთები) გამოყვანილი არიან შეიარაღებული ძალების სახეობების ოპერატიული დაქვემდებარებიდან.

გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობები

ნატოს გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული (უმაღლესი ტაქტიკური) გაერთიანება. განკუთვნილია საჰაერო ოპერაციებისთვის, აგრეთვე გაერთიანებულ სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედების წარმოებისათვის. შედგება ნატოს ქვეყნების მიერ გაერთიანებული სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობისთვის გამოყოფილი და ეროვნული ტაქტიკური ავიაციის სარდლობაში შეყვანილი ტაქტიკური ავიაციის შენაერთებისაგან (ნაწილებისაგან).

ცენტრალური ევროპის საომარი მოქმედების თეატრზე ჩამოყალიბებულია II გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ, ბელგია, ნიდერლანდი) და IV გაერთიანებული ტაქტიკური საავიაციო სარდლობა (აშშ, კანადა, გერმანია);

სამხრეთ ევროპის საომარი მოქმედების თეატრზე - V სარდლობა (აშშ და იტალია) და VI სარდლობა (საბერძნეთი, თურქეთი, აშშ).

დამრტყმელი სარდლობები

აშშ-ის სახმელეთო ჯარების და შეიარაღებული ძალების ტაქტიკური ავიაციის გაერთიანება, რომელიც განკუთვნილია საბრძოლო მოქმედების წარმოებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით. შეიქმნა 1961 წელს. XX საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს გარდაიქმნა მზადყოფნის ჯარების გაერთიანებულ სარდლობად, რომლის შემადგენლობაშიც მოგვიანებით შევიდა XX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს შექმნილი სწრაფი რეაგირების ძალების სარდლობა.

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობები

აშშ-ის სახმელეთო ჯარების (არმიის) ლოგისტიკის ცენტრალური ორგანო. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა სახეობის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საშუალებებით სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფაზე. სარდლობა ასევე ტექნიკურ მომსახურებას უწევს ევროპაში განლაგებულ აშშ-ის ჯარებს. იგი მოიცავს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პოლიგონებს, სამხედრო ქარხნებსა და სარემონტო სახელოსნოებს, საწყობებს, არსენალებს, რომლებიც გაერთიანებულია 11 სპეციალურ სარდლობაში.

სამხედრო-საზღვაო სარდლობები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანო. დაკავებულია ფლოტის ძალების საბრძოლო მომზადების და ბაზირების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, პირადი შემადგენლობის მომზადების საკითხებით. მასში შედის შტაბი, სანაპირო დაწესებულებები და სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო ცენტრები, აგრეთვე ფლოტის რეზერვის მტრალავების დივიზიონი, სამხედრო-საზღვაო ძალების დამხმარე სამსახურის ძალები და საშუალებები, რომლებიც სამ სამხედრო-საზღვაო რაიონს (პორტსმუტის, პლიმუტის, შოტლანდიის) შორის არის განაწილებული.

სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო სარდლობები

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეციალური სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია გლობალური მასშტაბით ჯარების და ტვირთის საჰაერო გადაზიდვებზე, ასევე საომარი მოქმედების თეატრის ფარგლებში - საჰაერო დესანტის გადასროლაზე (გადასხმაზე), დაჭრილების ევაკუაციაზე, მატერიალური საშუალებების მიწოდებაზე, სამაშველო-საძიებო ოპერაციების წარმოებაზე და სხვა. მასში შედის 3 საჰაერო არმია, მეტეოროლოგიური და კინოფოტოგრაფიული სამსახურები და სატრანსპორტო-სამედიცინო ავიაფრთა.

საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობები

უმაღლესი ოპერატიული ორგანო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც ეკისრება აშშ-ის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ყველა ამოცანა; ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის შემადგენელი ნაწილი. ასრულებს საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის მთელი ძალების მართვის ფუნქციას.

სარდლობას ოპერატიულად ექვემდებარება საჰაერო თავდაცვის დივიზია, ბირთვულ-სარაკეტო დარტყმის შესახებ გაფრთხილების, კოსმოსური სივრცის კონტროლის ცალკეული ესკადრილიები, სამმართველოები და დამხმარე ნაწილები. ძალების და საშუალებების ძირითადი დაჯგუფება განლაგებულია კანადის და აშშ-ის ტერიტორიაზე. გაფრთხილებისა და კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემების ცალკეული საშუალებები განლაგებულია დიდ ბრიტანეთში, გრენლანდიასა და სხვა ქვეყნებში.

სპეციალური სარდლობები

აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებული სარდლობისაგან განსხვავებით შედის შეიარაღებული ძალების მხოლოდ ერთი სახეობის - სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთები და ნაწილები. სპეციალურ სარდლობებს წარმოადგენს სტრატეგიული ავიაციისა და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობა. იქმნება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და ექვემდებარება მას თავდაცვის სამინისტროს და შტაბების უფროსთა კომიტეტის მეშვეობით.

1992 წელს სტრატეგიული ავიაციის, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის და ტაქტიკური ავიაციის სარდლობების ბაზაზე შეიქმნა საბრძოლო-საავიაციო და საჰაერო გადაზიდვების სარდლობები.

სტრატეგიული საავიაციო სარდლობები

სპეციალური სარდლობები, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში მნიშვნელოვანი სამხედრო და სამრეწველო ობიექტების, აგრეთვე ჯარების და ფლოტის ძალების საავიაციო მხარდაჭერისთვის, ჰაერში თვითმფრინავების კმაგაწყობის, საჰაერო დაზვერვის წარმოებისათვის.

სტრატეგიული საავიაციო სარდლობები შექმნილია აშშ-ის და საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში. აერთიანებენ ეროვნული ბირთვული ძალების ორ კომპონენტს: სახმელეთოს და საჰაეროს. აშშ-ის სტრატეგიულ-საავიაციო სარდლობებში შედის 2 საჰაერო არმია, ცალკეული (სასწავლო) საჰაერო-კოსმოსური დივიზია და უზრუნველყოფის ნაწილები.

ტაქტიკური საავიაციო სარდლობები

რამდენიმე სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის გაერთიანება. ჩვეულებრივ, მოიცავს ტაქტიკური ავიაციის ფორმირებებს, სპეციალური და ლოგისტიკის უზრუნველყოფის შენაერთებს და ნაწილებს. განკუთვნილია ჯარებთან და ფლოტის ძალებთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის.


ტერიტორიული სარდლობები

გერმანიის ტერიტორიული ჯარების მართვის სისტემის მთავარი რგოლი. 1969 წელს ჩამოყალიბდა სამი ტერიტორიული სარდლობა: „ჩრდილოეთი“, „სამხრეთი“ და „შლეზვიგ-ჰოლშტაინის“ მხარისა, რომლებიც ექვემდებარება ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების ინსპექტორს (სარდალს).

ტერიტორიული სარდლობების პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს 1-3 სამხედრო ოლქის ტერიტორიას და შეესაბამება ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის საოპერაციო ზონას ევროპის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ საომარი მოქმედებების თეატრებზე. მშვიდობიანობის დროს ტერიტორიული სარდლობები ახორციელებენ ტერიტორიული ჯარების ზოგად ხელმძღვანელობას და მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ომიანობის დროს – ტერიტორიული ჯარების მობილიზაციას, სახმელეთო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფას, სამხედრო ობიექტების დაცვას ზურგში და კომუნიკაციების აღდგენას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებს და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები